მედიის თავისუფლება

საქართველოს მედიის თავისუფლების რეიტინგი გაუმჯობესდა

Freedom House-ის პრესის თავისუფლების კვლევაში საქართველოს რეიტინგი მესამე წელია უმჯობესდება. უკანასკნელ, 2012 წლის ანგარიშში ქვეყანა 111-ე ადგილზეა 52 ქულით და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიაში რჩება. Freedom House-ის ეს კვლევა 2011 წლის მოვლენებს აფასებს. წინა მონაცემებით საქართველოს 55 ქულა ჰქონდა და რეიტინგში 118-ე იყო.

Freedom House-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპა/ევრაზია) ერთადერთი მნიშვნელოვანი რიცხობრივი გაუმჯობესება საქართველოში მოხდა. ამის მიზეზად შემდეგი საკითხები სახელდება: რამდენიმე ახალი მედიასაშუალების ჩამოყალიბება; სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჯგუფზე და მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობაზე მოთხოვნების ამოქმედება.

ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს გარდა, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში  საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მის მსგავსად ნაწილობრივ თავისუფლები არიან უკრაინა და მოლდოვა.

მთლიანობაში გამოკვლეულია მსოფლიოს 197 ქვეყანა და ტერიტორია. აქედან 66 თავისუფალია, 72 – ნაწილობრივ თავისუფალი და 59 – არათავისუფალი. კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც მედია სრულიად თავისუფალია. სწორედ ამგვარ ქვეყნებში მედიის მდგომარეობის გაუარესების გამო მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში უდაბლეს ნიშნულს იმ ადამიანების რაოდენობამ, ვინც თავისუფალ მედიაგარემოში ცხოვრობს.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს მედია არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. განსაკუთრებული პრობლემები მას ბაჰრეინსა და სირიაში შეექმნა. ჩინეთში, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში მედიაზე მკაცრი კონტროლის შესანარჩუნებლად, ტრადიციულად, მრავალ ხერხს მიმართავდნენ. ჩილესა და უნგრეთში განვითარებულმა მოვლენებმა კი ეს ქვეყნები თავისუფალის სტატუსის მქონეთაგან ნახევრად თავისუფლებში გადაიყვანა.

თავის მხრივ, გაუმჯობესება აღინიშნა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში. არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი მოვლენების შემდგომ, მდგომარეობა განსაკუთრებით გამოკეთდა ეგვიპტეში, ლიბიასა და ტუნისში.

Freedom House-ი მსოფლიოში მედიის თავისუფლებაზე კვლევას ყოველწლიურად ატარებს. ორგანიზაციის მიერ ქვეყნებისთვის მინიჭებული ქულები 0-დან 100-მდე ნაწილდება. რაც ნაკლებია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა თავისუფლების მხრივ. რეიტინგები სამი ფართო კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. ესენია: სამართლებრივი გარემო, პოლიტიკური ზეგავლენა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მოვლენების გაშუქებაზე და ეკონომიკური წნეხი ამბების შინაარსსა და გავრცელებასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები