ოშკი და იშხანი

ისტორიული შეთანხმება საქართველოსა და თურქეთს შორის

საქართველო და თურქეთი სიტყვიერად უკვე შეთანხმდნენ თურქეთში ისტორიული ქართული ძეგლების – ოშკისა და იშხნის – აღდგენაზე. თავის მხრივ, საქართველომ ახალციხეში, აჰმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციაში თურქი სპეციალისტები უნდა ჩართოს. ბათუმში, ქართული მხარის გამოყოფილ ნებისმიერ ტერიტორიაზე, თბილისთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, თურქები საკუთარი ხარჯებით ააშენებენ აზიზიეს მეჩეთს. ის თავის დროზე ბათუმის ცენტრში იდგა და განადგურდა. ნაგებობას მხოლოდ კულტურული ცენტრის დატვირთვა ექნება. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, ტაბულასთან ინტერვიუში აცხადებს, მეჩეთში რელიგიური მსახურება არ იქნება, რადგან ეს მოლაპარაკებების დასრულებას გაართულებდა. მსახურება, თავის მხრივ, არც ოშკსა და იშხანში შესრულდება. ისტორიული ქართული ძეგლების რეაბილიტაციის ხარჯებს თავზე თურქეთი იღებს. საქართველო კი აჰმედიეს მეჩეთის აღდგენას უზრუნველყოფს. სიტყვიერი შეთანხმება მემორანდუმად გაფორმდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხელშეკრულების პროექტს ერთი თვის ვადაში მოელიან. უშუალოდ სამუშაოების დაწყებას კი რამდენიმე თვე დასჭირდება – მანამდე უნდა შედგეს გუნდი და პროექტები (მათ შორის, აზიზიეს) მომზადდეს.

კულტურული ძეგლების ბედზე თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება წლებია, მიდის. გასულ წელს მხარეები არა მხოლოდ ოშკისა და იშხნის რეაბილიტაციაზე, არამედ ხანძთისა და ოთხთას აღდგენაზეც საუბრობდნენ. თავის დროზე ეს ძეგლები, როგორც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფები, ისე შეირჩა. ამის სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ოთხი მეჩეთის რეაბილიტაციასა და ერთის აშენებას ითხოვდა. საბოლოოდ, შეთანხმება ორ-ორ ძეგლზე შედგა. როგორც რურუა აცხადებს, პირველი ნაბიჯის გადადგმა რომ არ გართულებულიყო, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოშკისა და იშხნის საკითხზე შეთანხმდნენ. სხვებზე კი მოლაპარაკება გაგრძელდება. ოშკი მეათე, იშხანი კი მეშვიდე საუკუნის ძეგლია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ოშკშია. იქ გუმბათის ჩანგრევის რეალური საშიშროებაც დგას. თავის მხრივ, იშხანში სახურავი ჩამოშლილია და გუმბათიღაა დარჩენილი. ორივე ტაძარი დანგრევის პირასაა და, გუმბათებთან ერთად, კამარებიც იშლება. დაბზარულია კედლები და დაზიანებულია ფრესკები.

მოლაპარაკებების პროცესს მუდმივად ახლდა წინააღმდეგობები. თავის დროზე ბათუმში მეჩეთის აშენების იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მისი მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოს საპატრიარქო იყო. კათალიკოსი ილია მეორე ჯერ კიდევ 2008 წელს წერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოში მუსლიმური საკულტო ნაგებობებისა და სასწავლებლების რაოდენობა ისედაც აჭარბებდა მუსლიმი მოსახლეობის „რელიგიურ მოთხოვნილებებს”. მისი განცხადებით, მეჩეთის აშენება მოსახლეობაში დიდ პროტესტს გამოიწვევდა. საპატრიარქომ შარშანდელი მოლაპარაკებისას წერილიც გაავრცელა, სადაც მიუთითებდა, რომ პირობებს არ ეთანხმებოდა და ეს საკითხები მათთან უნდა შეთანხმებულიყო. ამჯერად საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია საკითხზე ჯერ არ გამოუხატავს. თავის მხრივ, მინისტრი ნიკოლოზ რურუა აცხადებს, რომ მათ პოზიციას პატივისცემით ეკიდებიან, თუმცა, ძეგლთა დაცვა სახელმწიფოს ფუნქციაა.

კომენტარები