სიტყვის თავისუფლება

მორიგი შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე

ცოტა ხნის წინ პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს – მედიის წარმომადგენლების დაჯარიმებას იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელ ფოტოს, ან ვიდეოგამოსახულებას გაავრცელებენ. ინიციატივას, რომლის ავტორი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი რატი მაისურაძეა, უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დღის წესრიგში მსგავსი საკითხი დგება. შეზღუდვების მომხრეებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჟურნალისტები ბრალდებულთა მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელებით ამ ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ, ასევე, ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მათ პატივსა და ღირსებას ლახავენ. მსგავსი მიდგომა ხშირად მცდარ დაშვებებს ეფუძნება და შეიძლება გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო სხდომების საჯაროობა გარანტირებულია. პროცესები ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დაიხუროს. ბოლო დროს, მართლმსაჯულების სისტემაში საჯაროობის თვალსაზრისით სახიფათო პრაქტიკა გამოიკვეთა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ საქმეებში მოქალაქეთა სახელების და გვარების ნაცვლად, მათი ინიციალებია მითითებული. ეს, პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით, საჯაროობის პრინციპს არღვევს და ადამიანებს საჯარო ინფორმაციაზე კანონით გარანტირებულ ხელმისაწვდომობას უზღუდავს. უზენაესი სასამართლოს ქცევა გაუგებარია იმიტომაც, რომ სასამართლო პროცესის დამსწრეებისთვის ეს ინფორმაცია –- სახელებისა და გვარების ჩათვლით – ისედაც ხელმისაწვდომია.

ღიაობა სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი ატრიბუტია. ამის ნაწილია მედიაც, რომელიც პროცესს აშუქებს და მის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს. ის, გამოაქვეყნოს თუ არა ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალები, მედიის თვითრეგულირების სფეროს განეკუთვნება და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარემოებებიდან, საქმის სპეციფიკიდან და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

მცდარია აზრი, რომ ამგვარი მასალის გამოქვეყნება აპრიორი იწვევს ბრალდებულის პატივისა და ღირსების შელახვას, თუნდაც შემდგომში სასამართლომ გაამართლოს. მედიას ფოტო და ვიდეომასალა ამბის მოსაყოლად სჭირდება. ამბის თხრობისას ფაქტების გადაცემის გარდა, შეიძლება, გამოითქვას ვარაუდები და ეჭვები – მათ შორის, არა მხოლოდ იმაზე, რომ პირი დამნაშავეა, არამედ მის უდანაშაულობაზეც. ამასთან, ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელებამ საქმის წინსვლაც შეიძლება განაპირობოს – მაგალითად, გამოჩნდნენ ახალი მოწმეები.

ჟურნალისტური საქმიანობის და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად აკრძალვების შემოღება, ხელისუფლების ხელში მნიშვნელოვან ბერკეტად შეიძლება იქცეს, რაც დააზარალებს მედიასაც და საზოგადოებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მედია უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევს. ეს მხოლოდ სასამართლოს ხელეწიფება – ხელისუფლების იმ შტოს, რომელიც პირის ბრალეულობა-უდანაშაულობაზე იღებს გადაწყვეტილებას.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება, როდესაც სასამართლოს შენობამდე ბრალდებულის სამართალდამცავების თანხლებით გადაადგილებას მედიის წარმომადგენლები იღებენ – ეს გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ჟურნალისტები კითხვებსაც სვამენ. ამგვარ სიტუაციაში ხვდებიან ცნობილი ადამიანებიც – დაწყებული მსახიობებით, დამთავრებული ბიზნესმენებით და ფინანსისტებით. პრაქტიკა, რომელიც Perp walk-ის სახელითაა ცნობილი, ყველაზე მეტად ნიუ იორკთანაა ასოცირებული. Perp walk-ს კრიტიკოსებიც ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი ფოტო და ვიდეოგადაღება ბრალდებულთა შეურაცხყოფაა და ხელს უწყობს როგორც წინასწარი განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შემდგომ სტიგმატიზებას.

ამ საკითხზე დისკუსია განსაკუთრებით გააქტიურდა შარშან, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტი, დომინიკ სტროს-კანი ნიუ იორკში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომდე გზის რეპორტიორების წინაშე გავლა მასაც მოუწია და გაუპარსავი, ბორკილებდადებული სტროს-კანის ამ მდგომარეობაში ხილვა მისი თანამემამულე ფრანგების ნაწილისთვის საკმაოდ უსიამოვნო აღმოჩნდა. 2000 წლიდან ამგვარი მასალის მედიით გავრცელება საფრანგეთში აკრძალულია და ჟურნალისტებს ამისთვის აჯარიმებენ კიდეც.

აშშ-ში, გარდა იმისა, რომ გადაადგილებისას ბრალდებულის გადაღება მედიას აკრძალული არ აქვს, ჟურნალისტებს სამართალდამცავები ხშირად თავად უთანხმებენ მარშრუტის დეტალებს. პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასთან ერთად, მათ იმის ჩვენებაც სურთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, სუპერმოდელი, თუ რიგითი მოქალაქე. სამართალდამცავები კრიტიკას მოკლედ პასუხობენ: თუ არ გინდათ ამ გზის გავლა, ნუ დაარღვევთ კანონს.

თავის მხრივ, ბრალდებულს მედიის წინაშე განცხადების გაკეთების შესაძლებლობაც ეძლევა. Perp walk-ის პრაქტიკის დამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ თუ პირი უდანაშაულო გამოდგა, საქმის გამჭვირვალედ გაშუქება საზოგადოებასაც და სამართალდამცავებსაც სარკეში ახედებს – სამომავლოდ მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ უბიძგებს.

აშშ-ში (და არამხოლოდ) იქმნება სპეციალური ვებგვერდებიც, სადაც ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე თავს უყრიან მასალებს პირების დანაშაულებრივ წარსულზე. ამგვარი საიტების ნაწილით სარგებლობა ფასიანიცაა. მათ ფუნქციონირებას ბევრი იმ მოტივით აკრიტიკებს, რომ მოქალაქეთა დისკრიმინაციას ეწევიან – უკვე სასჯელმოხდილებს სტიგმატიზებას უწევენ და შემდგომ რეაბილიტაციაში ხელს უშლიან. თუმცა, ამის საპირწონე უფრო მნიშვნელოვანი რამაა – საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება. სამსახურში აყვანისას, თუ რაიმე სხვა პირადი კონტაქტის შემთხვევაში, მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ადამიანებს რისკების გათვლაში ეხმარება. და კიდევ – ამგვარ ინფორმაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა პოტენციური დამნაშავეებისთვის შემაკავებლად შეიძლება იქცეს.

 

კომენტარები