გამოფენა

რეაბილიტირებულთა „ფაშისტური ჯგუფი“

წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმია შემოვიდა. „საფუძვლიანი წმენდა“ რუსთაველის თეატრსაც შეეხო. რეჟისორი ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი და მისი თანამოაზრეები: მსახიობები - ვანიკო აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ია ქანთარია, ივანე ლაღიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ბუჟუჟა შავიშვილი (გარდაიცვალა გადასახლებაში), თამარ წულუკიძე და სუფლიორი - ნანა ღვინიაშვილი „ფაშისტურ ჯგუფად“ მონათლეს. ჩამოთვლილთაგან დახვრეტას მხოლოდ ქალბატონები „გადაურჩნენ“. სწორედ მათ ხსოვნას მიეძღვა გამოფენა, რომელიც რუსთაველის თეატრის ზედა ფოიეში გაიხსნა და რომლის დათვალიერების საშუალებაც ჯერ კიდევ გაქვთ.

ექსპოზიციის სახელწოდებად ორგანიზატორებმა კოლაუ ნადირაძის ლექსიდან „25 თებერვალი“ ამოღებული სტრიქონი „შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“ შეარჩიეს. მცირე სცენის ფოეში გამოიფინა ზემოთ ჩამოთვლილ რეპრესირებულთა რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული ექსპონატები, მაგალითად: საექსპოზიციო მაგიდებში მოათავსეს მათი პირადი ნივთები, მათ შორის: თამარ წულუკიძის მიერ გადასახლებაში გაკეთებული თოჯინები. დამთვალიერებელს გააცნეს პორტრეტები და კარდები სპექტაკლებიდან, რომლებშიც გამოფენის „მთავარი გმირები“ მონაწილეობდნენ. ყველასგან გამორჩეული და თვალშისაცემია რუსთაველის თეატრის დასის 1925-26 წლებში გადაღებული ფოტო, რომელზეც ალექსანდრე ახმეტელის სახე ამოჭრილია.

გამოფენასთან დაკავშირებით გამოიცა მცირე ფერადი ალბომი, რომელიც იწყება დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო სპექტაკლ „სამშობლოს“ პროგრამით და მთავრდება გამოფენის მხატვარ - მირიან შველიძის მიერ ექსპოზიციის მთავარ ექსპონატად ქცეული სარეაბილიტაციო წერილით, რომელიც 1956 წლის 29 თებერვლით თარიღდება და შემდეგი შინაარსისაა:

Директору грузтнского гос. Драматического театра имени Руставели

Тов. Ларделаки П. М.

Сообщаю, что по опрнделению Военной Коллегии Верховного Суда СССР от 11 февраля 1956 года дело по обвинению Ахметели А. В., Коришели А. Е., Лорткифанидзе Э. Г., Кантария И. Н., Лагидзе И. В., Цулукидзе-Ахметели Т. Г., Шавишвили Б. Д. и Гвиниашвили Н. Л. производством прекращено за отсутствием в их действиях состава преступления. Эти лица являются реабилитированными.

ЗАВ. ВОЕННОГО ПРОКУРОРА ЗАКВО ПО СПЕЦДЕЛАМ ПОЛКОВНИК ЮСТИЦИИ М. СКОПЦЕВ

ექსპოზიცია გახსნა გამოფენის ორგანზიების იდეის ავტორმა, მსახიობმა მარინა საღარაძემ. გამომსვლელთაგან პირველი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც რუსთაველის თეატრის 1921 წლის 25 თებერვლის ტკივილიანი დღის შეხსენებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ დღემ საქართველო თავისი განვითარების ტრაექტორიას მნიშვნელოვნად ააცილა, რამაც ძალიან ბევრი სისხლი და უბედურება მოგვიტანა, რასაც მოჰყვა მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით მოხდა და ტრაგიკული აღმოჩნდა“, - თქვა ბაქრაძემ.

ტრაგიკული ეპოქა და საქართველოს ტკივილიანი წარსული, ქართველი ხელოვანების, უფრო კონკრეტულად, ალექსანდრე ახმეტელისა და მისი თანამოაზრეების ბედზე ისაუბრა თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძემ. ივანე (ვანიკო) ლაღიძის ქალიშვილმა ნანული ლაღიძემ კი გაიხსენა: - „16 წელი რომ შემისრულდა, ყველასგან ჩუმად ბერიას მივწერე წერილი იმის შესახებ, რომ გასული იყო მამის გადასახლებიდან 10 წელი მიმოწერის უფლების გარეშე და მაინტერესებდა მისი ბედი... გარკვეული დროის შემდეგ მომივიდა ბარათი, საიდანაც შევიტყვე, რომ მაშინდელ „ენკავედე“-ში მიბარებდნენ... 16 წლის გოგონა ჩამიყვანეს სარდაფში, რომლის დერეფნის ბოლოს, გისოსებიანი ფანჯრის უკან გარეგნობით სასიამოვნო რუსი ეროვნების ქალბატონი იჯდა. მან, როგორც კი ჩემი რიგი მოვიდა, მითხრა ის, რაც ისედაც ვიცოდი და როდესაც გავუმეორე, ეგ კი არა, მისი შემდგომი ბედი მაინტერესებს-მეთქი, ჩვენთან მიზეზის გარეშე არავის იჭერენო- მიპასუხა და გამიხარდა, რამდენადაც ჩავთვალე, რომ მამა კვლავ ცოცხალი იყო... როცა წამოვედი, უცბად ქალბატონმა მომაბრუნა და გოგონი, ამის შემდეგ ასეთ საკითხებზე ბერია აღარ შეაწუხოთ, მას ისედაც ბევრი საქმე აქვსო, მითხრა“...

გამოფენა მუსიკალურად გააფორმა ია საკანდელიძემ, პირველი საექსპოზიციო დღე დასრულდა მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლით „ქარი მწყურია მე პირდაპირი“.

 

კომენტარები