ქართული ოცნება

ივანიშვილის კოალიციას სურს NDI-მ და IRI-მ არჩევნებამდე კვლევები შეწყვიტონ

კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს წინადადებით - საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების კვლევა. ” ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას როგორც NDI-ს და IRI-ს წარმომადგენლების, ისე კვლევების საკითხში მათი ზოგადი პოლიტიკისადმი, მაგრამ ვთვლით, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მეთოდით კვლევების ჩატარება შეუწყობს არა მოქალაქეთა თავისუფალი ნების ფორმირებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებას და სხვადასხვა სახის მანიპულაციებისთვის აღნიშნული ორგანიზაციების ბრენდების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას.”- აღნიშნულია ”ქართული ოცნების” მიმართვაში.

 საკუთარი წინადადების ასახსნელად კოალიციას შემდეგი არგუმენტები მოაქვს: ”ოპოზიციური პარტიები და ლიდერები წელიწადში ოთხჯერ ხდებიან ხელისუფლების მასირებული პროპაგანდისტული შეტევის მსხვერპლი, რომელსაც, ნებით თუ უნებლიედ, ზურგს უმაგრებს NDI-ს და IRI-ს ბრენდები. კვლევების ერთი სეგმენტის (პოლიტიკური რეიტინგების) თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟის და ამ შედეგებით მანიპულირების გამო მცირდება ყურადღება და იკარგება საზოგადოების ნდობა კვლევების შედეგების ძირითადი ნაწილის თაობაზეც. ოპოზიციური პარტიები რჩებიან მხოლოდ საკუთარი მონაცემების ანაბარა, რომელიც საერთო სურათის გარეშე რაიმე საფუძვლიანი ანალიზისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. სახელისუფლებო პარტიას კი, ჩვენთვის უცნობი არალეგალური გზებით და საშუალებებით, ყოველთვის აქვს სრული მონაცემები, რასაც იყენებს სრულფასოვანი ანალიზისთვისაც და მანიპულირებისთვისაც. კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები ექცევიან პოლიტიკური სპეკულაციების ეპიცენტრში ანუ შედეგად მაინც იღებენ იმას, რისი თავიდან აცილებისთვისაც იქნა შემუშავებული პოლიტიკური რეიტინგების არ განსაჯაროების პოლიტიკა. მეტიც, საზოგადოების თვალში ისინი იძენენ არა მხოლოდ "ადგილობრივ პოლიტიკაში ჩარეული" მოთამაშეების იმიჯს, არამედ "ადგილობრივ პოლიტიკაში ხელისუფლების მხარეზე ჩარეული" მოთამაშეების იმიჯს. კვლევების მეთოდოლოგიის, ველის მონაცემების და ყველა შედეგის განუსაჯაროებლობა ეჭვის ქვეშ უსამართლოდ აყენებს კვლევის მომზადებაში, გამოკითხვის ჩატარებაში, შედეგების შეჯამებაში და შედეგების გამოქვეყნებაში ჩართული მრავალი პირის და ორგანიზაციის პროფესიონალიზმს და ობიექტურობას.”

სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ჯონ ბასმა განუცხადა, რომ ”ქართული ოცნების” მიმართვას მოგვიანებით, მიმართვის წაკითხვის შემდეგ უპასუხებს. ჯონ ბასმა იქვე აღნიშნა:” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსდება აშშ-ს მთავრობისგან, თუმცა დამოუკიდებელია და დაფინანსებას სხვა ორგანიზაციებისგანაც იღებენ. ისინი ძალიან ღირებულ სამუშაოს ასრულებენ საქართველოში და ჩვენ გვჯერა მათი შესაძლებლობების."

 აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ამ რამდენიმე დღის წინ მიაწოდა პარტიათა და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგების შესახებ საკუთარი კვლევის შედეგები. საინფორმაციო სააგენტოებისთვის NDI-ის კვლევის შედეგები ცნობილი გახდა.

მედიაში გავრცელებული მონაცემებით, რომელი პარტიაა თქვენთვის ყველაზე ახლოს? NDI-ის ამ შეკითხვაზე 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 41%, მეორე არჩევანი - 2%;

"კოალიცია ქართული ოცნება" - 11%, მეორე არჩევანი - 4%;

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 5%; მეორე არჩევანი - 9%;

"ლეიბორისტული პარტია" - 1%, მეორე არჩევანი - 2%;

გამოკითხვის თანახმად , ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მოსახლეობა შემდეგ არჩევანს გააკეთებდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 47% დაუჭერდა მხარს ; მეორე არჩევანი - 2%;

"კოალიცია ქართულ ოცნებას" - 10%; მეორე არჩევანი - 3%;

"ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 3%; მეორე არჩევანი - 8%;

”ქართულ ოცნებაში” ინფორმაციის გავრცელებისთანავე განაცხადეს, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები