პერსეპოლისი

ცენზურა პოსტრევოლუციურ ტუნისში

0 კომენტარი

ნაბილ კარუი ფოტო: REUTERS
ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძო ტელეარხის ხელმძღვანელი ნაბილ კარუი ფრანგული ფილმის, „პერსეპოლისის” ჩვენებისთვის დაჯარიმდა. ამ პროცესმა სეკულარისტებსა და ისლამისტებს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა.

სასამართლომ ტელეკომპანიის უფროსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ზნეობრივი ღირებულებების ხელყოფისთვის ცნო დამნაშავედ. ანიმაციური ფილმი, რომელმაც ტუნისელების გაღიზიანება გამოიწვია, ირანელი გოგონას ცხოვრებას ასახავს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი არის ალაჰის ამსახველი კადრი, რაც ისლამის მიხედვით აკრძალულია. პროტესტის ნიშნად ისლამისტმა აქტივისტებმა ტელეკომპანიის შენობასა და კარუის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი ტელეარხის ხელმძღვანელის დაპატიმრებას მოითხოვდნენ.

ტუნისში Freedom House-ის წარმომადგენელი ფატი ზაბაარი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს მაშინ, როცა მოძალადე აქტივისტები დაუსჯელები რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ კარუის მიმართ წაყენებული ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სასამართლო ჯარიმას დასჯერდა. თუმცა მაშინ, როდესაც ხშირია ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, კარუისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით საშიში პრეცედენტი შეიქმნა.

თებერვალში ერთ-ერთი ჟურნალის გამომცემლები იმისთვის დააპატიმრეს, რომ მათ „თითქმის შიშველი” ფოტოსურათები დაბეჭდეს. რამდენიმე თვით ადრე კი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის” 7 წელი მიესაჯა ორ ბლოგერს, რომლებმაც ისლამის შესახებ ინტერნეტში კრიტიკული სტატიები გამოაქვეყნეს.

რევოლუციის შემდეგ უკიდურესი ისლამისტური დაჯგუფებების საქმიანობაზე აკრძალვები მოიხსნა, ახლა მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. ბოლო პერიოდში ისინი აგრესიული მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებაში რელიგიის როლის განმტკიცებას. აქტივისტების თქმით, „პერსეპოლისის” ტელევიზიით ჩვენება მუსლიმების შეურაცხყოფა და მიზანმიმართული პროვოკაციაა, ზოგიერთმა ულტრაკონსერვატორმა ისლამისტმა კი ნაბილ კარუის სიკვდილით დასჯაც მოითხოვა.

სეკულარისტებმა კარუის გასამართლება გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიღეს და ამ მოსაზრებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც იზიარებენ. მათი შეფასებით, ეს პროცესი ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ ცდილობს ტუნისი რევოლუციიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ სენსიტიური რელიგიური თემების დაბალანსებას გამოხატვის თავისუფლებასთან.

საპროტესტო აქცია სასამართლოს წინ ფოტო: REUTERS
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ელჩმა გორდონ გრეიმ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ტელეკომპანიის ხელმძღვანელის გასამართლებით და იმედოვნებს, რომ განაჩენის გასაჩივრებისას კარუის გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნის მთავრობა გაკვირვებულია ელჩის ნათქვამით, რადგან სასამართლო დამოუკიდებელია და არავის აქვს მართლმსაჯულებაში ჩარევის უფლება. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ტუნისის ურთიერთობები ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას უნდა ემყარებოდეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფად შეაფასეს. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში Amnesty International-ის წარმომადგენელი ენ ჰარისონი კარუის გასამართლებას იმის ნათელ მაგალითად მიიჩნევს, თუ როგორი წარუმატებელია ტუნისი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელს საკუთარი შეხედულებების მშვიდობიანი გზით გამოხატვის უფლება წაართვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები