სტადიონები

ფეხბურთის კათედრალები

მარაკანა

ვილა პარკი
ბრამალ ლეინზე უთამაშიათ რაგბი, კრიკეტი, ყოფილა ევანგელისტების თავშეყრის ადგილი და არქთიქ მანქისაც უმღერია. შეფილდ იუნაიტედის საშინაო სარბიელი 1855 წელს გაიხსნა და ის მსოფლიოში უძველესი მოედანია, რომელიც საფეხბურთო მატჩებს დღემდე მასპინძლობს.

ლეინის გარდა, არჩიბალდ ლიჩის ხელი კიდევ ორმოცამდე სტადიონს ატყვია. ლიჩი ლეგენდარული შოტლანდიელი არქიტექტორია, რომლის შემოქმედებითი კვალი დღემდე წარუშლელია ბრიტანულ ფეხბურთში. მისი დაპროექტებულ-აშენებული მოედნების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმეს გახსენება შეიძლება – ინგლისში ფეხბურთისთვის განკუთვნილი პირველი არენა, გუდისონ პარკი, მისი ხელით აშენდა, 1908 წელს მან დააპროექტა მანჩესტერ იუნაიტედის ოლდ ტრაფორდი, ერთ-ერთი პირველი მოედანი სააბაზანოთი, მასაჟცენტრით, ლიფტით, ფიტნესოთახით, ბარით, საფოსტო განყოფილებით და კაფეტერიით. მისი სანიმუშო ქმნილებაა ასტონ ვილას მოედანი ვილა პარკი, რომელიც გარე ფასადით შუასაუკუნოვან სასახლეს უფრო ჰგავს, ვიდრე სპორტულ კომპლექსს.

1902 წლის აიბროქსის ტრაგედიის შემდეგ, სადაც 25 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა, არჩიბალდ ლიჩის რეპუტაცია შეილახა, მაგრამ მასზე მოთხოვნა მაინც დიდი იყო – აშენებდა ტერასებს, ტრიბუნებს, სხვადასხვა კონსტრუქციებს. ლიჩის დიზაინი თითქმის ხელუხლებელი და პირველადი ფორმითაა შემორჩენილი ფულემის სტადიონ კრევინ კოტეჯზე.

არჩიბალდ ლიჩი 1939 წელს გლაზგოში გარდაიცვალა. მან 1899-1939 წლებში, ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ორმოცამდე სტადიონი და ტრიბუნა დააპროექტა, თუმცა ჰილსბროს შემდეგ ლორდ ტეილორის მოხსენებამ ბრიტანეთში სადგომი ტრიბუნები აკრძალა და ამიტომ ლიჩის ნამუშევრების დიდი ნაწილი მასიურად გაქრა – ზოგიერთი ტრიბუნა დაანგრიეს, ზოგს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და არქიტექტორის უნიკალური ხელწერაც დაიკარგა...

„მიუხედავად იმისა, რომ ფინალი წავაგეთ, უბრალოდ შემიყვარდა ეს მოედანი. აცტეკა მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლოა” – რუდი ფიოლერი, მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

აცტეკა ლათინური ამერიკის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი და მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანია. ბევრი დავობს, აცტეკა უფრო მნიშვნელოვანია საფეხბურთო ისტორიისთვის თუ ლონდონის უემბლი, ამ უკანასკნელს თითქოს მეტი მომხრეც ჰყავს და პელემ სულაც ფეხბურთის კათედრალი უწოდა, მაგრამ უემბლიზე არ გაუტანიათ საუკუნის გოლი, მხოლოდ ფანტომ გოლი გავიდა; უემბლიზე არ ჩატარებულა საუკუნის მატჩი; უემბლიდან არ წაუღია საუკუნის გუნდს ნიკეს ქანდაკება სამუდამო მფლობელობაში; უემბლიზე არ აღუმართავს მარადონას ღმერთის ხელი. ეს ყველაფერი მეხიკოში მოხდა. იყოს უემბლი კათედრალი, ოღონდ კოშკებიანი უემბლი, თეთრი ცხენის მნახველი უემბლი და არა ეს, ახალი, რომელსაც 2618 ტუალეტის მეტი, ღირებული არაფერი გააჩნია.

აცტეკა დღემდე ერთადერთი მოედანია, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, მაგრამ 2014 წელს, ამ წოდების გაზიარება, კიდევ ერთ ლეგენდარულ მოედანთან, მარაკანასთან მოუწევს.

„მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო მარაკანას გაჩუმება: რომის პაპმა, ფრენკ სინატრამ და მე” – ალსიდეს გიჯა,1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიასთან გამარჯვების გოლის ავტორი.

მარაკანას მშენებლობა 1948 წელს დაიწყეს და 1950 წლის ბრაზილიის მუნდიალისთვის თითქმის დაასრულეს. მოედანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და ყველაზე დრამატულ გადამწყვეტ შეხვედრას უმასპინძლა (ურუგვაი-ბრაზილია 2:1). თამაშს 200 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ბრაზილიელთა სიამაყე დღეს დიდ სამზადისსა და განახლების პროცესშია – მარაკანამ ჯერ 2013 წლის კონფედერაციის თასს უნდა უმასპინძლოს, შემდეგ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს და ბოლოს, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადას.

ალიანც არენა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სამ ფერში ანათებს და რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო იგრძნობა ფასადის სილამაზე. გარშემო – პატარა, სამრეკლოიანი ბავარიული სოფლები, ჯინსის ჟილეტებში გამოწყობილი გულშემატკივრები. ეს ყველაფერი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ როდესაც მოედანზე შედიხარ, ეს ატმოსფერო იკარგება. ირგვლივ ცარიელი, რუხი ფერის კედლები, რუხი ფერის სკამები, თითქმის რუხი ფერის ვაის ვურშტები – ზედმეტად მშრალი და არაფრისმეტყველი გარემოა გარე ფასადთან და ატმოსფეროსთან შედარებით.

მაგრამ ბავარიიდან სამხრეთ-დასავლეთით არის ადგილი, სადაც ყველაფერი პირიქითაა. როდესაც კამპ ნოუს სადგურიდან დაახლოებით 200 მეტრს გაივლი, ჩერდები, უყურებ და ფიქრობ – ეს არის კამპ ნოუ? გარედან მოედანი „რიგით რაიანში” ომაჰა ბიჩზე ჩადგმულ ნაცისტების კატენაცებს ჰგავს, მაგრამ შემდეგ ხედავ ბარსას ძველ, ყვითელ ავტობუსს, მემორიალურ დაფებს, ძეგლებს და ხვდები, შიგნით რაც გელოდება. ულამაზესი ტრიბუნები, ძველი სააბაზანოები, „თროფი რუმი”, ჟოან გამპერის კაბინეტი, უზარმაზარი მუზეუმი, შანდორ კოჩიშის კარადა, სტივ არჩიბალდის ფოტო-ვიდეო მასალა და სხვა უამრავი საინტერესო წვრილმანი. შემდეგ კონფერენს ჰოლი, პრესცენტრი და ბოლოს ხიდი. ხიდს გადაღმა ფანშოპია, ცალკე ქვეყანა. ევროპის ყველაზე დიდი მოედნის რეკონსტრუქცია 2007 წელს დაიწყო, მაგრამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა. კამპ ნოუზე განთავსებულ ბარსას მუზეუმს, ყოვეწლიურად 1.2 მილიონი სტუმარი ჰყავს.

მარაკანა
რეკონსტრუქციების და კომერციული მიზნების გამო, ბევრი მოედანი პირვანდელ სახეს კარგავს. ზოგი საერთოდ ქრება. 100-წლიანი ისტორიის მქონე უელსური ფეხბურთის სიმბოლო – ნინიან პარკი, ადგილი, სადაც ჯოკ სტინი გარდაიცვალა, დაანგრიეს და მის ადგილას იმავე სახელწოდების დასახლებას აშენებენ. სამაგიეროდ, უელსმა ალიანც არენას მსგავსი არქიტექტურის ზეიმი, მილენიუმ სტედიუმი ააშენა.

როდესაც გლაზგოში ჰემპდენ პარკის რეკონსტრუქცია დაასრულეს, დიზაინერებმა შესასვლელი ბლოკები, რომლებიც მოედანზე შესვლა-გამოსვლის დროს თითქმის ერთი საუკუნე სპეციფიკურ ხმას გამოსცემდნენ, ხელუხლებელი დატოვეს. ეს იმის ნიშნად, რომ აქ, გლაზგოში, ისევ ჰემპდენი იდგა. ჰემპდენი, რომელსაც აინტრახტი-რეალი, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით დასწრებადობის ათამდე რეკორდი და უეფას ეგიდით გამართული 7 ევროთასის ფინალი ახსოვს.

საკმარისია, ძველ უემბლიზე ჩატარებული ერთი მატჩის ჩანაწერი მაინც ნახოთ და დღევანდელი უემბლის ატმოსფეროს შეადაროთ. სხვაობა ძალიან დიდია. თანამედროვე ინჟინერია მოედანს მეტ შემოსავალს მისცემს, შესძენს მეტ პრაქტიკულობას, მეტ კომფორტს, 2618 ტუალეტს. მაგრამ არქიტექტურა და ინჟინერია ვერ შექმნის იმას, რაც ენფილდზე, კამპ ნოუზე, სანტიაგო ბერნაბეუზე, ჯუზეპე მეაცაზე და ნინიან პარკზე ათეული წლების მანძილზე იქმნებოდა.

 

კომენტარები