რესტორანი

პურის სახლის უჩაქაფულო გაზაფხული

აპრილის თბილი საღამოა, სიმწვანე ძალაში შედის, რესტორან პურის სახლის მენიუსაც კი გაზაფხული აწერია ყდაზე... ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვართ. ვათვალიერებთ კერძების ჩამონათვალს და პირველი იმედგაცრუების ჯერიც დგება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული – ხბოს, ქათმის და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი. უბრალო მწვანე სალათი (8.00 ლარი) – დაფლეთილი სალათის ფოთლები, ზეთი, ლიმონის ნაჭრები, მთლიანი შავი ზეთისხილები, წვრილად დაჭრილი კიტრი. შატო მუხრანის გორული მწვანეს წრუპვა უკვე დაწყებული გვქონდა და ამ სალათამაც დროზე მოგვისწრო.

ორაგულის წვნიანის (15.00 ლარი) ჯერიც დადგა. პირველი, რამაც ამ წვნიანში ყურადღება მიიქცია, დიდი რაოდენობით ბაჰარი იყო (ჩვენთან რო დუშისტი პერეცს ეძახიან). კამა, სტაფილო, ცხიმიანი წვენი. ორაგულის ხორცი ძალიან დონდლო და მოფამფალებული იყო, ზუსტად ისეთი, ჩვენს მარკეტებში ასე გავრცელებულ საშენის კალმახს რომ აქვს ხოლმე მოხარშვის შემდეგ. ალბათ მოგიხარშავთ ეს კალმახი და გახსოვთ მისი ფაფისებრი კონსისტენცია. თავად წვენი გემრიელი იყო, განსაკუთრებით მჟავიანობა მეამა გადაღლილზე და მსუბუქ ნაბახუსევზე.

შემდეგ ბოსტნეულის მწვადი მოვიდა (8.00 ლარი). პირველ რიგში პომიდორი გადავიღე და ძალიან მესიამოვნა ცეცხლის გემო, რომელიც ნაკვერჩხალზე შემწვარმა პომიდორმა დამიტოვა, კარგი იყო შემწვარი წითელი და მწვანე ბულგარულები, ქამა სოკო და ბადრიჯანი.

ძალიან დაგვწყდა გული და გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბატკნის ჩაქაფული არ ჰქონდათ. თანაც ამ გაგანია სეზონზე, ბრწყინვალე შვიდეულში, მაშინ, როცა მთელი ერი ბატკნის ჩაქაფულს ითხოვს. ძალიან სუსტი იყო ტოლმა ვაზის ფოთოლში (13.50 ლარი). არ ვიცი, შეიძლება ძველიც იყო, იმდენად უსიამოვნო გემო დატოვა ტოლმამაც და ნივრიანი მაწვნის საწებელმაც. ერთი სიტყვით, სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма. სხვათა შორის, მწვადზეც იმავეს გეტყვის, რადგან აქაური ღორის მწვადიც (11.00 ლარი) ძალიან უნიათო რამეა – დამწვარი კიდეები, მაგარი ხორცი, ნახშირი და ძვალი. საერთოდ, ამ ბოლო დროს, ქართულ კვების დაწესებულებებში მწვადი ჩიხში შევიდა.

კარგი იყო მწყერი მაყალზე (6:50 ლარი), თელავის მარნის საფერავსაც მოუხდა და ღვინოს პიკანტური გემოც კი გაუჩინა.

ყველის ასორტი (14.00 ლარი) ჩავარდნა იყო. პრინციპში, ამას არც ეთქმოდა ასორტი. აბა, სადაური ასორტია სამნაირი ყველისგან შემდგარი (იმერული, სულგუნი და შებოლილი სულგუნი) 6-ნაჭრიანი თეფში.

ღვინოებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მუხრანის გორული მწვანე ავიღეთ, ერთი ბოთლი. გარდა ამისა, რესტორანს აქცია ჰქონდა და კლასიკურად, ევროპულად დაყენებული თელიანის სამშვენისი გაგვასინჯეს. ძალიან დუნე ღვინო აღმოჩნდა, რომელიც აშკარად დაჯაბნა შატო მუხრანის წყალწყალა, მაგრამ სურნელოვანმა ღვინომ. ქვევრის სამშვენისი მუხის ტონებით ზედმეტად იყო დამშვენებული, თუმცა წიწაკის სიცხარე დაამარცხა და ტოლმასა და შემწვარ ბოსტნეულსაც მოუხდა.

ღვინის ბარათში კომპანიების რაოდენობა აქაც შეზღუდულია, მხოლოდ რამდენიმე ბობოლა, ერთი უსახელაური და ერთიც ბიო-საფერავი. ცქრიალა ღვინო, სამწუხაროდ, მარტო თელიანი ველისაა. სამაგიეროდ, Dom Pérignon აქვთ 480 ლარად და Moët & Chandon 180 ლარად. სულ ესა ვართ?

კერძის ფასებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ეს უფრო ზოგადი ტენდენციაა და ამაზე ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება.

პურის სახლი – რესტორანი გორგასლის ქ. 7
უბანი: აბანოთუბანი
ტელ: (+995 32) 30 30 30
სამზარეულო: ქართული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 100–150 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: [email protected]
საიტი: http://www.breadhouse.mgroup.ge/

 

კომენტარები