ფორმულა 1

ჩაის მაგიდა, 6 საბურავი და ზღვის ლომი

0 კომენტარი

წინა ნომერში ფორმულა 1-ის ისტორიაში 5 საუკეთესო ბოლიდი გაგაცანით, დღეს კი ფორმულა 1-ის 5 ყველაზე უსახურ მოდელს წარმოგიდგენთ.

მარჩ 711: 1971

ფორმულა 1-ში ეს გუნდი 1970-1992 წლებში ასპარეზობდა. გუნდის სახელწოდება დამფუძნებლების სახელის და გვარების აბრევიატურაა: მაქს მოსლი, ალან რიისი, გრემ კოაკერი და რობინ ჰერდი.

1971 წელს გუნდმა ჩემპიონატში ორი მოდელით იასპარეზა: 701-ით და 711-ით. ჟურნალისტების და სპეციალისტების ყურადღება სწორედ 711-მა მიიქცია, რომელსაც მთავარი კონსტრუქტორების, რობინ ჰერდის და ფრენკ კოსტინის ერთი უცნაური გადაწყვეტილების გამო „ჩაის მაგიდაც” უწოდეს – ბოლიდს უცნაური წინა ანტიფრთა გამოარჩევდა, რომელსაც ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, მანქანის აეროდინამიკური თვისებები უნდა გაეუმჯობესებინა.

ჰერდის და კოსტინის ამ გადაწყვეტილების გამო მარჩ 711 ნამდვილად არ გამხდარა უკონკურენტო – ერთი დიდი პრიზიც ვერ მოიგო, მაგრამ რბოლების ისტორიაში ყველაზე უსახურ მოდელთა შორის კი ნამდვილად მოხვდა.

ტაირელ P34: 1976-1977

ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოდელი: P34-ს 6 საბურავი ჰქონდა!

1976 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ტაირელის მთავარმა დიზაინერმა დერეკ გარდნერმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ბოლიდის აეროდინამიკური თვისებები რომ გაეუმჯობესებინა, წინა საბურავების შემცირება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯს მოჰყვა ის, რომ მანქანა რთულად სამართავი გახდა – ტრასას ცუდად ეჭიდებოდა, თუმცა კონსტრუქტორმა ახალი, არანაკლებ უცნაური ნაბიჯი გადადგა – საბურავების ერთი წყვილი დაამატა!

ამ მოდელის პიკი 1976 წლის შვედეთის დიდი პრიზი იყო: ჯოდი შექტერმა რბოლა მოიგო, პატრიკ დეპაილე კი მეორე ადგილზე გავიდა. შექტერი გახდა პირველი პილოტი (დღემდე ერთადერთია), ვინც ფორმულა 1-ის ეტაპი 6-საბურავიანი ბოლიდით მოიგო!

მიუხედავად ამ წარმატებისა, დერეკ გარდნერის ქმნილება, საბოლოო ჯამში, მაინც წარუმატებელი გამოდგა: 30 ეტაპზე იასპარეზა და მხოლოდ თითოჯერ შეძლო დიდი პრიზის და საკვალიფიკაციო რბოლის მოგება.

1977 წლის მიწურულს, იმის გამო, რომ 6 საბურავი უამრავ ტექნიკურ პრობლემას ქმნიდა, ტაირელმა მოდელზე საბოლოოდ თქვა უარი.

ბრებჰემ BT60B: 1991-1992

ბრიტანული გუნდის დებიუტი ფორმულა 1-ში 1962 წელს შედგა, 1992-ში კი ბრებჰემი სამეფო რბოლებს საბოლოოდ დაემშვიდობა. ბოლო ორი, განსაკუთრებით წარუმატებელი სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მათი დრო წასული იყო.

1991 და 1992 წლებში ბრებჰემმა თითქმის ერთი და იმავე ბოლიდით იასპარეზა: BT60B-ის წინამორბედი BT60Y-ით გუნდმა 1991 წელს მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და კონსტრუქტორთა თასზე მეათე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელი საერთოდ კოშმარული გამოდგა – მანქანა იშვიათად ახერხებდა საკვალიფიკაციო რბოლების დაძლევას.

სეზონში საუკეთესო შედეგი – მე-11 ადგილი – უნგრეთის დიდ პრიზზე აჩვენა ფორმულა 1-ის დებიუტანტმა დეიმონ ჰილმა (მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა), რომელიც თითქმის 4 წრით ჩამორჩა გამარჯვებულ აირტონ სენას. სხვათა შორის, ჰილი სეზონის შუაში მივიდა ბრებჰემში – გუნდიდან გაშვებული 29 წლის იტალიელი ქალბატონი, ჯოვანა ამატი შეცვალა...

უილიამს FW26: 2004

გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოდელი.

სეზონის წინ ფრენკ უილიამსი და ხელმძღვანელობა ახალ ბოლიდზე დიდ იმედებს ამყარებდა – 2003 წლის კარგი სეზონის შემდეგ პილოტების პირველობის და კონსტრუქტორთა თასის მოგება იგეგმებოდა, მაგრამ 18 რბოლიდან FW26-მა ერთადერთი მოიგო, ერთხელაც საკვალიფიკაციოში იმარჯვა.

ფრენკ უილიამსმა ფერარიდან ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში გადაიბირა ანტონია ტერცი, რომელსაც ახალი ბოლიდების აეროდინამიკური თვისებები უნდა გაეუმჯობესებინა. ტერცი ფერარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მანქანის, F2002-ის თანაავტორი იყო.

2004 წლის სეზონის დასაწყისში უილიამსში სწორედ ტერცის ინიციატივით შეიცვალა ბოლიდის „ცხვირი”, თუმცა ექსპერიმენტი იმდენად უსახური გამოდგა, რომ პრესამ მანქანა პრეზენტაციისთანავე აითვალწუნა – ზღვის ლომს შეადარა.

საბოლოოდ, FW26-მა კონსტრუქტორთა თასზე ფერარის, ბარ-ის და რენოს მერე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ჩავარდნად შეფასდა. წარუმატებლობის შემდეგ გუნდი დატოვა ტექნიკურმა დირექტორმა პატრიკ ჰედმა, ანტონია ტერციმ კი პრესის ზეწოლას ვერ გაუძლო და საერთოდ წავიდა ფორმულა 1-დან. უილიამსმა ორივე პილოტიც დაკარგა: კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ და გერმანელმა რალფ შუმახერმა გუნდში დარჩენა აღარ ისურვეს.

ჰონდა RA107/RA108:

2007-2008

ჰონდას ძრავებს სამეფო რბოლებში არაერთი გამარჯვება უზეიმია. იაპონური ავტოკონცერნისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მაკლარენთან თანამშრომლობა, მაგრამ XXI საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულს ჰონდასთვის მხოლოდ კოშმარული თუ ეთქმის.

2007 წელს ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა და ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ RA107-ით 17 ეტაპზე იასპარეზეს. გუნდმა მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა – ბატონი ორჯერ გავიდა მერვე ადგილზე, ერთხელაც მეხუთეზე.

2008 წელს, მცირე ტექნიკური დეტალებით განსხვავებულ RA108-ს კვლავ ბატონი და ბარიკელო მართავდნენ, გუნდმა ცოტათი მეტი – 14 ქულა მოიპოვა, მაგრამ საერთო ჯამში 35 რბოლაში ერთადერთი პოდიუმი (რუბენს ბარიკელოს მესამე ადგილი 2008 წელს, დიდ ბრიტანეთში) სახელოვანი გუნდისთვის სამარცხვინო იყო და სხვა არაფერი.

სეზონის დასრულებისთანავე ჰონდამ სამეფო რბოლები დატოვა, ამ ბოლიდების მთავარმა დიზაინერმა შუჰეი ნაკამოტომ კი ჰონდას სარბოლო კორპორაციაში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები