განვითარებადი ქვეყნები

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მცირდება

0 კომენტარი

საერთაშორისო ორგანიზაციებმა – მსოფლიო ბანკმა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) – ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების 2012-13 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოაქვეყნეს. ორივე ორგანიზაციის მიხედვით, 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს ეკონომიკა საშუალოდ 1.25%-ით შემცირდება. 2013 წელს ეკონომიკური მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იმატებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი, 2011 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით გაიზარდა.

რეგიონში ეკონომიკის ზრდის სტაგნაციას ორგანიზაციები იმით ხსნიან, რომ ორი წლის განმავლობაში, ევროზონის კრიზისს განვითარებად ქვეყნებზე მეტი გავლენა ექნება. ამ მხრივ უფრო მეტად ის სახელმწიფოები დაზარალდებიან, რომელთა ფინანსური სექტორიც ევროზონის ქვეყნებზეა დამოკიდებული. კვლევების მიხედვით, ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონის სახელმწიფოები, ევროზონის ქვეყნებთან აქტიურად ვაჭრობენ. მათი წილი, რეგიონში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობაში, მაღალია.

კვლევების მიხედვით, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებისთვის, 2012 წელს, საშუალოდ რეგიონის მშპ-ის 16%-ის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდებათ. 2011 წლის მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით, ამ რეგიონში 45%-ით ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო. კლების უდიდესი წილი სწორედ ევროზონის ქვეყნებზე მოდის.

საქსტატის 2011 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირიდან საქართველოში 413.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. აქედან ევროზონის ქვეყნების წილი 59.1%, ხოლო მთლიანი მოცულობის 38.5%-ია.

კლების ტენდენციას აჩვენებს რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაც. 2008-2010 წლებში რეგიონის ექსპორტის 50% სწორედ ევროზონის სახელმწიფოებზე მოდიოდა. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა იმპორტი შეზღუდეს – რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, მაკედონია და ბულგარეთი განსაკუთრებით დაზარალდნენ.

საქსტატის მიხედვით, 2011 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტ-იმპორტი 2.477 მილიარდი აშშ დოლარი იყო. აქედან ევროზონის წარმომადგენელთა წილი 60.2%-ს შეადგენს. მთლიან საგარეო ბრუნვაში ევროზონის ქვეყნების წილი 16.1%-ია.

ორივე კვლევა ხაზს უსვამს, რომ ევროპის რეცესიამ და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურმა სტაგნაციამ, შეიძლება ერთმანეთზე მოახდინოს გავლენა. ეს, ბაზრების ნდობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს. მოგებული ის ქვეყანა რჩება, ვისაც დივერსიფიცირებული ვაჭრობა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები