მუსიკა

ხატია ბუნიათიშვილი – ვალსი მეფისტოფელთან

0 კომენტარი

მართალია, ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ უკვე მომავლის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი სამართლიანად უწოდეს. იგი რისკს არ უშინდება. მაგალითად, „Tempest” სონატას ალეგროს უშიშრად გაუმკლავდა, ხოლო პიანისიმოს დროს პედლები გამოიყენა, რითაც ამ ისედაც რევოლუციური მუსიკის ხელახალი გადაფასება მოითხოვა.

The Guardian

„ვირტუოზული ტექნიკა მას საშუალებას აძლევს, ენერგია და სიზუსტე ისე შეახამოს, როგორც ამას მხოლოდ არგერიხი ახერხებდა. მართლაც, ეს იყო ლისტის სონატის პირველი ყველაზე ამაღელვებელი შესრულება 1960 წლის შემდეგ, როდესაც არგერიხმა ეს ნაწარმოები დაუკრა. ინტელექტუალური ძალა მას საშუალებას აძლევს ვერცხლის წყლის სისწრაფით შეცვალოს ამ ნაწარმოების ტემპი, სიმძიმე და სიჩქარე. მისი ალეგროები გაჯერებულია ფაუსტური თავგასულობით. მისი Liebestraum-ი მარგარიტას სიწმინდეს ასხივებს, ხოლო მეფისტოს ვალსში იგრძნობა როგორც ძალა, ასევე სიმსუბუქე, რომელსაც მხოლოდ მეფისტოფელური შეიძლება უწოდო. მას ლისტის შესასრულებლად ორი აუცილებელი თვისება აქვს: არასდროს ურტყამს თითებს კლავიშებზე ორმაგი ფორტეს დროს და მისი აღებული თითოეული ბგერა მარტივად თუ არა, მინიმუმ, როგორც გარდაუვალობა, ისე ჟღერს. მოკლედ, ეს ტრიუმფია”, – წერდა გასულ წელს Limelight Magazine ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული ლისტის ნაწარმოებების მიმოხილვისას.

ხატიამ ოცდაოთხი წლის ასაკში დიდ წარმატებას მიაღწია. ის უკვე ათ წელზე მეტია, ევროპის ქვეყნებში, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე კონცერტებს მართავს. მისი სახელი ისეთ ცნობილ დარბაზებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა: უიგმორ ჰოლი ლონდონში, საკონცერტო დარბაზი (Musikverein) ვენაში, კარნეგი ჰოლი ნიუ იორკში, აუდიტორიუმი ლუვრში, მონაკოს ოპერა და ა.შ. ამასთან, ის BBC-ის ახალი თაობის არტისტია. მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.

სახელგანთქმულმა მევიოლინემ, გიდონ კრემერმა მას თელავივში კონკურსზე მოუსმინა 2008 წელს. ხატიამ მესამე პრემია აიღო. „არ მიაქციო ამას ყურადღება, თავის დროზე, ბრიუსელის კონკურსზე მეც მესამე პრემია ავიღე”, – უთხრა კრემერმა და ახალგაზრდა შემსრულებელთან ტურნე დაგეგმა.

„მასზე საუბარი ადვილიცაა და ძნელიც, – ამბობს ცნობილი ქართველი პიანისტი და პედაგოგი, თენგიზ (გიზი) ამირეჯიბი, – გარდა იმისა, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია და სუფთა მუსიკალური მონაცემები აქვს, ყველაფერში საინტერესოა – აზროვნებს სხვანაირად, არაორდინარულია. მიდგომაც ასეთი სჭირდება”...

პარიზის ორკესტრის დირიჟორი, პაავო იარვი უფრო შორს მიდის და ქართველ პიანისტს პოეტს და სასწაულმოქმედს ადარებს: „მას ჯადოსნური შეხება აქვს”, – ამბობს ის საფრანგეთის პირველ არხთან საუბრისას. სხვები ფორტეპიანოს დედოფალს უწოდებენ. ხატიას ვირტუოზული ტექნიკა გულგრილს არავის ტოვებს. თუმცა პიანისტი ამ სიტყვის ხსენებაზე შეცბუნებას ვერ მალავს. აშკარაა, რომ არც საუბარი მოსწონს ამაზე – „ტექნიკა მაძლევს თავისუფლებას, გამოვხატო აზრი ისე, როგორც მსურს. ეს არის და ეს”. მართლაც, ხატიასთვის ტექნიკა მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც მსმენელი პიანისტის ცეცხლოვან ემოციას და ქარიზმას შეიგრძნობს.

როგორც უნდა უფრთხოდეს ხატია იარლიყებს, ერთი რამ მაინც ძალიან თვალშისაცემია – ის გამორჩეულად გაბედული პიანისტია. ამასთან, სხვებისგან კიდევ ერთი რამ განასხვავებს – ხატიას მიმართ არ არსებობს ნელთბილი დამოკიდებულება. კრიტიკოსებს ის ან

გენიოსად, ფენომენალურ მოვლენად მიაჩნიათ და მარტა არგერიხს ადარებენ ან ამბობენ, რომ ასე დაკვრა არ შეიძლება, რომ ის ყველანაირ წესს არღვევს. ამაზე ხატიას საკუთარი მოსაზრება აქვს – თვლის, რომ ოცდამეერთე საუკუნეს რისკი აკლია. „აი, ხომ ხედავთ, ახლა კლასიკურ მუსიკას ძირითადად ასაკოვანი ხალხი უსმენს, იმიტომ, რომ ყველაფერი გაფერმკრთალებულია, პიანისტებს ურჩევნიათ არსებულ ჩარჩოში დარჩნენ, ვიდრე გარისკონ... დღეს აზიური სკოლა ითვლება ყველაზე ძლიერად, მაგრამ არ მომწონს მათი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ, რადგან იმიტაციის ფენომენალური უნარი აქვთ, შეუძლიათ აიღონ არგერიხის დისკი და ზუსტი ასლი გაგიკეთონ. ეს შეუძლიათ და ამას აკეთებენ. მე, ამის სურვილი არასდროს მქონია”.

მაშინ როდესაც შვეიცარიული გამოცემა Le Temps მას „ველური ხელების” პატრონს უწოდებს, Guardian-ი ბუნიათიშვილს მომავლის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტად მოიხსენიებს. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ის განსაცვიფრებელ რისკზე მიდის ფორტეპიანოსთან და ტემპს უგულებელყოფს. ვარსკვლავის პედაგოგი, გიზი ამირეჯიბი, აღიარებს, რომ წინააღმდეგია ტემპის იგნორირების, თუმცა ხატიას შემთხვევაში ეს ახალგაზრდა სისხლის დუღილის დამსახურება ჰგონია და ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად პიანისტი კალაპოტში ჩადგება.

მოსწავლეს კი თავისი თეორია აქვს:

„მეტრონომი ადამიანის პულსის მიხედვით შეიქმნა. დღეს ჩვენ ვიცით – თუ წერია სამოცი, უნდა დავუკრათ სამოცით. საქმე კი ისაა, რომ ადრე ვერ წერდნენ დისკზე, წერდნენ ნოტებით და აწერდნენ ტემპს. ეს იყო ტემპის გამოხატვის ერთადერთი საშუალება. დღეს ეს ასე აღარ არის. მე არ ვთვლი, რომ თავი მიწერილი ტემპით უნდა შევიზღუდო. ვფიქრობ, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი პულსი აქვს, აქედან გამომდინარე, ტემპი ძალიან ინდივიდუალურია. ამაზე მუდმივად მეკამათებიან – რატომ ასე ჩქარა... შეიძლება ვიღაცამ დაუკრას ნაკლებად სწრაფად, ნაკლებად ხარისხიანად, და უფრო დააფასონ, რადგან ურჩევნიათ ყველაფერი „ნორმალური” და „დალაგებული” იყოს. არადა, ჩემთვის ამ მომენტში შეიძლება ალეგრო იყოს მისაღები და ხვალ სხვა რამ. მარტივია, პულსიც ხომ იცვლება. არ ვთვლი, რომ როცა ტემპზე მაკრიტიკებენ, უნდა გავითვალისწინო”.

პიანისტის მიდგომა კრიტიკოსებს შეუმჩნეველი არ რჩებათ – ყველა აღნიშნავს, რომ სცენაზე ის ხასიათის მიხედვით იმპროვიზირებს და დირიჟორებს გამოწვევის წინაშე აყენებს.

ალეგრო ის ტემპია, რომლითაც ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა განვითარდა. თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან მუსიკა მის ცხოვრებაში გაცილებით ადრე გაჩნდა. სულ ერთი-ორი წლის ასაკში, ის უფროს დასთან გვანცასთან და დედასთან ერთად მრავალხმიან სიმღერებს მღეროდა. დაკვრა ოთხი წლისამ დაიწყო. ჯერ სმენით უკრავდა, ერთი წლის შემდეგ – ნოტებით. ხოლო ექვსი წლისამ უკვე ორკესტრთან ერთად დაუკრა კონცერტზე. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მუსიკასთან დაკავშირებული პირველი ძლიერი ემოცია სულ სხვა დღეს უკავშირდება – როდესაც მოცარტის რეკვიემი მოისმინა. ამის შემდეგ დედას ჯერ მოცარტის საუკეთესო კომპოზიციების ნაკრების აუდიოკასეტა, შემდეგ კი მთელი რეკვიემის ჩანაწერი მოატანინა და დასთან ერთად, რიტუალივით, ყოველ ღამე, დაძინებამდე უსმენდა. „ჯერ დიდ დიღომში ხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი, მესამე კლასიდან ათწლედში გადმომიყვანეს, ესმა ქირიასთან. ამას მოჰყვა უფრო დაძაბული და არასასიამოვნო პერიოდი, როცა სულ მასტერკლასები და კონცერტები ტარდებოდა, თუმცა რაც უნდა ცუდი შთაბეჭდილებები მიმეღო, ყველაფერი გამოცდილებაში გადაიზარდა. თავიდანვე თავისუფლებას შევეჩვიე. იმ პერიოდში მასწავლებელი არ მყავდა, მარტო მასტერკლასებზე დავდიოდი და ჩემით მიწევდა მუშაობა. ერთი მხრივ, ეს სასარგებლო აღმოჩნდა – ზოგიერთი, რაც უნდა კარგი პედაგოგი ჰყავდეს, იმდენად ეჩვევა, რომ მერე ვეღარ გამოდის მოსწავლის მდგომარეობიდან. ტექნიკა აქვს, მაგრამ დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის შექმნა უჭირს, იმიტომ რომ თავდაჯერება აკლია და შინაგანი თავისუფლება არ აქვს. მე ეს არასოდეს გამჭირვებია”.

თუმცა მიიჩნევს, რომ თავისუფლების მოთხოვნილება ვისაც აქვს, იმას ვერავინ შეზღუდავს:

„ადამიანმა შეიძლება მორჩილებაშიც იპოვოს თავისუფლება. ამავდროულად, თავისუფლებაა, რომ რჩები ყოველთვის მოწაფედ, ვინც მუდმივად რაღაცას შეისწავლის არა მარტო საკუთარი გამოცდილებიდან, არამედ სხვებისგან. როცა არ გაქვს შიში, რომ ვიღაცის მორჩილებაში გადავარდები. დირიჟორთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო, რადგან ეს ძალაუფლებისთვის თამაშია. ვიცი, რომ

დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალის იმიჯი მაქვს, რომელმაც იცის რა უნდა და უკრავს იმას, რასაც უნდა. მაგრამ, თბილისში რომ ჩამოვედი, გიზი მოვიყვანე რეპეტიციაზე, იმიტომ რომ მას შენიშვნის მოცემა არ ერიდება. შეიძლება შერცხვე, იმიჯი შეგელახოს, მაგრამ იცით რამხელა თავისუფლებაა იმის შეგრძნება, რომ ამის არ გეშინია? ანუ ჩემთვის თავისუფლება ისაა, როცა გაქვს სათქმელი და ამას თავისუფლად გამოხატავ. არ გეშინია, რომ სხვებისგან მიიღო კრიტიკა და ზოგჯერ გაითვალისწინო ის”.

დირიჟორს რა ადგილი უჭირავს? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეწყობოდეთ ერთმანეთს?

ადრე რეპეტიციებს მეტ დროს უთმობდნენ, ახლა გვაქვს მაქსიმუმ ორი რეპეტიცია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნო, როგორც მუსიკალური პიროვნება. ურთიერთობა ან ძალიან შეხმატკბილებული გამოდის და ეს ძალიან სასიამოვნოა, ან პლუს-მინუსი – ერთმანეთს ვეხეთქებით. გარკვეული ხიბლი ამასაც აქვს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში კონცერტი ბრძოლას ჰგავს, რომელიც ორკესტრსა და სოლისტს შორის ვითარდება. გარდა დირიჟორისა, ორკესტრიც უმნიშვნელოვანესია. ხშირად ხდება, რომ მუსიკოსებმა მხოლოდ თავიანთი პარტია იციან და დანარჩენებს არ უსმენენ. მე ამის დიდი მოწინააღმდეგე ვარ, რადგან პოლიფონიური აზროვნება მომწონს. სოლისტობა არ ნიშნავს, რომ დაჯდე და შენი თავი ამოიცნო, ყველაფერი უნდა გესმოდეს გარშემო.

რომელ სკოლას მიაკუთვნებ შენს თავს?

რუსულს არა. ნაციონალისტური მომენტიდან გამომდინარე არ ვამბობ. მაშინ, როცა კონკურსებზე დავდიოდი, იქ ბევრი რუსი იყო და ვთვლი, რომ აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი შესრულება მათი მანერისგან. საერთოდ, არცერთ სკოლას არ მივაკუთვნებ თავს, იმიტომ რომ ყველა, ვინც ჩამოყალიბდა და შედგა, ინდივიდი იყო. ვისაც მე ვაფასებ, ყველა თავისუფლდებოდა სკოლისგან და საბოლოოდ, საკუთარ ხმას პოულობდა. თბილისში მასწავლიდა ესმა ქირია, რომელიც ძალიან განსხვავებულია, სხვანაირი აზროვნება და მიდგომა აქვს... ასევე გიზი, რომელიც უკანასკნელი მოჰიკანია, ბოლო მაესტროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც და მე ეს მეამაყება. მერე ვსწავლობდი მაიზენბერგთან ვენაში... მან მოსკოვში მიიღო განათლება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია...

შენმა ბავშვობამ 90-იანი წლების დაძაბულ და მძიმე პერიოდში ჩაიარა. როგორ აისახა ეს შენზე?

ცუდად და, ამავდროულად, კარგად. ჯერ ერთი, მშობლები ცდილობდნენ, არ დაენახებინათ ეს ყველაფერი. მათ შეძლეს, რომ ჩემს პიროვნებას ფსიქოლოგიური დაღი არ დასტყობოდა. თუმცა ომის შემდგომი პერიოდი – უფულობა, უშუქობა, სიცივე (თან მე ალერგიული ვარ, სიცივეში თითები მისივდება)... ეს ყველაფერი მახსოვს და როგორც უნდა დაემალათ მშობლებს გაჭირვება, შინაგანად მაინც

ვგრძნობდი მას. ამიტომ ყველაზე მეტად სიღატაკის და ომის შიში მაქვს. ჩემთვის არა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ. მგონია, რომ ოცდაოთხი წლის ასაკში არ გეშინია არც სიკვდილის, არც სიღარიბის, პრინციპში არაფრის გეშინია, მაგრამ გაჭირვებული ხალხის დანახვა მძიმედ მოქმედებს.

მშობლები ცდილობდნენ, გვესწავლა რაც შეიძლება მეტი ენა. როცა ძალიან უჭირდათ, შეიძლება ბარბი არ ეყიდათ, მაგრამ ენები სავალდებულო იყო (ხატია თავისუფლად საუბრობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე – ტ.). ახლა სხვა დროა, მაშინ ძალიან რთული პირობები იყო. პედაგოგებს „კერასინკები” ჰქონდათ, თვალები გვეწვოდა და მაინც უნდა გაგვეგრძელებინა დაკვრა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო. ეს სიტუაცია რაღაცნაირად გზრდის ადამიანს, გწვრთნის და უფრო ძლიერი ხდები.

კონტრაქტებმა ცხოვრების ახალი რიტმი მოიტანა. აეროპორტი-საკონცერტო დარბაზი და პირიქით, ჩვეულებრივ რუტინად იქცა. იმ მომენტში, როდესაც შეამჩნია, რომ ამ ტემპს ვეღარ აკონტროლებდა, ამოსუნთქვის დრო არ რჩებოდა, მიხვდა – შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან მოდერირებული შინაგანი ტემპი. „ამ ყველაფერს შენელებულად უნდა უყურო – ეს არის ალბათ ერთადერთი გამოსავალი. გიდონ კრემერი განიცდიდა, როცა ხედავდა ამდენ შემოთავაზებას, არ უნდოდა დიდ სააგენტოებთან, ან დისკის კომპანიასთან მომეწერა ხელი. მას ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს და თვლის, რომ ამით შეიძლება თავისუფლება შეგიზღუდონ. მე კი ვუთხარი, რომ მინდა ჩემი შეცდომები დავუშვა და ჩემი გამოცდილება მივიღო... ჯიუტი შვილის როლში გამოვედი, მაგრამ ასეა”.

რეპერტუარს ბოლო ხანებში იმის მიხედვით ირჩევს, თუ რა უყვარს – უკვე შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. როგორც თავად ამბობს, ცხოვრება მოკლეა იმისთვის, რომ დაუკრა ის, რაც არ გინდა. გამორჩეულად არცერთ კომპოზიტორზე არ საუბრობს, ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება იმის მიხედვით იცვლება, თუ რაზე მუშაობს. თუმცა, ლისტი მისთვის მაინც განსაკუთრებული უნდა იყოს – პირველი დისკი სწორედ მას მიუძღვნა. „მინდოდა ლისტი პირველი ყოფილიყო მრავალფეროვნების გამო, მიენიშნებინა იმაზე, რაც ჩემშია. დისკი შენი ცხოვრების რაღაც ეტაპს უნდა გამოხატავდეს, შენს სულიერ სამყაროს რაღაც კონკრეტულ მომენტში. მინდოდა ადამიანი, რომელიც ყველაფრისმომცველი იქნებოდა და თან ძალიან დაბალანსებულიც. ხომ შეიძლება ერთ ადამიანში სხვადასხვა მხარეებიც არსებობდეს და თან ძალიან ჰარმონიულადაც?!”.

ჰარმონიასა და ბალანსს ხატია სამ პერსონაჟში პოულობს: მარგარიტა, მეფისტოფელი, ფაუსტი.

ფაუსტის თემა დისკის ლაიტმოტივად იქცა. მის ჩასაწერად SONY-ის მიანიჭა უპირატესობა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თავად კომპანიის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა მოხიბლა, ამასთან, მათ თავისუფლება მისცეს დისკის შემოქმედებითი მხარე მთლიანად გაეკონტროლებინა. დისკის კონცეფცია, ვიზუალური მხარე, ტექსტი ხატიას ეკუთვნის. ვიდეოს გადაღება ამჯერად თავად ვერ გაბედა, თუმცა გატაცებულია კინემატოგრაფით, უყვარს მხატვრული ლიტერატურაც, თუმცა ისეთი ვნებით მაინც არაფერზე გესაუბრება, როგორც მუსიკაზე.

ხელოვნების სფეროში ხატიას თავისი ფავორიტი ქალები ჰყავს – მარტა არგერიხი, მარია კალასი. მათთან ახალგაზრდა პიანისტის იდენტიფიცირება არ არის რთული – სხეულის შთამბეჭდავი ენა, განსაკუთრებული ქარიზმა აერთიანებთ. სწორედ ამას წერდა გასულ წელს Limelight Magazine, არგერიხის შემდეგ ლისტის სონატის ასეთი ტრიუმფალური დებიუტი არ ყოფილაო. უნდა აღინიშნოს, რომ მარტა არგერიხი ერთ ხანს ხატიასთვის კერპივით იყო – საყვარელ პიანისტს, გენიოსს უწოდებდა. მათი პირველი შეხვედრა ლოკენჰაუსში დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღით ადრე ხატიას ეკლესიაში სანთლით თმა დაეწვა, რის გამოც იძულებული გახდა, თავი მთლიანად გადაეპარსა და კონცერტზე ქუდით გამოსულიყო. თუმცა დაკვრის პროცესში მან ხელი შეუშალა და სწრაფად მოიხადა. ასე, გადაპარსული თავით, პირველად დაუკრა მეფისტოს ვალსი თავისი საყვარელი პიანისტისთვის.

სად მიდიხარ? სრულყოფილებისკენ სწრაფვა ახსენე, რას გულისხმობ?

არ ვიცი სად მივდივარ. აწმყოთი ვცხოვრობ, არ ვფიქრობ მომავალზე და არ ვუღრმავდები წარსულს – ეს ჩემთვის იდეალური კონდიციაა. ვფიქრობ, მთავარი სრულყოფილებისკენ მსვლელობის პროცესია, თუმცა ვიცი, რომ ვერასოდეს მივაღწევ მას.

არ ოცნებობს:

„მოულოდნელად ისეთი რაღაც შემმთხვევია, რაზე ოცნებას ვერც კი მოვასწრებდი. ამიტომ ჩემთვის კონკრეტულმა ოცნებებმა აზრი დაკარგა. შეიძლება იმისთვის მოვინდომო რომელიმე დარბაზში დაკვრა, რომ ვიცი, ამით ჩემს საყვარელ ადამიანს გავახარებ. ქათინაურებს, ხმამაღალ ფრაზებს, კრიტიკასაც ცოტა გულგრილად ვუყურებ, იმიტომ რომ ეს არ არის სიღრმისეული. ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ ისეთ რაღაცებს, რასაც შეიძლება არ ფიქრობენ, ან არ გრძნობენ. საფრანგეთში შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ ხატია ყველაზე დიდი პიანისტია, მაგრამ ამას აბსურდად მივიჩნევ, იმ ადამიანმა შეიძლება ასეთივე რამ თქვას ისეთ მუსიკოსზე ან უბრალოდ ადამიანზე, რომელსაც მე საერთოდ არ ვაფასებ.

როცა კითხვას მისვამენ, რაც უნდა უშნოდ და სულელურად ჟღერდეს, ვცდილობ მართლა ის ვუპასუხო, რასაც ვფიქრობ. რა შედეგი მოჰყვება ამას, აღარ მაინტერესებს. მუსიკაშიც ასეა – გულწრფელობა მთავარია, რადგან როცა მანერაზე ფიქრობ, იმ სითბოს ვეღარ აფრქვევ... სხეულის ენაც ხომ მაშინ არის შთამბეჭდავი, როცა არ თამაშობ...”

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები