თეატრი

ჩრდილების თეატრი

რუსთაველის თეატრში, ეზოს მხრიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან თუ შეხვალთ და კიბეებს აუყვებით, დერეფანში აღმოჩნდებით. აქ რამდენიმე კარია. ერთი მთელი დღის განმავლობაში ღიაა. შესვლისთანავე რაც თვალში მოგხვდებათ, დიდი, თეთრი ეკრანია. ეს, ქართული ჩრდილების თეატრის სარეპეტიციო ადგილია.

ჩრდილების თეატრი ვიზუალური ხელოვნების უძველესი ფორმაა. ის თანამედროვე სახით 1500 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. თუმცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში, ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ადამიანები, კედლებზე საკუთარი სხეულით თუ სხვადასხვაგვარი ფიგურებით ჩრდილებს გამოსახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ადრეული ფორმა „წარმოდგენის”, რომელმაც ფესვები აზიაში, კერძოდ – ინდოეთსა და ჩინეთში გაიდგა. დღეს ამ ქვეყნებში სპექტაკლის სიუჟეტები, ძირითადად, ტრადიციულ კულტურასთანაა შერწყმული და ადგილობრივ ფოლკლორს, ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა. დროთა განმავლობაში თეატრის ეს სახეობა სხვადასხვა სახით თურქეთში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ბოლოს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა.

ძირითადად გავრცელებულია მარიონეტების ჩრდილების თეატრი, რომელშიც მუყაოსგან, ხისგან, პლასტმასისგან და ბუმბულისგან დამზადებული ბრტყელი ფიგურები გამოიყენება. სპექტაკლისთვის სულ სამი დეტალია საჭირო: თეთრი ეკრანი, ძლიერი განათება ჩრდილის მკვეთრად გამოსავლენად და ჯოხზე დამაგრებული ფიგურები, რომლებსაც მსახიობები მართავენ. ქართულ ჩრდილების თეატრშიც ტრადიციული ეკრანი და განათება გამოიყენება, მაგრამ ფიგურებს მსახიობები ანაცვლებენ – მთავარ როლში, არც მეტი, არც ნაკლები, მათი ხელებია.

განათება ჩართულია. თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმანეთს 11 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ, ხელების მოძრაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან. ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა” – ქართული ხელის ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა ტაატითა და ჭრიალით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. 1982 წელს ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის გელა კანდელაკის მიერ შექმნილი თეატრის თავდაპირველი იდეა ხომ სწორედ ამ ტრანსპორტით საქართველოს ყველაზე ძნელად მისაღწევ სოფლებში მოგზაურობასა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაში მდგომარეობდა. მთავარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, საჭირო რეკვიზიტის შეძენა ვერ მოხერხდა და ამიტომაც ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო. ბევრი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობებმა ჩრდილებით ექსპერიმენტებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ჩრდილს არანაკლები გამომსახველობითი უნარი აქვს, ვიდრე თოჯინას ან მარიონეტს.

„თეატრის მსახიობები თითქოს თავისუფალი არიან დრამატული თეატრის მსახიობის სხეულისგან, მატერიისგან. ისინი ხომ მხოლოდ ჩრდილების სახით ჩნდებიან მაყურებლის წინაშე. ამავე დროს, ტრადიციული ჩრდილების თეატრის გმირებისგან განსხვავებით, მათ სული აქვთ, რადგან ადამიანის ხელის ჩრდილები არიან და არა მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები. ჩვენს წარმოდგენებზე გაწეული შრომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლზე მუშაობისგან. ამავე დროს, ჩემი აზრით, ამ თეატრში მუშაობა უფრო რთულია, რადგან საკუთარი ემოციების გადმოსაცემად მინიმალური საშუალებები გაქვს. ვერ იყენებ ემოციის გამოხატვის მთავარ იარაღს – თვალებს, მიმიკას. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმ როლზე, რომელსაც ასრულებ. ეკრანი მცირე ზომისაა. თითოეული მილიმეტრი გათვლილია. თუ სპექტაკლზე სამსახიობო დასს ერთი წევრი მაინც აკლია, წარმოდგენა ვერ იმართება. ჩვენ არ გვყავს დუბლიორები. როდესაც მსახიობი დასს ტოვებს, ახალმოსულს „გასახსნელად” წელიწადიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც დიდი დრო სჭირდება. აქ რომ მოდიხარ, ხელში სხვა შეგრძნებები გიჩნდება”, – ჰყვება თეატრის მსახიობი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჭიტაძე.

ჩრდილების თეატრმა შექმნის დღიდან სამი დასი გამოიცვალა. პირველ თაობას არაპროფესიონალი მსახიობები წარმოადგენდნენ, რომლებიც დღისით საკუთარი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, საღამოებს კი თეატრში მუშაობას უთმობდნენ. დებიუტი 1991 წელს საფრანგეთში შედგა, ფესტივალზე Les Semaines De La Marionette A Paris, სპექტაკლით „დათვის ბელის, ლაზარეს, თავგადასავალი”, რომელსაც ახლაც დგამენ და „წელიწადის ოთხი დრო” ჰქვია. წარმატებული დებიუტის შემდეგ ბევრი მიწვევა მიიღეს. 1993 წელს შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ საერთაშორისო ფესტივალზე Pippetry, 1995-ში კი გერმანიის ქალაქ შვაბიშ-გმუნდში გამართულ ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ. პირველი დასი მსახიობების მოუცლელობის გამო მალევე დაიშალა. ბოლო წარმოდგენა 1998 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალზე გაიმართა. მანამდე კი გელა კანდელაკმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონი მოიარა და სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შეარჩია. ჩრდილების თეატრის ახალი დასი მაყურებლის წინაშე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს წარდგა. ამავე პერიოდიდან თეატრის სახელწოდებას „გაგრა” დაემატა.

„თეატრმა შემოთავაზებები Warner Brothers-ისგანაც მიიღო. წარმოდგენა სტადიონზე უნდა გამართულიყო, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე. ბატონმა გელამ უარი განაცხადა, რადგან ჩვენი სანახაობა არ არის დიდ მასშტაბზე გათვლილი. ახლა სპექტაკლებს ორ კვირაში ერთხელ ვატარებთ, შაბათობით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. დარბაზი მხოლოდ 300 სტუმარს იტევს. აქ წარმოდგენებს მას შემდეგ ვმართავთ, რაც 2010 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მოგვენიჭა. ახლა ჩვენ მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ადამიანებმა იციან რა არის „ბუდრუგანა-გაგრა”. მანამდე თოჯინების თეატრის სხვენზე ვმუშაობდით, სადაც წვიმის დროს გაჩერება შეუძლებელი იყო. თუმცა ის, რომ ჩვენ ვარსებობთ, სწორედ თოჯინების თეატრის დირექციის დამსახურებაა. 14 წლის განმავლობაში იქ ვატარებდით რეპეტიციებს სრულიად უსასყიდლოდ”.

ამჟამად „ბუდრუგანა-გაგრას” რეპერტუარში ორი წარმოდგენა აქვს. ესენია „წელიწადის ოთხი დრო” და „რა საოცარი დღეა”. პირველ სპექტაკლში დათვის ბელის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები საკუთარ თავს დაინახავენ, უფროსები კი წარმოდგენის ნახვისას ბავშვობას გაიხსენებენ. სპექტაკლს „რა საოცარი დღეა” ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ცნობილი სიმღერა – Isn’t This A Lovely Day დაედო საფუძვლად. ნამუშევარი ხსენებული მუსიკოსების სიყვარულის ისტორიას ეხება. თუმცა, ისინი პირობითი პერსონაჟები არიან. წარმოდგენა ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს და სულის უკვდავებას ასახავს. გელა კანდელაკის თქმით, ეს სპექტაკლი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ტკივილი განუცდია.

„როდესაც სამიზნე აუდიტორიის შესახებ გვეკითხებიან, ხუმრობით ვპასუხობთ – 4-დან 104 წლამდე. ჩვენი სპექტაკლები მოსაწონია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. არცერთი წარმოდგენა არ არის სტატიკური. ყველაფერი მუდმივად ცვლილების პროცესშია. როდესაც დასში ახალი მსახიობი მოდის, საკუთარი ინდივიდუალიზმი შემოაქვს. რა თქმა უნდა, შინაარსი იგივე რჩება, იცვლება დეტალები. სცენარის ავტორი და რეჟისორი გელა კანდელაკია, თუმცა მუშაობის პროცესში მსახიობებიც ვერთვებით და საბოლოო პროდუქტს ერთობლივად ვქმნით. თეატრის სპეციფიკა მხოლოდ სპექტაკლები არაა. ძალიან ხშირად ვებმებით მულტიმედიურ წარმოდგენებში და ამ პროფილის რამდენიმე ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა”.

გელა კანდელაკი და ჩრდილების თეატრის მსახიობები მხატვრულ, ანიმაციურ და დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობენ. კინოსტუდია აფხაზეთთან და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა კვალი XXI-სთან თანამშრომლობით შექმნილი აქვთ სურათები „გრავიტაცია”, „ხუთი ვარიაცია”, „ახალი წელი” და სხვა. ერთ-ერთმა ფილმმა „ხმელეთის 0.047%” საფრანგეთში, სორეზის კინოფესტივალზე გრანპრიც კი მიიღო. საპრემიერო ჩვენებები გერმანიასა და ლიტვაშიც შედგა. სურათის ავტორთა მთავარი მიზანი ქართული კულტურის შეცნობა და მისი, როგორც ევროპული კულტურის ორგანული ნაწილის, წარმოჩენაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ანიმაციურ ფილმებზე „ვან გოგის უკანასკნელი წერილი” და „ვეფხი და მოყმე”.

„მომავალი სეზონისთვის ვგეგმავთ სპექტაკლის პრემიერას სულხან-საბა ორბელიანის იგავების, სიტყვათა განმარტებების და ქადაგებების მიხედვით. 2012 წელს მონაწილეობას ვაპირებთ გერმანიაში, ქალაქ შვაბიშ-გმუნდში ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. უცხოეთში ჩვენს წარმოდგენებს მუდამ აღფრთოვანებით ხვდებიან და მსოფლიო საგანძურადაც მოიხსენიებენ. თეატრის უნიკალურობა ისაა, რომ მხოლოდ ხელის ჩრდილებით გათამაშებული წარმოდგენა – თავისი ღირებულებით და მასშტაბით, დრამატულ სპექტაკლს უდრის. სამწუხაროა, რომ ჩვენი თავდაპირველი სურვილი, მოგვევლო რეგიონები, ბავშვებისთვის წარმოდგენები ჩაგვეტარებინა და სიხარული მიგვენიჭებინა, ბოლომდე ვერ სრულდება. ეს ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. თუმცა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მაინც ვახარებთ. როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ვხედავთ, მოტივაცია და ენერგია გვემატება”.

კომენტარები