კვლევა

გლობალური დოვლათის დანიშნულების ადგილები მსოფლიოში

გლობალური დოვლათის 2012 წლის კვლევის მიხედვით, ჩინეთში ყველაზე მეტი ისეთი ქალაქია, რომელთა ეკონომიკაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეიტინგის ტოპ ათეულის და ოცეულის ქალაქებიდან ყველა ჩინეთსა და ინდოეთშია კონცენტრირებული, პირველი ათეული კი მთლიანად ჩინეთის ქალაქებისგან კომპლექტდება.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით ჩინეთი და ინდოეთი მშპ-ს ზრდის ტემპს მომდევნო 40 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ორიენტირებული ქვეყნები უფრო პროდუქტიულები იქნებიან. 2050 წლისთვის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება სინგაპურში, ჰონგკონგსა და ტაივანში.

წამყვანი საინვესტიციო ბანკების ვარაუდით, მომდევნო 40 წლის განმავლობაში BRIC-ის ქვეყნები – რუსეთი, ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი – გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლები აღარ იქნებიან. ამ მხრივ მათ კონკურენციას გაუწევენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ეგვიპტე, ბანგლადეში, ინდონეზია, ერაყი, ნიგერია, ფილიპინები, მექსიკა, თურქეთი, ტაილანდი და ირანი. თუმცა მანამდე იქ ფისკალური და პოლიტიკური რეფორმები უნდა გატარდეს. ეს ქვეყნები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესების პირობებში შეძლებენ გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და რეიტინგებში დაწინაურებას.

კვლევის თანახმად, უფრო წარმატებული იქნება ქვეყანა, რომელიც შედარებით აქტიურად მოახერხებს თავისი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას. ამისთვის კი ტელეკომუნიკაციები და ციფრული ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო სამუშაო ძალა – კვალიფიციური. ეს ამ ქვეყნებში ინოვაციის ხარისხსაც გაზრდის.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ეკონომიკის ზრდისთვისაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. რაც უფრო მეტი ქვეყანა გაჰყვება განვითარების ამ მოდელს, მით უფრო გაიზრდება ალბათობა, რომ 2050 წლისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, გლობალურ ეკონომიკაში ყველა ჩართული იყოს.

კვლევიდან გამომდინარე, 2050 წლისთვის მსოფლიოში 400-მდე განვითარებადი ბაზარი იარსებებს. ურბანიზაციის ტემპების გათვალისწინებით, სწრაფად განვითარებად ქალაქებში საშუალოდ 200 ათასიდან 10 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს. ურბანიზაცია უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ამ ბაზრებზე ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 5-ჯერ მაღალი იქნება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.5%-ით გაიზრდება. ამავე პერიოდში განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 1%-ზე ოდნავ მეტი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ განვითარებადი ქვეყნების ზრდის უდიდესი წილი აზიაზე მოდის, თუმცა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა ამ რეგიონზეც მოახდინა: 2010 წელთან შედარებით, აზიის ეკონომიკა საშუალოდ 2%-ით შემცირდა.

მთავარი გამოწვევა, რომელიც მომდევნო 40 წლის განმავლობაში განვითარებადი ბაზრების წინაშე იდგება, ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათწლეული ეს ბაზრები გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლები იყვნენ, მსხვილი მოთამაშეები დღემდე უმეტესად დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. კვლევა ადასტურებს – ზემოხსენებულ ქვეყნებში ამას კერძო უფლებების დაცვის დემონსტრირების ხანგრძლივი გამოცდილება იწვევს.

გლობალური დოვლათის 2012 წლის კვლევის მიხედვით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიძლება აღმოსავლეთის ქვეყნების სასარგებლოდ შეიცვალოს. ამაზე მეტყველებს აზიაში მილიონერების რაოდენობის ზრდა: რამდენიმე სხვა საერთაშორისო კვლევაზე დაყრდნობით, გლობალური დოვლათის კვლევა აკეთებს პროგნოზს, რომ 2016 წლისთვის აზიაში იმ ადამიანების რიცხვი გაორმაგდება, ვინც 100 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს და ჯამში 26 ათასს გადააჭარბებს. 2006 წლიდან დღემდე, ასეთი მდიდარი ადამიანების რიცხვი მსოფლიოში 29%-ით გაიზარდა და, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

 

კომენტარები