საინვესტიციო გარემო

2011 წელს ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა

0 კომენტარი

წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით – 337 მილიონი აშშ დოლარი – პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია.

2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ათი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 91% შეადგინა. ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ყველაზე მსხვილი ინვესტორები ნიდერლანდები (78.7 მილიონი აშშ დოლარით), ლუქსემბურგი (33.4 მილიონი აშშ დოლარით) და აშშ (32.8 მილიონი აშშ დოლარით) არიან.

საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკის, ხოლო ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი მშენებლობის სექტორი აღმოჩნდა. ამ სექტორებში 2011 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ინვესტიციების, შესაბამისად, 23% და 1% ჩაიდო.

მთელი წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2011 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა. საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ნიდერლანდები იყო. ინვესტორები ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის, ხოლო ყველაზე ნაკლებად – სოფლის მეურნეობის და თევზჭერის სექტორებით ინტერესდებოდნენ. ამ სექტორებში ინვესტიციების მთლიანი მოცულობის, შესაბამისად, 18.4% და 1% ჩაიდო.

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა. აგვისტოს ომის და ფინანსური კრიზისის პერიოდში (2008-2009 წლებში) ინვესტიციები თითქმის სამჯერ შემცირდა. 2010 წლიდან კი ისევ ზრდა დაიწყო. EBRD-ის და მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები