ტელეკომუნიკაცია

ტელეკომუნიკაციები და გლობალური კონკურენტუნარიანობა

უახლესი საერთაშორისო კვლევებით, 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორი იზრდება და სულ უფრო მეტად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ახალი ტექნოლოგიების უფრო აქტიურად დანერგვაა საჭირო. ამ მიზნის მიღწევა ეფექტურად მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ უნივერსიტეტებში მეტი დრო დაეთმობა კვლევას და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორისთვის მისაწვდომი იქნება.

BuddeComm-ის შეფასებით, 2003-2011 წლებში ამ სექტორში ყველაზე მეტად – დაახლოებით 7-ჯერ – გაიზარდა მობილური ტელეფონების მოხმარება, ხოლო დაფარვის ზონამ მთელი საქართველო მოიცვა. ამასთან, მესამე თაობის მობილურ სერვისს მილიონ მომხმარებელზე მეტი გამოუჩნდა.

კონკურენცია გაიზარდა ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზეც: როგორც კვლევა აღნიშნავს, ამის მთავარი მიზეზი ქვეყანაში სახელმწიფო

ოპერატორების – საქართველოს ტელეკომი და საქართველოს ელექტროკავშირი – პრივატიზება იყო. შედეგად, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე 270-ზე მეტი ლიცენზირებული სერვისპროვაიდერი და ქსელური ოპერატორი გამოჩნდა.

გაუმჯობესდა ინტერნეტის გამოყენებაც – კვლევის შეფასებით, 2010 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 30%-ზე ოდნავ მეტს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. მომხმარებელთა შორის ყველაზე პოპულარულია ფიქსირებული სიჩქარის ინტერნეტი – ამ სერვისით მომხმარებელთა 90% სარგებლობს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ინტერნეტს საქართველოში 690 ათასზე, მობილურ ქსელს – 3 მილიონზე, ხოლო ფიქსირებულ ქსელს 1 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.

თანამედროვე სამყაროში ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც მობილური და ინტერნეტი არ სჭირდება. ისინი დიდწილად განსაზღვრავენ ადამიანის კონკურენტუნარიანობას: მობილურის და ინტერნეტის გარეშე დღეს შეუძლებელია ეფექტური კომუნიკაცია გქონდეს სხვებთან, იშოვო მაღალანაზღაურებადი სამუშაო, იყო ყველგან და ყოველთვის ინფორმირებული. რაც უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი კომუნიკაციის ამ საშუალებებზე, მით უფრო ეკონომიკურად აქტიურია საზოგადოება. შესაბამისად, მეტია ქვეყნის შემოსავალი და მაღალია ცხოვრების დონე.

მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის მხოლოდ ერთი, თუნდაც ჯანსაღი ტელეკომუნიკაციების სექტორი, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომლის გარეშეც ეკონომიკური ცხოვრება, უბრალოდ, შეუძლებელია. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად კარგად გამართულ ტელეკომუნიკაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის შეფასებისას, ქვეყნის ყველაზე სუსტი მხარე ტექნოლოგიური მზაობა და ინოვაციაა. ამ კომპონენტების მიხედვით, ჩვენ ყველა უშუალო მეზობელს – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – ჩამოვრჩებით.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, საქართველო (მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის) ფიქსირებული სატელეფონო ხაზების მიხედვით – 85-ე, მობილური ქსელებით – 104-ე, ფიქსირებული სიჩქარის ინტერნეტის გამოყენებით – 72-ე, ხოლო ინტერნეტტრეფიკის მიხედვით – 62-ე ადგილზეა. ამასთან,

მდგომარეობა გაცილებით უკეთესია იქ, სადაც კომპიუტერებით და ინტერნეტით აღჭურვა მთავრობამ თავის თავზე აიღო. კერძოდ, საჯარო სკოლებში ინტერნეტის ხარისხის მიხედვით, საქართველო 67-ე ადგილზეა.

კვლევაში ნათლად ჩანს, რომ მთავრობა უფრო ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები თავის უწყებებში (76-ე ადგილი), ვიდრე უნივერსიტეტები (126-ე ადგილი) და კერძო კომპანიები (124-ე ადგილი). უნივერსიტეტების და კერძო კომპანიების დაბალი ტექნოლოგიური განვითარება ურთიერთგადაჯაჭვულია. კვლევა აჩვენებს, რომ რადგან ქვეყანაში მეცნიერების და კვლევის განვითარების დონე დაბალია (მე-100 ადგილი) და ცოტა ტრენინგცენტრი არსებობს (115-ე ადგილი), კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების მოსაძებნად, დასანერგად და ასათვისებლად (115-ე ადგილი). ყოველივე ეს, თავის მხრივ, ინოვაციის შესაძლებლობას აფერხებს (103-ე ადგილი).

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და BuddeComm-ის შეფასებით, ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნოლოგიურ მზაობას და ინოვაციას, რითიც ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტულს გახდის.

კომენტარები