რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

დიდი მანევრები საქართველოს საზღვრებთან

რუსეთი კავკასიაში საკუთარ სამხედრო ძალებს აძლიერებს და მოსკოვი ამ ფაქტის დამალვას არც ცდილობს. პირიქით, რუსულ წყაროებში დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება რუსული მანევრების, შეიარაღებისა თუ სამხედრო გეგმების შესახებ.

მილიტარიზაციის პროცესი საქართველოს საზღვრებთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლებია გრძელდება, მაგრამ ამჯერად პროცესს სხვა საშიში ფაქტორებიც ემატება. 2008 წლის მსგავსად, წელსაც მთელი რიგი გარემოებების თანხვედრა ხდება – საარჩევნო პერიოდი რუსეთში, აშშ-სა და საქართველოში; ასევე საერთაშორისო პრობლემა, რომელსაც საქართველოზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია – 2008 წელს ასეთი პრობლემა კოსოვო გახდა, ახლა კი დაძაბულობა ირანის გარშემო წარმოიშვა. ეს დაძაბულობა, დიდი ალბათობით, შეიძლება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.

ისევე, როგორც 2008 წელს, წელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრების ჩატარებას გეგმავენ. კავკასია-2012 უპრეცედენტო მასშტაბის სტრატეგიული წვრთნაა, რომელშიც შეიარაღებულ ძალებთან ერთად ყველა ძალოვანი სტრუქტურის მონაწილეობაა დაგეგმილი. მასში ჩაერთვებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე სომხეთში დისლოცირებული რუსული ძალები.

მართალია, მსგავსი მანევრები რუსულ შეიარაღებულ ძალებს საქართველოს საზღვრებთან სხვა დროსაც განუხორციელებიათ, მაგრამ წლევანდელ წვრთნებს ძველებისგან არა მხოლოდ მასშტაბი, თარიღიც განასხვავებს. კავკასია-2012 სექტემბერში დაიწყება, მაშინ როდესაც წინა წლებში მანევრები ივლის-აგვისტოში ტარდებოდა.

იმის შესახებ, რომ რუსული მანევრები მიზნად საქართველოზე ზემოქმედებას ისახავს, 2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: ”[საქართველოში] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა მეზობელმა დიდი სამხედრო სწავლებები დანიშნა სექტემბრის მეორე ნახევარში და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის”. სააკაშვილის თქმით, წვრთნები საარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა დაშინებას ემსახურება.

რუსული წყაროები ამ მანევრებს ირანის გარშემო შექმნილ დაძაბულობას უკავშირებენ. გასული წლის დეკემბერში ნეზავისიმაია გაზეტა, კომპეტენტურ წყაროებზე დაყდნობით იუწყებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში მოსკოვი სამხედრო სამზადისს შეუდგა. კერძოდ, ნოემბერში დაიწყო სომხეთში რუსული ბაზის „ოპტიმიზაცია” – ქვეყნიდან გაიყვანა სამხედროების ოჯახის წევრები და ქვედანაყოფებს დისლოკაციის ადგილები შეუცვალა. ასევე დეკემბრიდან გადაიყვანეს განსაკუთრებულ საბრძოლო მზადყოფნაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ნაწილები.

გამოცემას მოჰყავს გადამდგარი რუსი გენერლის, იური ნეტკაჩოვის მოსაზრება. მისი მტკიცებით, ირანში კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთში არსებულ ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიის გავლით, ძალის გამოყენებით შეეცდება.

მომავალი წვრთნის სცენარიც, გამოცემის ცნობით, სწორედ ირანის კონფლიქტის მოლოდინზე იქნება აგებული.

რუსეთის ხელისუფლებას ირანის კონფლიქტზე რეაგირების გეგმა მზად აქვს. სტატია ამის შესახებ მარტში რუსულმა გაზეთმა კომერსანტმა, დიპლომატებზე და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთს „ხვრელების ამოვსება” მოუწევს, რაც „ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად” დაუჯდება. ფაქტობრივად, რუსმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ რუსული გეგმა შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადებას გულისხმობს.

მანევრები, რომელიც კავკასია-2012-ის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, რუსული შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჯგუფებაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გააქტიურდა დაჯგუფების მომარაგება უახლესი შეიარაღებით – მართვის ავტომატური სისტემებით, ზალპური ცეცხლის დანადგარებით და ასე შემდეგ.

მარტში რუსეთის სადესანტო ჯარების სარდალმა, გენერალმა შამანოვმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის მახლობლად საბრძოლო ვერტმფრენების ბაზა გაიხსნება. მისი აუცილებლობა კი „სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაძაბულობის ზრდამ” განაპირობა.

კავკასია-2012-სთვის მზადების ფარგლებში ინტენსიური მანევრები, გადამზადება და გადაიარაღება მიმდინარეობს ისეთ ქვედანაყოფებში, როგორიცაა სტრატეგიული ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ეს კი მოწმობს, რომ რუსეთის არმია უცხო სახელმწიფოს რეგულარულ ძალებთან კონვენციური ომისთვის ემზადება, რადგან ვერც სტრატეგიულ ბომბდამშენებს და ვერც საზენიტო დანადგარებს ტყეში მეამბოხეების წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. თანაც იანვარში, სამხრეთის სამხედრო ოლქში, სპეციფიკური წვრთნა ჩატარდა, რომელიც საწვავის შორ მანძილზე მიწოდების მიზნით მილსადენის გაყვანას ითვალისწინებდა.

დღეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 11 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული და ამ ბაზებზე რუსეთის ხელთ არსებული ყველაზე თანამედროვე შეიარაღებაა განლაგებული. მათ შორის, Т-90 ტიპის ტანკები, Точка-У-ს ტიპის ტაქტიკური რაკეტები (მოქმედების რადიუსი 120 კილომეტრი), ზალპური ცეცხლის დანადგარი Смерч (90 კილომეტრი), ასევე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300.

ფაქტობრივად, 2008 წლის შემდეგაც, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებაზე ზრუნავს. ეს მაშინ, როცა თბილისს მილიტარიზაციისთვის არანაირი საბაბი არ მიუცია – საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადო, ადმინისტრაციულ საზღვრებზე კი სიტუაციას ევროკავშირის დამკვირვებლები აკონტროლებენ.

სამხედრო ექსპერტთა აზრით, საქართველოზე შესაძლო შეტევის წარმატებით დასრულებისთვის ეს ძალებიც არ არის საკმარისი, რუსეთიდან დამატებითი შენაერთების მობილიზებას კი დრო დასჭირდება. თუმცა მანევრების პერიოდში, 2008 წლის მსგავსად, რუსეთს ექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოს საზღვრებთან წინასწარ განალაგოს დიდი ძალები.

ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ფორმალური საბაბი სჭირდება. მოსკოვს ამისთვის რამდენიმე შესაძლებლობა აქვს – მოაწყოს პროვოკაცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე; „იპოვოს” ქართული კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე შეტაკებებში; ისარგებლოს შიდა არეულობით და ჯარები „აჯანყებული ხალხის” მხარდასაჭერად დაძრას; მაგრამ ყველაზე რეალური, სავარაუდოდ, ირანში კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში საქართველოზე „დერეფნის გაჭრა” იქნება.

ამის შესახებ წერს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი Eurasia Daily MONITOR-ში. ის მიმოიხილავს რუსული ჯარების სამხედრო სამზადისს და აღნიშნავს, რომ თბილისში კრემლის სამხედრო აქტიურობას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.

„მოსკოვს, რასაკვირველია, არჩევნებზე სააკაშვილის დამარცხება გაუხარდებოდა, მაგრამ ირანის ომი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია”, – აღნიშნავს ექსპერტი. მისი აზრით, რუსეთმა შესაძლოა იმით ისარგებლოს, რომ დასავლეთის ყურადღება ირანზე იქნება გადატანილი – წამოიწყოს შეტევა, რათა არ დაუშვას სამხრეთ კავკასიაში ამერიკული ბაზების განლაგება და ხელში ჩაიგდოს კონტროლი ენერგეტიკულ დერეფანზე. „და როგორც ბონუსი, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, შესაძლოა, სააკაშვილის რეჟიმიც გაანადგუროს”, – მიიჩნევს ფელგენგაუერი.

თბილისში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია ჯერჯერობით რეალურად არ მიაჩნიათ. „ვფიქრობ, საერთაშორისო ფაქტორების გამო, ამ მომენტში არ არსებობს მუქარის მყისიერად განხორციელების წინაპირობები. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული იქნება რაიმე იმანენტური, სრულმასშტაბიანი ნაბიჯები”, – განაცხადა 2 აპრილს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ეხო მოსკვისთან საუბრისას. ამავდროულად, მისივე თქმით, მოსკოვს 2008 წელს დაწყებული „საქმის” ბოლომდე მიყვანა აქვს განზრახული.

კომენტარები