ტელეკომუნიკაცია

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის მიმოხილვა

თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ინტერნეტით, ტელევიზორით და ტელეფონით სარგებლობა რომ არ შეგეძლოთ? სავარაუდოდ, მხოლოდ კომუნიკაცია არ გაგიჭირდებოდათ. ვერც სამსახურს იშოვიდით ან თუ უკვე გაქვთ, დროთა განმავლობაში მისი შენარჩუნება გართულდებოდა, რადგან ნელ-ნელა სამუშაო ბაზარზე სულ უფრო ნაკლებად კონკურენტული გახდებოდით. წარმოდგენა არ გექნებოდათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. მოკლედ, ბევრ რამეს დაკარგავდით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ მათ, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს, ეს საფრთხეები ნაკლებად ემუქრება.

მათი 80%, ვისაც სახლში ტელეფონი უდგას, 4 დიდ ქალაქშია თავმოყრილი: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. როგორც ანგარიში აჩვენებს – 2011 წლის ბოლოს თუ ამ ქალაქებში ყოველ მესამე მოსახლეს სახლში ტელეფონი ჰქონდა, დანარჩენ საქართველოში – მხოლოდ ყოველ მეათეს. ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს სულ უფრო მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ანიჭებს უპირატესობას უსადენო ტელეფონს ან მობილურს.

შარშან, წინა წელთან შედარებით, საქართველოში მობილურით 11.3%-ით მეტი აბონენტი სარგებლობდა. ანგარიშის თანახმად, მობილური ტელეფონი თითქმის ყველას (99.1%) აქვს.

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე 4 ძირითადი მოთამაშეა – ჯეოსელი, მაგთიკომი, მობიტელი და სილქნეტი. აქედან ყველაზე დიდი საბაზრო წილი (41.7%) ჯეოსელს, ყველაზე მცირე კი სილქნეტს აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ მობილური კომუნიკაციების სფეროში ოპერირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ პერიოდში აბონენტების რიცხვმა ათასს გადააჭარბა.

ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იყო 2011 წელი, რადგან 2010 წლის თებერვალში ახალი ნოვაციის, ნომრის პორტაბელურობის დანერგვიდან ერთი წელი გავიდა და პირველი ეფექტების გაზომვა უკვე შესაძლებელია. ამ სიახლის შედეგად, საქართველოს ფიჭური კავშირის მომხმარებელს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ისე შეუძლია გახდეს ახალი ქსელის აბონენტი, რომ არც ნომერი შეიცვალოს და არც ინდექსი.

როგორც მოსალოდნელი იყო, პორტირების შესაძლებლობამ მობილურ ოპერატორებს შორის კონკურენცია გაზარდა. ამ ერთი წლის განმავლობაში მოიმატა აქტიური სიმბარათების რაოდენობამ და თითქმის განახევრდა მობილურით დარეკვის საშუალო ტარიფი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ფარგლებში მობილურით დარეკვის საშუალო ტარიფი შარშან წლის ბოლოს წუთი 6.6 თეთრი ღირდა. ამავე წელს სულ 74 ათასამდე ნომრის პორტირება მოხდა. აქედან ყველაზე მეტი შეიძინა ჯეოსელმა, ხოლო ყველაზე მეტი მაგთიკომმა დაკარგა.

ტარიფის შემცირების კვალდაკვალ სიმბარათებიც უფრო გააქტიურდა. 2011 წლის ყველაზე პოპულარული სერვისი ხმოვანი მომსახურებაა, რამაც მობილურ ოპერატორებს გასულ წელს საშუალოდ 10-ჯერ მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე ყველა სხვა სერვისმა ერთად. აბონენტები მობილურიდან ყველაზე იშვიათად სახლის ტელეფონზე ან საზღვარგარეთ რეკავენ, ყველაზე ხშირად კი – თავისივე მობილური ოპერატორების ქსელზე. სხვა ქსელებზე – თითქმის სამჯერ უფრო ნაკლებად. ეს ტენდენცია საკმაოდ საინტერესოა, რადგან ერთი წლის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომუნიკაციამ ურთიერთჩართვის ტარიფი ანუ ერთი ქსელიდან მეორესთან დაკავშირების ფასი თითქმის გაანახევრა.

ლოგიკა მაშინ ასეთი იყო: ამ ნაბიჯს კომპანიებისთვის ხარჯები უნდა შეემცირებინა, რასაც, წესით, აბონენტებისთვის წუთობრივი ტარიფის კლება მოჰყვებოდა. თუმცა ასე არ მოხდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მობილური კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, მოკლე დროში მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია ინერგება და დაზოგილი თანხაც, ტარიფის კლების ნაცვლად, რეინვესტირებას მოხმარდა.

კომისიის შემდეგი ნაბიჯი ყველა მობილური ოპერატორისთვის ერთნაირი, ზღვრული ტარიფის, წუთზე 24 თეთრის დადგენა იყო. ასეთი სატარიფო პოლიტიკის შედეგებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, თუმცა მომსახურების ხელოვნურად გაიაფება სავარაუდოდ კიდევ გაზრდის მობილური სერვისების მომხმარებელთა რაოდენობას. ეს, თავის მხრივ, უფრო გაზრდის დატვირთვას კომპანიების გადამცემ დანადგარებზე. თუ ისინი მზად არ არიან ასეთი დატვირთვის მისაღებად, ეს ფიჭური კავშირის დროს შეფერხებებს გამოიწვევს. მომხმარებელთა დაკვირვებით, ბოლო დროს ასეთი შეფერხებები საკმაოდ მომრავლდა.

მეორე მხრივ, ნომრის პორტაბელურობა გრძელვადიან პერსპექტივაში და თავისუფალი ბაზრის პირობებში უფრო ეფექტიანი იქნებოდა, რადგან ზღვრული ტარიფის თუ სხვა რეგულაციების გარეშე, მობილურ ოპერატორებს მეტი მოტივაცია და ფინანსური რესურსი ექნებოდათ სხვადასხვა აქციების თუ ინოვაციური სერვისების შეთავაზებისთვის, რაც არა მხოლოდ დაზოგავდა აბონენტების ხარჯებს, არამედ მათ უფრო საინტერესოდ დაბანდებას შეუწყობდა ხელს.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც შარშან გამოიკვეთა, აბონენტების მხრიდან მობილური ინტერნეტმომსახურების მიმართ საგრძნობლად გაზრდილი ინტერესია: 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, მობილურ ინტერნეტს 50%-ით მეტი – სულ 1.2 მილიონი მომხმარებელი გამოუჩნდა. მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლის (441 მილიონი ლარი) დაახლოებით 4% მობილურ ინტერნეტზე მოდის. თითქმის სამჯერ გაიზარდა აბონენტების მიერ მოხმარებული ინტერნეტის ტრაფიკის რაოდენობაც.

2011 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, მათ შორის მობილურითაც, 49%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის 7 ტექნოლოგიაა გავრცელებული. მათგან ყველაზე ხშირი DSL-ია 204 ათასი მომხმარებლით, რომელთა ნახევარი თბილისშია თავმოყრილი. დანარჩენები ძირითადად ქუთაისსა და რუსთავზე ნაწილდებიან. 2011 წელს საგრძნობლად, 47%-ით გაიზარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინტერნეტაბონენტების რაოდენობაც: ეს ქსელი ჯერ მხოლოდ თბილისსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი.

ანგარიში აჩვენებს, რომ 2011 წელს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის შემოსავლები დაახლოებით 103 მილიონი ლარით შემცირდა. ამ წელს შემოსავლების გაზრდა მხოლოდ მაუწყებლებმა და საკაბელო ოპერატორებმა მოახერხეს. საკაბელო ოპერატორების შემოსავლები 2011 წელს 21.8 მილიონი ლარი იყო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბევრი საკაბელო ქსელია, თუმცა ბაზრის უდიდესი წილი კომპანია სილქნეტს ეკუთვნის. მაუწყებელთა შემოსავლები 2011 წელს 17%-ით გაიზარდა. ძირითადად, რეკლამებიდან.

ელექტრონული კომუნიკაციების ყველა ეს სექტორი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეგულირების საფასურს – თავისი შემოსავლების საშუალოდ 0.7%-ს უხდის. 2011 წლის განმავლობაში კომისიამ შემოსავლის სახით 7.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

 

კომენტარები