არქიტექტურა

გონსალუ ბირნის თვალით დანახული თბილისი

– ქალაქები ძალიან უმწეოები არიან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მყარად დგანან, რაც ასე არ არის. ისინი შეიძლება ბევრ რაიმეს ემსხვერპლონ, მაგალითად ომს, რომელიც ადამიანების ერთგვარი სტრატეგიული გეგმაა ქალაქის დასანგრევად. ჩვეულებრივ, ითვლება, რომ თუ ქალაქი ერთხელ აშენდა, ის სამუდამოდ იცოცხლებს. ამავე დროს, ადამიანების ცხოვრების წესი გამუდმებით იცვლება. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში – გვჭირდება ლიფტები, მანქანები, კარგი აბაზანები სახლში... ქალაქი ან ერგება და ადაპტირდება ცხოვრების ახალ მოდელთან, ან ჩნდება შესაძლებლობა, რომ ხალხი მასში აღარ იცხოვრებს. ეს ქალაქის სიკვდილის ყველაზე ცუდი შემთხვევაა...

გონსალუ ბირნი ქალაქებზე ისე გვესაუბრება, როგორც ადამიანზე. იმასაც ამბობს, რომ ქალაქი და ადამიანი განსხვავდებიან ერთმანეთისგან – ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, ვკვდებით, ქალაქის ცხოვრების ციკლი კი სხვაა, რადგან სიკვდილის შემდეგ მისი აღდგენა, რეაბილიტაცია კვლავ შესაძლებელია.

გონსალუ ბირნი პორტუგალიელი არქიტექტორია. ბირნის ნამუშევრებს შორისაა: ფიგურების თეატრი ფაროში, ფორლანინის პარკი მილანში, ესტორილ სოლის რეზიდენცია კაშკაიშში, მისი აღდგენილია D. Maria II-ის ნაციონალური თეატრი ლისაბონში. ბირნი საქართველში პირველად ჩამოვიდა. იმ დღეს შევხვდით, როცა პირველად მოუწია თბილისის გაცნობა. ახალი შთაბეჭდილებების ზეგავლენით, სასაუბრო თემაც თავისთავად გაჩნდა. „დილით თბილისში გავისეირნე. ეს საოცარი ქალაქია. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ესაა ქალაქი ბევრი ისტორიული ფენით. თბილისი მშვენიერია თავისი ტოპოგრაფიითაც. ვხედავ, რომ თქვენ ხართ ქალაქის ძალიან მდიდარ ტრანსფორმაციულ პერიოდში. როგორც მივხვდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ძირითადად, ისტორიულ უბანში, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ლამაზია, მაგრამ ალბათ ძალიან მყიფეც. ეს ძველი კონსტრუქციებისთვის ნორმალურია, რადგან თუ მათში არავინ ცხოვრობს, ისინი ინგრევა. ამიტომ საჭიროა მათი რეაბილიტაცია და დასახლება”.

ქალაქის ძველი ნაწილი არქიტექტორს ცარიელი მოეჩვენა. „მგონი იქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ხალხი ქალაქის ისტორიული ნაწილიდან წასვლას იწყებს, ეს ყველაზე უარესია – უკაცრიელი ნაგებობების ნგრევა ასე საგრძნობლად ჩქარდება”.

თბილისის ძველი შენობების აღდგენასთან დაკავშირებით არქიტექტორმა თავისი ხედვა გაგვიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ისტორიული წარსულის ქალაქებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ბირნს რესტავრაციის იდეა კონსერვატორულად მიაჩნია. ფიქრობს, რომ რუსთაველზე აშენებული საბჭოთა პერიოდის ნაგებობების რეაბილიტაცია უფრო მნიშვნელოვანია. „თანამედროვე არქიტექტურასა და ისტორიულ შენობებს შორის დიალოგი შესაძლებელია. რატომ უნდა გააკეთო ძველის ასლი, როცა შეგიძლია დიალოგი გქონდეს ძველთან?” – ამბობს ბირნი.

დარწმუნებულია, მომავალში ქალაქები უფრო გაიზრდება, რადგან ეკონომიკა დღეს ქალაქის ფენომენს უკავშირდება. თვლის, რომ ქალაქი თვითონაა ეკონომიკური მოდელი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ტურიზმია. ბირნის ღრმა რწმენით, თბილისი, თავისი ისტორიული მემკვიდრეობით, ნამდვილად იმსახურებს კარგ ინვესტიციებს. ასევე აუცილებლად მიაჩნია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობის ინვესტირება. მოეწონა რიყის პარკი, რომელსაც მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს.

ბირნს თანამედროვე არქიტექტურის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც ვესაუბრეთ. ცნობილია, რომ სამშენებლო პროექტები რესურსების დიდი რაოდენობით ხარჯვასთანაა დაკავშირებული. ამავე დროს, დღეს მდგრადი განვითარება გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მოთხოვნებთან არქიტექტორის ადაპტირების თემას გონსალუ ბირნი კომპლექსურად უყურებს.

– ვფიქრობ, მდგრადი განვითარების თემა ძალიან დიდ დემაგოგიას უკავშირდება. ჩვეულებრივ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მდგრადი განვითარება პირდაპირ კავშირშია ჰაი-ტექთან. ცოტა თუ ხვდება იმას, რომ მდგრადი განვითარების დონე, რომელიც ემყარება ჰაი-ტექს, საბოლოოდ არის უფრო ძვირი განვითარება და ასევე დიდ ენერგიას მოითხოვს. არიან არქიტექტორები, რომლებიც მუშაობენ ძალიან მდგრად პროექტებზე ინდოეთში, აფრიკაში, იყენებენ ლოუ-ტექს, მშენებლობის ტრადიციულ მეთოდებს, ნორმალურ ვენტილაციას და ასე მდგრადი განვითარების პრინციპებს მაღალ დონეზე იცავენ. წარმოიდგინეთ პირამიდა, მასტაბა არქიტექტურაში. მისი პირველი საფეხური არის ხედვის, მთავარი ვარიანტების შემუშავება – სად და როგორ ავაშენოთ. მეორე საფეხურზეა ყველაფერი, რაც ეხება მდგრად განვითარებას – თერმული ინსტალაცია, კარგი არჩევანი ფანჯრის ჩარჩოსთვის და ბოლოს, პირამიდის ყველაზე პატარა ნაწილი გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ ჰაი-ტექი – კონდიციონირება, ტენიანობის კონტროლი – ყველაფერი, რაც ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. თუ ეკონომიკურ გამოსავალს ვეძებთ, პირამიდა უნდა გადმოვაბრუნოთ. ყველაზე იაფი გზა პირველია – ხედვის შერჩევა. მეორე შედარებით ძვირია, მესამე კი ყველაზე ძვირადღირებული – აქ მხოლოდ ინსტალაციის საფასურზე კი არა, მისი შემდგომი ფუნქციონირების ღირებულებაზეც ვსაუბრობთ. ზოგი არქიტექტორი პირდაპირ ბოლო დონიდან იწყებს მუშაობას და პირველსა და მეორეს ყურადღებას არ აქცევს, მაშინ როცა ისინი ძირითადი დონეებია მდგრადობისთვის.

გონსალუ ბირნის საქართველოში ვიზიტის და მასტერკლასის ჩატარების ინიციატორი და ორგანიზატორი თანამედროვე არქიტექტურული სისტემების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანია Reynaers-ი გახდა. მასტერკლასზე გონსალუ ბირნმა ქართველ არქიტექტორებს თავისი რამდენიმე პროექტი გააცნო, ძირითადად კი „ესტორილ სოლზე” ისაუბრა, რომელიც პორტუგალიაში ყველაზე ძვირ პროექტად ითვლება. Reynaers-ის ალუმინისგან დამზადებული ინოვაციური სისტემის საშუალებით შენობას გამჭვირვალე კედლები და ორიგინალური ფასადი აქვს. „ეს პროექტი უნიკალურია, რადგან ჩვენი სისტემა აქამდე კოტეჯების მშენებლობაში გამოიყენებოდა, ამ შემთხვევაში კი ეს მრავალსართულიანი პროექტია”, – გვითხრა პაველ რედკომ, Reynaers-ის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა უკრაინასა და რუსეთში. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს გამოცდილება შეიძლება ბათუმისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს, რადგან ზღვის პირას მრავალსართულიანი ვილის აშენების საშუალებას იძლევა.

გონსალუ ბირნი ზოგადად არქიტექტურის მომავალს, ცოტა არ იყოს, პესიმისტურად უყურებს. არ მოსწონს თანამედროვე სკოლები, სადაც ახლა მოდურია არტისტული პროექტების გაკეთება, რადგან ფიქრობს, რომ ყურადღების მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე გადატანა არქიტექტურაში შეცდომაა. არც ეკონომიკური ფაქტორის მთავარ პლანზე წამოწევაა სწორი, რადგან არსებობს სხვა ღირებულებებიც – ადამიანური, ისტორიული. მთავარი კი, ამ საქმეში, როგორც ყოველთვის, ადგილის გათვალისწინებაა, რაც თანამედროვე არქიტექტორებს ხანდახან ავიწყდებათ კიდეც ამ არტისტულობის იდეის აკვიატების გამო.

„ხანდახან არქიტექტურის სკოლაში აკეთებენ სავარჯიშოს, რომელიც გულისხმობს უდაბნოში სახლის აშენებას, – ამბობს ბირნი, – ამბობენ, რომ უდაბნოში არაფერია. სინამდვილეში, უდაბნო შეიძლება ყველაზე მომთხოვნი ადგილი იყოს. სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს იქ არაფერია – ყოველთვის არის რაღაც, სანამ სახლს ააშენებ. ამიტომ უნდა გაიგო, რა იყო მანამდე – უნდა გესმოდეს, რომ ყველგან ყველაფრის აშენება არ შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, მაკდონალდსის ჰამბურგერის მსგავს პროექტს არ აკეთებ, რომელიც ერთნაირია მსოფლიოს ყველა წერტილში”...

 

კომენტარები