არჩევნები 2012

მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი გახსნა

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის ფინანსურ ცენტრად ქცევის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს ბათუმში ფინანსური ცენტის მშენებლობა დაიწყება. რაც შეეხება ლაზიკას, იქ კომერციულ ტრანზაქციებზე ბრიტანული სამართალი შემოვა.

სააკაშვილი საკრედიტო სისტემასაც შეეხო. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნეს განვითარებისთვის აუცილებელია დაბალპროცენტიანი სესხების დამკვიდრება. "ბანკებში ძალიან მაღალი გადასახადებია. საჭიროა, ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კრედიტები იყოს ხელმისაწვდომი, დაბალგანაკვეთიანი და მათ აღებას ეკონომიკური აზრი ჰქონდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კრემლის პირდაპირი მითითებით, საქართველოში ბევრი „რუსული ფული“ შემოდის, თუმცა - „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ხმები, ამომრჩევლები, პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს... დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ“. პრეზიდენტის თქმით, წელს საქართველო ეკონომიკის 8%-იან ზრდას ელის.

ახალი საკასო ცენტრში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისა და ცენტრალიზებული კონტროლის მაღალტექნოლოგიური პროგრამები დაინერგება.

 

 

კომენტარები