ჯანდაცვა

სისხლის დონაცია საქართველოში

0 კომენტარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად საშუალოდ 60 000 დონაციაა საჭირო, საქართველოში კი ეს რიცხვი 37 000-ს არ აღემატება. ამასთან, საქართველოში დონორთა 95% სისხლის ჩაბარებაში ფულად ანაზღაურებას იღებს.

კავკასიის ბარომეტრი 2011-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სისხლი არასდროს ჩაუბარებია, 61%-ს კი დონაციის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაფერი სმენია. ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ნაცნობთაგან დონორი არავინ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმეტესობა (61%) მაინც ფიქრობს, რომ დონორთათვის ფულის გადახდა არასწორია – ანაზღაურებად დონაციას მხოლოდ 22% ამართლებს.

უანგარო დონორთა რიცხვის სიმცირის მიზეზების დასადგენად კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით 20% დაზუსტებით ვერ ამბობს, თუ რატომ არ აბარებს სისხლს. 9%-მა არ იცის სისხლი სად ჩააბაროს, 4%-ს დონორობა არ სურს, მეხუთედი მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს, 8%-ს ინფექციური დაავადებების გადადების ეშინია, 7%-ს კი ნემსის შიში აქვს.

2011 წელს ცენტრმა კვლევა სამოქალაქო აქტივობის შესახებაც ჩაატარა. ამჯერად კითხვა სხვაგვარად იყო ფორმულირებული – რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ, მათი აზრით, სხვები რატომ არ აბარებენ სისხლს. აღმოჩნდა, რომ ისინი მესამე პირში საუბრისას უფრო თამამები იყვნენ. მაგალითად, 17% მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პრობლემა აქვს და სისხლის ჩაბარებას ამიტომ ვერ ახერხებს. საკუთარ თავზე საუბრისას კი დროის უქონლობა მიზეზად მხოლოდ 6%-მა დაასახელა. 10% დონორთა სიმცირეს სხვისი პრობლემების მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას უკავშირებს – საკუთარ თავზე საუბრისას კი ეს მიზეზი ძალიან ცოტამ დაასახელა.

კითხვაზე – მომავალი 12 თვის განმავლობაში ჩააბარებენ თუ არა სისხლს, რესპონდენტთა 38% პასუხობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, 21% ამბობს, რომ ეს არასდროს მოხდება, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ალბათობა დიდია.

გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს სისხლის გადასხმა 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება. სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციებისა და ორგანოთა გადანერგვის დროს. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. დონორმა ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით, შესაძლოა, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, რადგან ჩაბარებული სისხლისაგან სხვადასხვა კომპონენტები მზადდება. მათ გარკვეული ვადა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა ყოველდღიურად ესაჭიროებათ. მაგალითად, თრომბოციტული მასა 5 დღეს ინახება, ერითროციტები – 35-42 დღეს, პლაზმას ყინავენ და ერთი წლის განმავლობაშია ვარგისი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. საშუალოდ, თითო პაციენტზე 4 ერთეული სისხლი იხარჯება (როგორც წესი, ერთი დონორი ერთ ჯერზე 450 მლ სისხლს აბარებს, 1 დონაცია ერთი ერთეულია). ბანკში სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია. სისხლის ჩაბარებამდე 48 საათით ადრე პოტენციურ დონორს არ უნდა აღენიშნებოდეს გაციების ან გრიპის ვირუსის ნიშნები და მინიმუმ 50 კილოგრამს უნდა იწონიდეს. ყურადღება უნდა მიექცეს გადატანილ დაავადებებს, განსაკუთრებით ინფექციურს. მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის მდგომარეობა. დონორი ვერ გახდება ის, ვინც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში იყო ორსულად ან სისხლის გზით გადამდები ინფექციები აქვს (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).

სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-სა და კანადაში სისხლის დონორობა ჰომოსექსუალებსაც ეკრძალებათ. ჯანდაცვის მინისტრის

წლის 5 დეკემბრის ბრძანებით, ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობა არც საქართველოში შეუძლიათ – ითვლება, რომ ისინი შიდსის ვირუსის მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. მსგავს შეზღუდვას მოწინააღმდეგეები ჰყავს – მათი აზრით, ამ შემთხვევაში სისხლის დონორობის აკრძალვა მხოლოდ ჰომოსექსუალური სქესობრივი ქცევის საფუძველზე კი არა, ზოგადად, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ხდება. ანუ სისხლის დონორობა ეკრძალებათ როგორც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებ ჰომოსექსუალებს, ასევე, ყველა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს, რომელიც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ბრიტანეთში ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობის უფლება რამდენიმე თვის წინ მისცეს. მათ დონორობა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ პარტნიორთან სექსუალური კავშირიდან ერთ წელზე მეტია გასული. მსგავსი პირობით ეძლევათ დონორობის უფლება ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, შვედეთსა და ახალ ზელანდიაში.

მართალია, ჩაბარების შემდეგ სისხლი მოწმდება, მაგრამ სისხლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად თავად დონორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, დონორი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას თავადვე აფასებს და სპეციალურ ანკეტას ავსებს, შემდეგ კი სისხლს გარკვეულ საფასურად ან უანგაროდ აბარებს.

ბოლო წლების განმავლობაში უანგარო დონორთა რიცხვი სულ უფრო მატულობს და მათი რაოდენობა 70 ქვეყანაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, დონორთა 95% ქველმოქმედებაში კვლავ ანაზღაურებას იღებს, თუმცა მინიმალურს (30-40 ლარი).

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკი საქართველოში ერთადერთია, რომელიც დონორებს ფულს არ უხდის. მისი დირექტორის, ლევან ავალიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბანკმა დაარსების დღიდან მიიღო, ვინაიდან ფინანსური დაინტერესების შემთხვევაში, დონორმა შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამალოს. გარდა ამისა, დონორების მონაცემთა საერთო ელექტრონული ბაზის შექმნამდე, იყო შემთხვევები, როდესაც სისხლს დასაშვებზე ხშირად აბარებდნენ – ახლა დონაციებს შორის 2-თვიანი შუალედი მარტივად კონტროლდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში დონორთა ნახევარზე მეტი ქალია. ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი კი – 25-44 წელი (დონორთა 48%).

14 ივნისს, სისხლის უანგარო დონორობის მხარდასაჭერად და პატივისცემის ნიშნად, დონორთა დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები