ჩილე

არათანმიმდევრული პრეზიდენტი

ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ

სტუდენტების საპროტესტო აქცია

პრეზიდენტი სებასტიან პინერა
ცოტა ხნის წინ, ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა კონგრესის წინაშე მოხსნებით წარდგა. ორსაათიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ყურადღება ეკონომიკურ განვითარებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ჩილე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სახელმწიფოების რიცხვშია.

პრეზიდენტმა საზოგადოებას უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების გამო მოუბოდიშა. მისი თქმით, 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ზარალის ¾ უკვე აღდგენილია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩილეში უმუშევრობის დონე 7%-ზე დაბალია, ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში 15%-ით, ექსპორტი კი 40%-ით გაიზარდა.

პინერას გამოსვლა სტუდენტური პროტესტის თანხლებით მიმდინარეობდა – ისინი უფასო განათლებას მოითხოვდნენ. მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განათლებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ერთი მილიარდი გამოიყოფა. „ჩვენი გადმოსახედიდან, ქვეყანაში, სადაც ბევრი დეფიციტი და უთანასწორობაა, უსამართლო იქნება, თუ სახელმწიფო მოსახლეობის ყველაზე პრივილეგირებული ნაწილისთვის უფასო განათლებას დააფინანსებს”, – აღნიშნა მან.

ჩილეს მაგალითმა, როგორც წარმატებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოდელმა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი აალაპარაკა. სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა ორი დეკადის მანძილზე იმყოფებოდა დიქტატორული რეჟიმის ქვეშ, თუმცა ამას ეკონომიკური წინსვლისთვის ხელი არ შეუშლია.

ჩილეს სამხრეთ ამერიკის “ვეფხვად” მოიხსენიებენ, რითიც მის სწრაფ ეკონომიკურ აღმასვლას უსვამენ ხაზს. იქ, 1990 წლიდან მოყოლებული, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და დღეს 16,100 დოლარს უდრის. ეს მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. 2010 წლიდან ჩილე ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის პიონერი წევრია ლათინური ამერიკის სახელმწიფოებიდან. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩილეში დაბალია უმუშევრობის დონეც. გარდა ამისა, სტაბილური დემოკრატიების მსგავსად, ძლიერია მოსახლეობის საშუალო კლასი და მცირეა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი.

ქვეყნის დემოკრატიულ მოწყობას დიდი ისტორია აქვს. სალვადორე ალიენდეს ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩილეს ნაკლებად რადიკალური სახეები მართავდნენ, შენარჩუნებული იყო პოლიტიკური სტაბილურობა და პარტიათა მონაცვლეობა. 1973 წლიდან მოყოლებული ალიენდეს მიერ წამოწყებულმა სოციალისტურმა რეფორმებმა ჩილესთვის არასახარბიელო შედეგი გამოიღო – მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაცია მოხდა, ინვესტორები ჩილეში ბიზნესის წამოწყებაზე უარს ამბობდნენ. სოციალისტური გეგმები აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო გადატრიალებამ შეაჩერა.

პინოჩეტის დიქტატურა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ლაქაა თანამედროვე ისტორიაში, რადგან მისი მმართველობის პერიოდში 3000-მდე ადამიანი გახდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. პინოჩეტის ავტორიტარული ხელისუფლება ლათინური ამერიკის იმდროინდელი დიქტატურებისგან არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა ის, რაც საინტერესოს ხდის ჩილეს მაგალითს, არის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც პინოჩეტის მთავრობამ გაატარა.

პინოჩეტის რეფორმების არქიტექტორები იყვნენ „ჩიკაგოს ბიჭები”, რომლებმაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩილეს ეკონომიკური კურსი პროფესორ მილტონ ფრიდმანის იდეებზე დააფუძნეს. მოხდა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო განკარგვიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა, მაგალითად, საპენსიო სისტემის პრივატიზაცია და სასკოლო სავაუჩერო სისტემის შემოღება. ბიზნესისთვის ღია ეკონომიკური გარემოს შექმნით მოზიდული იყო საგარეო ინვესტიციები. ქვეყნის წარმატების მიზეზი გახდა დაბალი გადასახადები, რამაც კერძო ინიციატივები წაახალისა. „ჩიკაგოს ბიჭების” პოლიტიკურ კურსს ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა ჩილეს დღევანდელი წარმატება დიდწილად სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია.

1988 წლის რეფერენდუმზე ჩილეს მოსახლეობამ უარით უპასუხა შეკითხვას, სურდა თუ არა პინოჩეტისთვის დამატებითი 8-წლიანი საპრეზიდენტო ვადის მიცემა. 1990 წლის დემოკრატიული ცვლილების შედეგად კი ქვეყანას მემარცხენე მთავრობა ჩაუდგა სათავეში. „ჩიკაგოს ბიჭების” ეკონომიკური მიმართულება მომავალმა მთავრობებმა დიდწილად შეინარჩუნეს, თუმცა მემარცხენე კოალიცია კონცენტრაციონი მეტ ყურადღებას უთმობდა სოციალურ პროგრამებს.

სტუდენტების საპროტესტო აქცია
გაიზარდა სამთავრობო დანახარჯები. 2006-დან 2010 წლამდე ჩილემ „ბიზნესის სიმარტივის” გამოკითხვებში ქვემოთ ჩაინაცვლა, მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე, 53-ე ადგილიდან 39-ზე აიწია.

ამჟამინდელი პრეზიდენტი სებასტიან პინერა 52 წლის განმავლობაში არჩეული პირველი მემარჯვენე კანდიდატია და ჩილეს პოლიტიკურ არენაზეც იდეოლოგიური დაპირისპირებები კიდევ უფრო მძაფრდება – მეზობელი ქვეყნების მემარცხენე იდეები ხომ ჩილეშიც იკიდებს ფეხს. ლიბერალური ეკონომიკური მოდელისადმი ნდობა 60%-დან 40%-მდე დაეცა. სებასტიან პინერა მოქიშპე პოლიტიკური ელიტების შუალედური პოზიციის დაჭერას ცდილობს, რის გამოც ორივე მხარის რისხვას იმსახურებს.

სებასტიან პინერას რეიტინგმა, ადიმარკის გამოკითხვების მიხედვით, 63 პროცენტიდან (2010 წლის მონაცემებით) 29 პროცენტამდე დაიწია. 2010 წელს პინერას პოპულარობა ატამაკის უდაბნოს ქვეშ დამარხული 33 მეშახტის გადარჩენით იყო განპირობებული, დღეს კი მხარდაჭერის კლება 2011 წლის სტუდენტურ პროტესტებს მოჰყვა. მისმა დაგვიანებულმა პასუხმა, მოუქნელობამ და არათანმიმდევრულობამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

საპროტესტო გამოსვლები სწავლის საფასურის შემცირების და ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თუმცა შემდგომში დემონსტრაციები უფასო განათლების და სპილენძის საბადოების ნაციონალიზაციის მოთხოვნაში გადაიზარდა. საინტერესოა, რომ თავიდან აქციებს მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერდა მხარს, თუმცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების ლიდერმა კამილა ვალეხომ განაცხადა, რომ ფიდელ კასტროს მაგალითი ჩილესთვის მისაბაძია, მომხრეების რაოდენობა შემცირდა.

პინერამ პროტესტებს სამთავრობო გრანტების გაზრდის და დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების ინიციატივით უპასუხა, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს და სასკოლო განათლების საფეხურიდან იწყება.

საგანმანათლებლო რეფორმისთვის თანხების მოსაძიებლად პინერა კორპორაციული გადასახადის 18.5 პროცენტიდან 20-მდე გაზრდას აპირებს. იმის გათვალისწინებით, რომ მის აღორძინების პარტიას კონგრესში უმრავლესობა არ აქვს, ამ გადაწყვეტილებების დაკანონება გაუჭირდება. ამასთანავე, ასეთი ნაბიჯი პიერას კონსერვატიული მომხრეების და ბიზნეს წრეების უკმაყოფილებას იწვევს.

ჩილეს ეკონომიკა საზრდოობს სპილენძის საბადოებით, რომელიც ქვეყნის ექსპორტის 62%-ს წარმოადგენს და მსოფლიო სპილენძის წარმოების 1/3 სწორედ ჩილეზე მოდის. იქ დაბალია საბაზრო კონკურენცია და გვხვდება ოლიგოპოლიები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, სააფთიაქო ბიზნესში სამმა წამყვანმა კომპანიამ გარიგება დადო და წამლების ფასი 200%-ით გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე ცხოვრების დონე გაიზარდა, მოსახლეობის შემოსავალს შორის სხვაობა მაღალია. ამ მაჩვენებლით ჩილე ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა მსოფლიოში.

ანდებში მდებარე სახელმწიფო განვითარებადი ქვეყნებისთვის სანიმუშოა. სამხედრო დიქტატურის დამხობის შემდეგ იქ პროგრესი აშკარაა, თუმცა მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ ბევრი რთული ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

 

 

 

კომენტარები