ევრო 2012

ინგლისი 3:2 შვედეთი

ჯგუფის პირველი თამაშის შეფერხების გამო ინგლისისა და შვედეთის ნაკრებთა შეხვედრა დაგეგმილზე 15 წუთით გვიან დაიწყო.  ეს იყო ამ გუნდების 23-ე პაექრობა. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დაპირისპირებამდე ინგლისელებმა შვიდჯერ სძლიეს მეტოქეს, სკანდინავიელებმა კი ექვსი მატჩი მოიგეს. ევროპის ჩემპიონატებზე ინგლისის და შვედეთის ნაკრებთა პირველი პაექრობა 1992 წელს შედგა: სტოკჰოლმში ტურნირის მასპინძელმა შვედეთმა 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ისევე, როგორც ოცი წლის წინ, ანგარიში ახლაც ინგლისელებმა გახსნეს. 23-ე წუთზე გოლი როი ჰოჯსონის გუნდის ლივერპულელებმა შეაგდეს - გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მარჯვენა ფლანგიდან ჩვეულად ჩაჰკიდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სადაც მისმა თანაკლუბელმა ენდი კეროლმა უბადლოდ ითამაშა, ორ ცენტრალურ მცველს შორის მოქცეულმა, მაღალ ნახტომში თავით დალაშქრა ისაკსონის კარი - 1:0. 23 წლის თავდამსხმელისთვის ეს მეორე გოლი იყო ნაკრებში. შარშან უემბლიზე ინგლისმა განას მისი ერთადერთი გოლით სძლია.

33-ე წუთზე ჯო ჰარტმა შვედეთის ნაკრების კაპიტნის სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და მცირედით იცვალა მიმართულება, თუმცა ჰარტმა რეაქცია მოასწრო. სამ წუთში ეშლი იანგმა ვერ ითამაშა კარგად: მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა შვედების საჯარიმოში, თუმცა ბურთი ახლო მანძილიდან კარს ააცილა.

ანგარიში შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე გათანაბრდა. შვედების გამოცდილმა მცველმა ოლოფ მელბერგმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასის შემდეგ შეაგდო გოლი - 1:1. მელბერგის დარტყმულ ბურთს გლენ ჯონსონი გადაეღობა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. საჯარიმო დარტყმა კი, რომელსაც სკანდინავიელთა საპასუხო ბურთი მოჰყვა, კიმ კალსტრიომის წაქცევის გამო დაინიშნა - ის ენდი კეროლმა წესების დარღვევით შეაჩერა. მატჩის დასრულებამდე უეფამ მელბერგის გოლი გლენ ჯონსონს ავტოგოლად ჩაუთვალა.

ზუსტად ათ წუთში მელბერგმა მაინც მიითვალა გოლი და შვედეთი დააწინაურა. საბერძნეთის ოლიმპიაკოსის 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ამჯერად თავური დარტყმით დალაშქრა ჯო ჰარტის კარი - 1:2. ეს იყო მელბერგის მერვე გოლი ნაკრებში ჩატარებულ 118-ე მატჩში. სკანდინავიელი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი რეკორდის თანამფლობელია: პოლონეთ-უკრაინა 2012 მის კარიერაში მეოთხე ევროპირველობაა 2000, 2004 და 2008 წლების ტურნირების შემდეგ!

64-ე წუთზე როი ჰოჯსონის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა: შეცვლაზე შესულმა თეო უოლკოტმა ულამაზესი გოლი გაუტანა ისაკსონს. რამდენიმე წამით ადრე შვედების მეკარემ საოცარ ნახტომში მოიგერია ინგლისელთა ცენტრალური მცველის ჯონ ტერის თავური დარტყმა. საგოლო კუთხური სწორედ ამ მომენტს მოჰყვა.

77-ე წუთზე ჯო ჰარტმა იბრაჰიმოვიჩის ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია კუთხურზე, მანამდე კი შვედებმა ვერ შეძლეს ორი კონტრშეტევის სათანადოდ დასრულება - ბურთი კარს ააცილეს.

სამაგიეროდ, ინგლისელებმა გაიტანეს გოლი: უოლკოტი კიდევ ერთხელ შეიჭრა სკანდინავიელთა საჯარიმოში და კარის გასწვრივ დენი უელბეკი მოძებნა, რომელმაც პოზიციურ ბრძოლაში მელბერგს აჯობა და ნახევარბრუნით ისაკსონის კარი დალაშქრა. მანჩესტერ იუნაიტედის 21 წლის თავდამსხმელს ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა - 3:2! კეროლის დარად, მანაც მეორე გოლი გაიტანა ნაკრებში: როი ჰოჯსონის გუნდმა 2 ივნისს სწორედ მისი ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია ბელგიას.

როი ჰოჯსონის გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო და ჯგუფში საფრანგეთთან ერთად დაწინაურდა, ერიკ ჰამრენის შვედეთი კი ირლანდიის შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

უკანასკნელ შეხვედრაში ინგლისელთა მეტოქე ჩემპიონატის თანამასპინძელი უკრაინა იქნება, რომელთანაც აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო. ამ მატჩში ინგლისს უეინ რუნი დაუბრუნდება. ეს სულ სხვა ინგლისი იქნება.

* * *

15 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, II ტური. კიევი, ოლიმპიური

ინგლისი 3:2 შვედეთი

გოლები: 1:0 ე.კეროლი (23), 1:1 გ.ჯონსონი (49, სკ), 1:2 ო.მელბერგი (59), 2:2 თ.უოლკოტი (64), 3:2 დ.უელბეკი (78)

ინგლისი: ჯ.ჰარტი, ე.კოული, ჯ.ტერი, ჯ.ლესკოტი, გ.ჯონსონი, ჯ.მილნერი (თ.უოლკოტი 61), ს.პარკერი, ს.ჯერარდი (კაპ), ე.იანგი, დ.უელბეკი (ა.ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90), ე.კეროლი

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

შვედეთი: ა.ისაკსონი, ა.გრანკვისტი (მ.ლუსტიგი 66), ო.მელბერგი, ი.ოლსონი, ს.ლარსონი, ა.სვენსონი, კ.კალსტრიომი, რ.ელმი (კ.ვილჰელმსონი 81), ი.ელმანდერი (მ.როზენბერგი 79), ზ.იბრაჰიმოვიჩი (კაპ)

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

გაფრთხილება: ჯ.მილნერი, ო.მელბერგი, ი.ოლსონი

მსაჯები: დ.სკომინა (სლოვენია); მ.ჟუნიჩი (სლოვენია), პ.არარი (სლოვენია)

კომენტარები