რესტორანი

უბარაქო კახელები

0 კომენტარი

გადავწყვიტე თებერვალი კახური სამზარეულოსთვის მიმეძღვნა და ერთ თოვლიან-ტალახიან დღეს ლილოსკენ გავემგზავრე. რესტორანი-სასადილო „კახელები” შარშან გაიხსნა და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს თბილისელ გურმანებში. ბევრი სამზარეულოს აქებს, სხვები ადგილს იწუნებენ. ადგილთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შემიძლია, სანამ შიგნით აღმოჩნდები, ცოტათი შეიძლება დაითრგუნო კიდეც – საცხობები, მარკეტები, ათასი წვრილმანის ფარდულები, ტალახიანი შესახვევი, ნაგვიანი გზატკეცილი... ერთი სიტყვით, შესასვლელთან ჩვეულებრივი, 90-იანი წლების ლილო დაგხვდებათ, თუმცა, შეაღებთ თუ არა სასადილოს კარს (სასადილო მხოლოდ იმიტომ ჰქვია, რომ 20:00 საათზე იკეტება), მაშინვე მყუდრო მედიტერანურ-კავკასიურ გარემოში აღმოჩნდებით – ფერადი თიხის ნაჭრებით გაწყობილი იატაკი, ქვის თბილი კედლები, კოხტა ღუმელი, ძველი ფოტოები და აქსესუარები, შირმები.

შესვლისთანავე სამზარეულოს მძაფრი სუნი გვეცა, ამიტომ მისგან ცოტათი მოშორებით შევარჩიეთ ადგილი. ყველაზე განაპირა მაგიდა დაჯავშნილი იყო, ამიტომ მის გვერდით მოვთავსდით. ცოტა ხანში წამოგვყარეს, ბოდიშებით. არადა, ჩვენი მაგიდა ნამდვილად არ იყო დაჯავშნილი, არც მესამე მაგიდა იმ კუთხეში... როგორც ჩანს, ისეთ სტუმრებს ელოდნენ, რომლებსაც არ უყვართ, როდესაც მათ გარშემო ვინმე ზის. გვეწყინა, მით უმეტეს, იმ მხარეს კაციშვილი არ გაკარებია ჩვენს იქ ყოფნაში, ანუ 19:00 საათამდე.

საკმაოდ სიმპათიური, მოხერხებული და მახვილგონივრულად შედგენილი მენიუ მოგვიტანეს, დაახლოებით იმ ყაიდის იყო, გაბრიაძის რესტორანში რომ ჰქონდათ. კერძებზე მინაწერები – ხაშლამა ბურუსით, მწვადი – ასრულებენ, ათუაშვილი ნოდარა, რეხვიაშვილი ზაზა და ასეთი ჭკუამხიარული რაღაცები. ცოტათი გამოგვიკეთდა ხასიათი და შეკვეთაც უცებ მივეცით.

როგორც ჩანს, აქ დიდხანს არ გალოდინებენ. კერძები დროულად მოგვაყარეს, თუმცა პირველად რატომღაც ბოჩოლას ჩაპამიდვრებული მოვიდა (12 ლ.), ძალიან გემრიელი, ახალი და ქაფქაფა. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვიტანეს სალათა, სახელად ლაგოდეხი (15 ლ.), წითელი და მწვანე სალათის ფურცლები, ძალიან წვრილად დაჭრილი კიტრი და სტაფილო, სულ ცოტა ბულგარული წიწაკა, ალყა-ალყა ხახვი, ფორთოხლის, გრეიპფრუტისა და პამიდვრის პატარ-პატარა ნაჭრები, ზედ მოსხმული კახური მზესუმზირის ზეთით. კარგი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბულგარულს არ შევუწუხებივარ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მაინც შევიკავებდი მისგან თავს.

„კახელებში” გამორჩეული პური აქვთ, ე.წ. მამა პური (3 ლ.), უსაფუვრო ცომისგან გამომცხვარი და თხელი ლავაში (1.50 ლ.), რასაც ვერ ვიტყვით ლოქოზე (15 ლ.), რომელიც გრილზე შევაწვევინეთ, მაგრამ იმდენად ჰქონდა გამჯდარი სიმყრალე და ჭაობის გემო, რომ ვერც ლიმონმა დაამარცხა და ვერც ნარშარაბმა ან სხვა რამ საწებელმა. მოკლედ, ლოქო ჩაფლავდა, თან ძალიან პატარა, უბარაქო პორცია მოგვიტანეს. საცოდავი შესახედავი იყო ბურუსიანი ხაშლამის პორციაც (10 ლ.), კახელებისგან არ ველოდით ასეთ ხელმომჭირნეობას. ბოლო-ბოლო, კახური ესთეტიკის ამბავია – ჯობს გააძვირო კერძი და უფრო ბარაქიანად დააწყო ნაჭრები, ვიდრე უბარაქობის მელანქოლია აჰკიდო კლიენტს. კალმახა სოკო ნიგვზის ლებნებით მორთული მოვიდა (10 ლ.), რომელიც ზედმეტად გამომშრალი და გადაბრაწული, შეიძლება ითქვას, გადამწვარიც კი იყო. მწვადი – თხელი სიფრიფანა ნაჭრები (10 ლ.). მასაც მიმწვარი ჰქონდა კიდეეები. ქაბაბი კარგი იყო (10 ლ.)

ვსვამდით ღვინოს, ჩემი მეგობარი კი ლიმონიან წითელ კომპოტსაც წრუპავდა. კახურად დაყენებულ ღვინოს არაუშავდა, არომატული იყო და განსაკუთრებული დაავადება არაფერი სჭირდა, დაილეოდა, ასევე გავსინჯეთ კაბერნე და მერლო, თუ არ ვცდები, 2 თუ 3 წლის ღვინო, რომელიც უკვე საკმაოდ გადაძველებული და გადაჟანგული იყო, ისევე როგორც 2006 წლის ბოთლის რქაწითელი, კლასიკურად დაყენებული (ე.წ. ევროპული). ყველაზე მეტად საფერავი მოგვეწონა. საერთოდ, ღვინო საკმაოდ იაფი ღირდა, ალბათ იმიტომ, რომ თავიანთი წარმოებისაა. მენიუში არ იყო აღნიშნული ჭიქის ფასი, მაგრამ როდესაც ვუთხარით, ღვინო ჭიქებითაც მოგვიტანეს და გასინჯვითაც დაუზარლად გაგვასინჯეს სხვა ღვინოები. დანაყრებულები გამოვედით და მარჯვნივ, ტალახიან ტროტუარზე შევუხვიეთ, სადაც მანქანა გვყავდა გაჩერებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები