გამოფენა

გურამ (ხიტა) ქუთათელაძის ნამუშევრების გამოფენა

დღეს, 5 აპრილს 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები, როგორც კერძო ასევე ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან.

ხიტა ქუთათელაძე დაიბადა 1924 წელს, მხატვარ აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხოლო 1946-1949 წლებში სწავლობდა მოსკოვის ა. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში.

მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო იტალიაში, შვედეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ლიტვაში და რუსეთში.

ხიტა ქუთათელაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერეასა და მოსკოვში.

მხატვარს, 1983 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

გურამ (ხიტა) ქუთათელაძის ნამუშევრები დაცულია: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს საპატრიარქოს სურათების კოლექციაში, მოსკოვის ა. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ,,ლუდვიგის,, მუზეუმში (კიოლნი, გერმანია), კ.გლეიზერის კერძო კოლექციაში (საარბრიუკენი, გერმანია), ბობ და მერიონ როტშილდების კერძო კოლექციაში (აშშ) და სხვა კერძო კოლექციებში.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 2012 წლის 22 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 1

 

კომენტარები