გამოგონება

ხმოვანი სათვალეები უსინათლოთათვის

გასული საუკუნის 60-იან წლებში, პოლონელმა ფანტასტმა, სტანისლავ ლემმა, ტექნოლოგიების რაობაზე და დანიშნულებაზე დაიწყო ფიქრი. შედეგად, სამყაროს ფუნდამენტური ნაშრომი „ტექნოლოგიის ჯამი” მოევლინა. უმთავრესი თემა თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ილუზიები და ადამიანის მიერ ამ ილუზიების აღქმა გახლავთ. კრაკოველმა ორაკულმა, როგორც მას კოლეგები უწოდებდნენ, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებით (როგორიცაა შეხება, სმენა, ყნოსვა) შექმნილ ილუზიებს ფანტომატიკა უწოდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ მომავლის ტექნოლოგიები ყალბ შეგრძნებებზე იქნებოდა ორიენტირებული. შეგრძნებების პროთეზებით შეიარაღებული ადამიანები ვეღარ განარჩევდნენ რეალურ სამყაროს ილუზორულისგან. იდეა, რომლის ტექნოლოგიური გადაწყვეტაც შემდგომში ძმებმა ვაჩოვსკებმა შემოგვთავაზეს ტრილოგიაში „მატრიცა”, სათავეს პლატონის გამოქვაბულის პრობლემიდან იღებს; რასაც ადამიანები ხედავენ, მხოლოდ ჩრდილებია გამოქვაბულის კედლებზე და ის, რაც რეალობას წარმოადგენს, მათი მზერისთვის მიუწვდომელია. ლემის წინასწარმეტყველება, რომ ვირტუალური სამყარო (მისი სიტყვებით – ფანტომატიკა) ჩაანაცვლებდა რეალობას, ფიქტიურად ინტერნეტის შექმნის შემდეგ ახდა. ფაქტობრივად კი, მას შემდეგ შეესხა ხორცი, როდესაც იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხმოვანი სათვალე წარუდგინეს ფართო საზოგადოებას.

გასულ კვირას იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მოწყობილობის, Sensory Substitution Device-ის (შემოკლებით SSD), ე.წ. ხმოვანი სათვალის პრეზენტაცია მოეწყო. სათვალე უსინათლოებს გარესამყაროს აღქმაში ეხმარება და ვიზუალურ ინფორმაციას ხმოვან სიგნალებად გარდაქმნის. ადამიანს ექმნება ილუზია, რომ „ხედავს”, თუმცა უმეტესწილად ეს რეალობის ანასახია ბგერების ზღვაში. სათვალის მუშაობის პრინციპი გამოსახულების სეგმენტაციის ალგორითმებს ეფუძნება. ის სათვალის ცენტრში დამონტაჟებული ვიდეოკამერიდან მიღებულ ვიზუალურ ინფორმაციას ამუშავებს, გამოყოფს ფონს და ცენტრალურ ფიგურებს და ინფორმაციას ფიგურების შესახებ ხმოვან სიგნალებში შიფრავს. იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, სულ მცირეოდენი ვარჯიშია საჭირო, რათა ადამიანი ახალ ხმოვან სამყაროს მიეჩვიოს და გარშემომყოფი საგნების, სახეების და წარწერების შესაბამისი ხმოვანი სიგნალების ტონალობები განარჩიოს, რომელთა საშუალებითაც ტვინი გარესამყაროს მოდელს ააგებს და ამით ადამიანს თავისუფალი გადაადგილების და მოქმედების საშუალება მიეცემა.

პროექტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ამირ ამედიმ განმარტა, რომ კვლევის მიზანი მხოლოდ ხმოვანი სათვალის შექმნა არ იყო. მათ სურდათ ტვინის აქტივობის შესწავლა და მასზე დაკვირვება აუდიო და ვიზუალური ინფორმაციის მიღების პროცესში. შესწავლის ობიექტს, ამ შემთხვევაში, ტვინის მხედველობითი ქერქი წარმოადგენდა, რომელსაც უშუალოდ ხმოვანი სათვალის მოხმარების დროს აკვირდებოდნენ. ნეიროფიზიოლოგიაში მანამდე ცნობილი ფაქტის მიხედვით, ვიზუალური ინფორმაცია ტვინში ორი პარალელური გზით მიემართება. მათგან პირველი, ვენტრალური ნაკადი ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას – „რა?” და მეორე – დორსალური ნაკადი ობიექტების სივრცულ-დროით პარამეტრებს შიფრავს და ცდილობს უპასუხოს შეკითხვებზე – „სად? როდის?”. უსინათლო ადამიანებს ტვინის იმ ადგილას, სადაც ეს ორი ნაკადი მიემართება, არანაირი აქტივობა არ შეენიშნებათ. თუმცა რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხმოვანი სათვალით მიღებული ინფორმაცია უსინათლო ადამიანების ტვინის მხედველობის ქერქში ამავე ნაკადებით ხდება. და ეს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანი დაბადებიდან ბრმაა. ეს ნიშნავს, რომ ტვინი სენსორული კი არა, „ოპერაციული” მოწყობილობაა და იმაზე უფრო მეტად მოქნილია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე წარმოედგინათ.

კომენტარები