ეგვიპტე

ეგვიპტელი გენერლები თავიანთ ლაბირინთში

0 კომენტარი

ევვიპტისა და აშშ-ის 30-წლოვანი ალიანსი ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ეგვიპტის სამხედრო მმართველობის გადაწყვეტილება გახდა. მათ არასამთავრობო სექტორს ფარული ომი გამოუცხადეს. ეგვიპტურმა მხარემ არაკომერციული ჯგუფების 43 თანამშრომელი, მათ შორის 19 ამერიკელი, კრიმინალურ სასამართლოს გადასცა. მათ წინააღმდეგ, უცხოური ფონდების მიერ ქვეყანაში არეულობის გაღვივების ბრალდებით, გამოძიება წამოიწყეს. თავის მხრივ, აშშ ეგვიპტეს დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. ამან მოკავშირის სტატუსი რისკის ქვეშ დააყენა, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონული სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ეგვიპტესა და აშშ-ს შორის უთანხმოება გასული წლის მიწურულს დაიწყო. ეგვიპტურმა უსაფრთხოების ძალებმა რეიდი მოაწყვეს ადამიანის უფლებების დამცველი და პროდემოკრატიული ჯგუფების ოფისებზე. მათ შორის იყო – Freedom House, National Democratic Institute (NDI), International Republican Institute (IRI). მუბარაქის გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ ეგვიპტეში პროტესტი არ წყდება. ეგვიპტის სამხედრო მმართველობას ლიბერალური და სეკულარული ჯგუფები დემოკრატიისკენ გადასვლის შეფერხებაში ადანაშაულებენ. ძალადობის ახალ ციკლს ხელი მთავრობის უმოქმედებამ შეუწყო. მათ ვერ აიცილეს საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამტყდარი ბუნტი, რომელმაც 74 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მიმომხილველთა აზრით, გენერლები წარუმატებლობების გადასაფარავად, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით განტევების ვაცს ეძებენ. კრიტიკის თავიდან ასარიდებლად ისინი „უცხოურ ხელებზე” მიუთითებენ, თითქოს რაღაც ძალები მათ წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების უკან დგანან და ქვეყნის დესტაბილიზაციას ფინანსურად უზრუნველყოფენ. წინამორბედი რეჟიმის მსგავსად, მმართველი გენერლები ეჭვის თვალით უყურებენ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს. ეს უკანასკნელნი აქტიურად აშუქებენ სამხედროთა მიერ, დაახლოებით 12 ათასი სამოქალაქო პირის დაკავების და დაპატიმრებულთა წამების ფაქტებს.

NGO კრიზისის გამო, მრავალმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ეგვიპტისადმი წლიური დახმარების გადახედვა და შესაძლო გაუქმება მოითხოვა. ეგვიპტე – ავღანეთის, პაკისტანის, ერაყისა და ისრაელის შემდეგ – ამერიკული დახმარების სიდიდით, მეხუთე მიმღები სახელმწიფოა. სენატორების – ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანის და სხვათა ერთობლივი განცხადებით, „ქვეყნისადმი კონგრესის დახმარება, მათ შორის ფინანსური შემწეობა, საფრთხეშია”.

აშშ-ის დახმარება ეგვიპტისადმი, ამ უკანასკნელის მხრიდან 1979 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების დაცვის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. ამ ხელშეკრულებამ ისრაელთან 30-წლიანი ომი დაასრულა. სანაცვლოდ, ერთ დროს, საბჭოეთის მოკავშირიდან, ეგვიპტე რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთ დასაყრდენად გარდაიქმნა. ქვეყანა ისლამისტ სამხედროებს ებრძოდა, არაბ-ისრაელის სამშვიდობო პროცესში შუამავლობდა და აშშ-ს ტერორიზმთან ომში ეხმარებოდა. ეგვიპტისადმი შემწეობის შეწყვეტა ხელშეკრულებას საფრთხეს უქმნის, რადგან ერთი მხრიდან პირობის დარღვევა, მეორე მხარეს მისი გადახედვის საფუძველს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რადიკალი ეგვიპტელი პოლიტიკოსი ხელშეკრულების ანულირებას მოითხოვს, ამის ალბათობა მაინც ნაკლებია.

სამხედრო საბჭო შიშობს, რომ დემოკრატიული გარდაქმნა, ფინანსურ აქტივებზე და პოლიტიკაზე მის დომინანტურ როლს შეზღუდავს. ეგვიპტის არმიას ხშირად ბიზნესკონგლომერატს ადარებენ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 40%-ს აკონტროლებს. საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო, სამხედრო საბჭომ თავის ადრინდელ გადაწყვეტილებას გადახედა. მან საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის იანვრის ნაცვლად, 2012 წლის ივნისში დანიშნა. ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები ნახევრადაა დასრულებული. ჯერ მხოლოდ ქვედა პალატა, ხალხის ასამბლეა არის არჩეული. ზედა პალატის, შურას საბჭოს არჩევის შემდეგ, მარტიდან, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ეგვიპტელებისთვის მთავარი გამოწვევა ისეთი კონსტიტუციის შემუშავებაა, რომელიც სამხედროებს არჩეულ სამოქალაქო ოფიციალურ პირებს დაუქვემდებარებს. ამასთან, აღმასრულებელი პირის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, გარანტიებს უზრუნველყოფს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები