გერმანია

გერმანიის შემდეგი პასტორი პრეზიდენტი

გერმანიის მთავრობა და ორი მთავარი ოპოზიციური პარტია, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე საერთო კანდიდატზე მორიგდნენ. ის ყოფილი დისიდენტი, პროტესტანტი პასტორი და ადამიანის უფლებების აქტივისტი იოაჰიმ გაუკი იქნება. თანამდებობა   ცერემონიულ დატვირთვას უფრო ატარებს. ყოფილი პრეზიდენტი კრისტიან ვულფი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა.

ოპონენტები პრეზიდენტის გამოცვლას მერკელის პირად მარცხად მიიჩნევენ. 2010 წელს გერმანიის მოქმედი კანცლერი, გაუკის პოპულარობის მიუხედავად, თანაპარტიელი და შედარებით უცნობი ვულფის კანდიდატურას ემხრობოდა. წინამორბედ პრეზიდენტს, ჰორსტ კოლერს, თანამდებობის დატოვება საკამათო კომენტარის გამო მოუხდა, რომელიც ავღანეთში გერმანული არმიის (ბუნდესვერის) როლს ეხებოდა. მისი თქმით, გერმანიის სამხედრო მისიები, საზღვარგარეთ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს იცავდა. ვულფის არჩევით მერკელმა საკუთარი პარტიის შიგნით ანგარიშგასაწევი კონკურენტი ჩამოიცილა. მერკელის მთავრობის წევრების აღიარებით, ამჯერად იგი გაუკის კანდიდატურას, კოალიციაში მყოფი თავისუფალი დემოკრატების პარტიის ლიდერის და ქვეყნის ვიცე-კანცლერის, ფილიპ როსლერის მხრიდან ზეწოლის გამო დაეთანხმა. ამით მერკელმა კოალიციის რღვევა თავიდან აიცილა. მას საშუალება მიეცა ევროზონის კრიზისზე ზრუნვა გაეგრძელებინა. მერკელს გაუკთან პირადი მეგობრობა და კომუნისტურ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება აკავშირებს. 

კრისტიან ვულფის, გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. გამომძიებლებმა ბუნდესტაგს კორუფციული ბრალდებების გამო მისი იმუნიტეტის შეჩერება მოსთხოვეს. ვულფს ბრალად ედება ქვედა საქსონიის პრემიერობის დროს ძალაუფლების გადამეტება და ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეუფერებელი კავშირები. გერმანულ მედიაში მის პატივსაცემად ნეოლოგიზმიც (Wulffen) გაჩნდა, რაც აშკარა ტყუილის თქმის გარეშე არაპირდაპირობას ნიშნავს. სამარცხვინო დასასრულის გარდა, კრისტიან ვულფის პრეზიდენტობა ღირსშესანიშნავი იქნება მისი განცხადებით. პოლიტიკოსმა თქვა, ისლამი ქრისტიანობასთან და იუდაიზმთან ერთად გერმანიის ნაწილიაო. ამით ვულფმა მულტიკულტურალიზმის მომხრეთა სიმპათიები და კონსერვატორთა რისხვა დაიმსახურა. 

ლუთერანი პასტორი გაუკი ერთ-ერთი თვალსაჩინო პირი იყო მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობაში, რომელმაც ბერლინის კედლის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ქვეყნის გაერთიანების შემდეგ გაუკი ფედერალურ სააგენტოს ჩაუდგა სათავეში. ეს უწყება აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის (შტაზი) არქივების კვლევას შეუდგა. მან ძველი რეჟიმის წარსული დანაშაულების გამოაშკარავებით სამართლიანობისთვის მებრძოლის რეპუტაცია მოიპოვა. გაუკი, ახალ წიგნში, თავის უმთავრეს პოლიტიკურ ფასეულობად თავისუფლებას აღიარებს. იგი იცავს კაპიტალიზმს, როგორც სისტემას, რომელსაც საკუთარი შეცდომების გამოსწორება შეუძლია. ანტიკაპიტალისტებს პოლიტიკოსი რომანტიკოსებს უწოდებს. 

ახალ პრეზიდენტს საგანგებო ასამბლეა 18 მარტს აირჩევს, რაც პარტიათა მხარდაჭერის გამო, გაუკისთვის ფორმალობა გახდება. იოაჰიმ გაუკის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყნის ორ მთავარ თანამდებობაზე აღმოსავლეთ გერმანელები იქნებიან. სახელმწიფოს გაერთიანების მხოლოდ 21 წლის შემდეგ, მოვლენათა ამგვარ განვითარებას, სახელმწიფო ტელევიზია ZDF-მა „პოლიტიკური სასწაული” უწოდა.  

კომენტარები