-22 მარტს თბილისმა უილტონ პარკის კონფერენციას „უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში” უმასპინძლა. კონფერენცია დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართა. უილტონ პარკის მიერ ორგანიზებული შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და მეცნიერებს შორის. ტაბულა კონფერენციის ფარგლებში ბრიტანელ პარლამენტარს, 2002-2005 წლებში ევროპის საქმეთა მინისტრს დენის მაკშეინსა და ჯეიმზტაუნის ფონდის პოლიტიკურ მიმომხილველს ვლადიმირ სოკორს ესაუბრა.
თქვენი ვიზიტის მიზნით დავიწყოთ. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში იღებთ მონაწილეობას. რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების თვალსაზრისით?
დენის მაკშეინი: მთავარი გამოწვევაა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ისეთი პოსტსაბჭოთა რეგიონის შექმნა, სადაც სახელმწიფოებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იარსებებდა. ანუ თავად სახელმწიფოებში იქნებოდა ჰარმონია დამყარებული, ევროპული ნორმების შესაბამისი კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. კვლავ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც რეგიონში დიპლომატიას ნულოვანი ჯამური თამაშის წესებით უდგება და ცდილობს გაყოს და იბატონოს. რეგიონში არასტაბილურობის მიზეზი სწორედ ეს არის. კრემლს მიაჩნია, რომ არასტაბილური სამხრეთ კავკასია დასავლეთს საკმაოდ აღელვებს და რუსეთს სურს, დასავლეთი – ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა – წნეხის ქვეშ ჰყავდეს.
ვლადიმირ სოკორი: ამ კონფერენციაზე საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრი განიხილება და უსაფრთხოებაზე ვიწროდ ფოკუსირებული არ არის. იგი ბევრ გამოწვევას ეხება – ამ რეგიონში სახელმწიფოს მშენებლობიდან დაწყებული, მისი განვითარებით დამთავრებული.
დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ექსპერტთა ჯგუფის დისკუსია შედგა, სადაც ჩემმა ქართველმა მეგობარმა, დავით დარჩიაშვილმა, არგუმენტირებულად ისაუბრა სამართალდამცავი სტრუქტურების – პოლიციისა და პროკურატურის – მძლავრი ცენტრალიზების საჭიროებაზე. მან გაიხსენა, 2003 წლამდე როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს პროკურორები და მოსამართლეები, ანდა მათ ნაცვლად, სხვადასხვა ბიზნეს თუ ინტერესჯგუფები, რომლებიც პროკურატურისა და სასამართლო ინსტიტუტების პრივატიზებას ახდენდნენ. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული პოლიცია არაეფექტიანია და არსებობს კორუფციის საფრთხე, ხოლო კორუფცია რომ აღმოიფხვრას, პოლიცია მძლავრად ცენტრალიზებული სტრუქტურა უნდა იყოს. რასაკვირველია, სავსებით ვეთანხმები მას. კლასიკური ლიბერალური სახელმწიფო მცირე ზომისა, მაგრამ ძლიერია. ამრიგად, ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც ვიმსჯელეთ.
მეორე დისკუსია ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება. გარდა ამისა, ჩემს გამოსვლაში შეშფოთება გამოვხატე, რომ საჭიროა მდიდარი ინდივიდების მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის თავიდან აცილება. ჩემი რწმენით, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ისეთი წინსვლა შეინიშნება, ქვეყანა არ დაუშვებს, რომ ერთმა ინდივიდმა, რაც არ უნდა მდიდარი იყოს იგი, ფულის მეშვეობით სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს.
ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. მოსალოდნელია, რომ ამან სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას ახალი პრობლემები შეუქმნას?
დენის მაკშეინი: პუტინის კავკასიური პოლიტიკა სრული კატასტროფაა. კრემლის მმართველმა ჩეჩნეთში მშვიდობა ვერ დაამყარა. მან საქართველოს მოწყვიტა პატარა, სეპარატისტული რეგიონები, 2008 წელს შემოჭრისა და უკანონო ოკუპაციის შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ დაგმო. იგი სირიის პირსისხლიან დესპოტს მხარს უჭერს. მან ვერ შეძლო რუსეთის გავლენის ბერკეტების სწორად გამოყენება, მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში. ბატონი პუტინისა და მისი საგარეო საკითხებზე მომუშავე გუნდის საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ვფიქრობ, ახლა თითი საკუთარი გადატვირთვის ღილაკს უნდა დააჭიროს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი, პროაქტიური, პოზიტიური პარტნიორული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს.
ვლადიმირ სოკორი: ვფიქრობ, პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, ერთი რამის გამო – ის ძალაუფლებას ინარჩუნებდა მაშინაც, როდესაც მედვედევი პრეზიდენტი, ხოლო თვითონ პრემიერ-მინისტრი იყო. აშკარაა, რომ მედვედევი გადაწყვეტილებებს პუტინის გავლენით იღებდა.
რუსეთის ამოცანები და პოლიტიკა, სულ ცოტა, 2001 წლიდან არ შეცვლილა. ეს პოლიტიკა რუსეთის ინტერესთა სფეროს აღდგენაზეა ორიენტირებული. არა ზუსტად ისეთის, როგორიც ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო, არამედ კრემლის ინტერესთა სფეროს სახეცვლილი, განახლებული ვარიანტის, სადაც მოსკოვი გააკონტროლებდა ბუნებრივ რესურსებს და მათ ტრანსპორტირებას, რუსეთის ირგვლივ შექმნიდა ეკონომიკურ ბლოკს, რომელიც არარუსული ქვეყნების რესურსებს რუსეთის კონტროლის ქვეშ მოაქცევდა და ამით გლობალური ძალაუფლების ეკონომიკურ ბაზას შეიქმნიდა.
დასავლეთში ბევრი ამბობს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირს აღარ ჰგავს და მას მხოლოდ რეგიონული ამბიციები აქვს. თითქოს ის, რომ მას მხოლოდ რეგიონული ამბიცია აქვს, რაიმე შვების მომტანი იყოს. იმ ხალხს, ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ ისეთი ევრაზიული სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, რომელიც ევრაზიის რესურსებს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცევს, ევრაზიული ძალაუფლების საფუძველს შექმნის. იგი შეძლებს რეგიონული ძალაუფლების გამოყენებას გლობალური ძალაუფლების მოსაპოვებლად, რითიც აუცილებლად დაუპირისპირდება შეერთებულ შტატებს. ეს არის სწორედ რუსეთიდან მომავალი საფრთხის მთავარი წყარო. პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტება არაფერს ცვლის, ვინაიდან 2001 წლიდან რუსული პოლიტიკა ასეთია და 2008 წელს საქართველოში შემოჭრაც ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი გამოთქვა და რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. რუსეთმა უარი განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად?
ვლადიმირ სოკორი: საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რაც ბატონმა სააკაშვილმა წამოიწყო, რათა ყველას დაანახოს, რომ ქვეყანას ფუნქციონალური ურთიერთობების დამყარება სურს. ასეთ ურთიერთობებს ნორმალიზებულს ვერ დავარქმევდი; მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ნორმალიზებასა ან ნორმალურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება. ფუნქციონალური ურთიერთობების ერთი ასპექტი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა, მეორე ასპექტი – ორმხრივი ვაჭრობის განახლება. ეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ფუნქციაა. ამრიგად, შეგვიძლია რუსეთთან ფუნქციონალური ურთიერთობების მიღწევაზე ვისაუბროთ. რაც სააკაშვილმა გააკეთა, საქართველოსთვის სასარგებლოა. კარგია, რომ ქვეყანას სურს ასეთი ურთიერთობები, იჩენს ინიციატივას, მზად არის რუსეთს ფუნქციონალური ურთიერთობები შესთავაზოს და, ამავე დროს, მისგან ტერიტორიების დეოკუპაცია მოითხოვოს.
დენის მაკშეინი: მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. არასწორი იქნებოდა, ეთქვა, 2008 წლის შემოჭრისა და ოკუპაციის გამო, რუსეთს მომდევნო 50 წლის განმავლობაში არ დაველაპარაკებიო. სამწუხაროდ, მაშინაც კი, როდესაც უცხოური ჯარია შენს მიწაზე, დიპლომატიური გამოსავლის ძიება გიწევს. სააკაშვილმა რუსებს ძალზე კეთილგონივრული წინადადება შესთავაზა ვიზის გაუქმების სახით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველო უმშვენიერესი ადგილია დასვენებისათვის – სამთო-სათხილამურო კურორტების, მზის, გემრიელი სამზარეულოსი თუ კარგი ღვინის გამო. და საკმაოდ ბავშვური საქციელია კრემლის მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებს აუკრძალოს, ისიამოვნონ ქართული სტუმარმასპინძლობით. სააკაშვილი აბსოლუტურად სწორ პოლიტიკას ატარებს რუსეთისთვის მეგობრობის ხელის გაწვდენით. თუმცა, ვშიშობ, რომ კრემლს, როდესაც ვინმე კოცნის ან კოცნას სთავაზობს, სახეში შეფურთხება ჰგონია.
რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ – თქვენი აზრით, რა როლს უნდა ასრულებდეს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საქმეში?
დენის მაკშეინი: ზოგადად, ევროკავშირი არ არის საკმარისად კონცენტრირებული შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა გაყოფილია და რუსეთის თაობაზე ერთ ხმაში არ საუბრობს. ევროკავშირი კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკის ქონასაც ვერ ახერხებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა კოსოვო აღიარონ, რადგან სწორედ მისი დამოუკიდებლობის არცნობაა რუსეთის პოლიტიკა და კრემლს აძლევს ხელს.
თუმცა, ევროკავშირს, რომელსაც შიდაეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება უწევს, ახლა ნამდვილად არა აქვს საკმარისი ენერგია და რესურსები, რომ მხარი რეგიონში სტაბილურობის გაუმჯობესების ღონისძიებებსა და პოლიტიკას დაუჭიროს. თუმცა, ამ კონფერენციაში, ისევე როგორც ვარშავის ინსტიტუტის კონფერენციაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, ბევრი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი მონაწილეობს. ეს მეტყველებს, რომ დასავლეთი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის გზების პოვნის პოლიტიკურ მნიშვნელობას აღიარებს.
ვლადიმირ სოკორი: აქ ორი სხვადასხვა ასპექტია: ერთი არის საქართველოს პოლიტიკა, მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მეორე, ევროკავშირის ინტერესი მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ევროკავშირი, ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ამ რეგიონს მისი ენერგოუსაფრთხოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დასკვნამდე მისასვლელად ევროკავშირს ბევრი წელი დასჭირდა. ამრიგად, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მინდა აღვნიშნო ევროკომისიის, ენერგოსაკითხებში ევროკომისრის გიუნტერ ეტინგერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს დადებითი როლი, რომელიც ეტინგერს უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის განვითარების საქმეში. ამრიგად, ეს ევროკავშირის მთავარი ინტერესია. რაც შეეხება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საქართველოს პოლიტიკას, საქართველო აშკარად მოწინავე ქვეყანაა, ბევრად უსწრებს აზერბაიჯანსა და სომხეთს. სომხეთმა საკუთარი არჩევანი გააკეთა – მან რუსეთის მოკავშირეობა არჩია. აზერბაიჯანის შემთხვევაში, სიტუაცია განსხვავებულია. აზერბაიჯანი აშკარად დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანაა და საკუთარ მომავალს ხედავს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსას, რომელსაც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები ექნება. თუმცა, ევროკავშირს ბოლომდე არ ესმის აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური ვითარება, არ ესმის ის პოლიტიკური მოდელი, რომელიც აზერბაიჯანმა ეროვნული განვითარებისათვის აირჩია. ამ ასპექტში, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, აზერბაიჯანი საქართველოს ჩამორჩება. მაგალითად, ბაქო წარმატებით ვერ ებრძვის კორუფციას. მაგრამ, ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველო და აზერბაიჯანი განუყოფელია, ვინაიდან ისინი ერთი დერეფნის ორი ნახევარი არიან. თუ ამ ორიდან ერთ-ერთი ქვეყანა ჩავარდა, სხვაც ავტომატურად ჩავარდება, ვინაიდან ამ დერეფანში განუყოფელი კავშირები არსებობს. ამიტომ, მსურს, ევროკავშირი მეტი გაგებით მოეკიდოს აზერბაიჯანს, ვიდრე ამას აკეთებს და მიხვდეს, რომ მას ეს ქვეყანა სჭირდება – პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. აზერბაიჯანი მუსლიმური ერის სეკულარული განვითარების ძალიან კარგი მაგალითია. ამრიგად, ეს არის ევროკავშირის ინტერესები ამ რეგიონში.
რა არის რეგიონში დემოკრატიის მთავარი გამოწვევა?
დენის მაკშეინი: სამი მთავარი ელემენტი არსებობს. პირველი, როგორ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ამერიკელები გენიოსები იყვნენ, როდესაც მე-18 საუკუნის ბოლოს გადაწყვიტეს, რომ მათი პრეზიდენტი მხოლოდ ოთხი ან, მაქსიმუმ, რვა წლის ვადით უნდა იყოს პრეზიდენტი, როდესაც ჯორჯ ვაშინგტონმა, რომელსაც შეეძლო ამერიკის პრეზიდენტად 20 წლის განმავლობაში დარჩენილიყო, თქვა, არ ვიცი ვინ მოვა ჩემ შემდეგ, მაგრამ ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერი იქნება, თუ მე აღარ ვიყრი კენჭსო. არა მგონია, დემოკრატიული ცვლილების ეს სწორი პრინციპი საკმარისად იყოს გამყარებული ამ რეგიონში.
მეორე არის კანონის უზენაესობა – მოსამართლეები, პროკურორები უნდა იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები პოლიტიკური ზეწოლისაგან. არცერთ მინისტრს, არცერთ პოლიციის უფროსს, არავის არ უნდა შეეძლოს, მოსამართლეს უბრძანოს ამა თუ იმ ადამიანის დაჭერა იმიტომ, რომ იგი მის მანქანას არ მოემსახურა ანდა მის ქალიშვილს სამუშაო ან სტიპენდია არ მისცა.
მესამე გამოხატვის თავისუფლებაა, რაც ასევე პასუხისმგებლურ ჟურნალისტიკას ნიშნავს. ძალიან გავრცელებულია სენსაციებზე ფოკუსირებული, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი და არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა. ბევრს ჰგონია, თუ ინტერნეტში წერს ან Twitter-ით ავრცელებს ინფორმაციას, უამრავი ტყუილი შეუძლია თქვას. ჟურნალისტიკასაც საკუთარი ეთიკის წესები სჭირდება. თუმცა, კვლავ არსებობს დაუბალანსებელი ჟურნალისტიკის უამრავი ფაქტი ანდა მაგალითები იმ ჟურნალისტების დევნისა, დაპატიმრებისა და დაშინებისა, რომლებიც მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებას ცდილობენ. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ევროატლანტიკური სახელმწიფოა, თუ ჟურნალისტი ჰყავს დაპატიმრებული იმისათვის, რასაც ის წერს ან ამბობს.
უფრო გლობალურ საკითხებზე რომ გადავიდეთ. ირანი სულ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, ეს რეგიონს რისკის წინაშე აყენებს?
დენის მაკშეინი: ირანი ატომური ბომბის შექმნას თუ გააგრძელებს, ეს რეგიონის დესტაბილიზაციას აშკარად გამოიწვევს. აჰმადინეჟადმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს ისრაელის განადგურება. ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთ გერმანულ ტელეარხთან საუბრისას თქვა, რომ გენოციდი ისრაელის მიერ მოგონილი ტყუილია. არავის უნდა, ისეთ კაცს, რომელიც ამბობს, რომ გენოციდი ებრაელების მოგონილი ტყუილია და მოუწოდებს ამ ხალხის განადგურებისაკენ, ხელი ბირთვულ იარაღთან მიუწვდებოდეს. ამრიგად, ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა. ირანი ამბობს, რომ სამშვიდობო მიზნებისათვის უნდა ბირთვული იარაღი, თუმცა ამავე დროს, უარს ამბობს საერთაშორისო ინსპექტორებს აჩვენოს, რას აკეთებს. ირანი თურქეთს, როგორც რეგიონულ ძალას, შურით უყურებს და ცდილობს სპარსეთის სიდიადის აღდგენას. მანამ, სანამ ირანი ამტკიცებს, რომ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა და სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა არსებობს, ნავთობის ფასი იზრდება, რაც დასავლეთის ეკონომიკების დესტაბილიზაციას იწვევს. ჩვენ კი არ გვინდა, რომ დასავლეთის დემოკრატიებმა 120 დოლარი გადაიხადონ ერთ ბარელ ნავთობში. არამედ გვსურს, რომ საქართველოში, სომხეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში დააბანდონ ფული, რაც უფრო მეტ და მეტ ხალხს მოუტანს კეთილდღეობას.