კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე: „ივანიშვილის დაპირებული პენსიის ზრდა წმინდა წყლის პოპულიზმია“

0 კომენტარი
კახა ბენდუქიძე ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

წყარო: http://www.kommersant.ru/doc/1961035

იმის შესახებ, რამდენად რეალისტურია ქართული ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პროგრამა, საგამომცემლო სახლ კომერსანტის სპეციალურ კორესპონდენტს მეწარმე კახა ბენდუქიძემ უამბო. იგი 2004-2009 წლებში ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის სამინისტროს და პრეზიდენტის კანცელარიას ხელმძღვანელობდა.

ოპოზიცური ალიანსი, რომელსაც ბიძინა  ივანიშვილი მეთაურობს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვეაში ყველა მოქალაქეს სამედიცინი დაზღვევას ჰპირდება, ასევე პენსიების ზრდას და ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში. გასაგებია, რომ დაპირებები პოპულისტურია, მაგრამ ბევრს ისინი იმედს აძლევს. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე საქართველოს პირობებში ასეთი დაპირებები რეალურია?

 ხომ გესმით, სახელწმიფო ბიუჯეტს ვერ გაწელავ. ჩვენ ისედაც ძალიან დაძაბული სიტუაცია გვაქვს მომავალ წლამდე, რადგან მთავრობა ზრდის სოციალური პროგრამების დაფინანსებას, რეალურად იზრდება პენსიები.  და თუ გინდა პენსიები კიდევ გაზარდო, ამისთვის კიდევ 700 მილიონი ლარი დაგჭირდება. ყველა რომ დავაზღვიოთ - კიდევ 700 მილიონი. თუ სოფლის მეურნეობისთვის ერთ მილიარდს დავამატებთ, სულ 2,4 მილიარდი გამოვა. ეს თანხა საიდანღაც   უნდა გაჩნდეს. რის ხარჯზე შეიძლება ამის გაკეთება? მხოლოდ საბიუჯეტო დეფიციტის, ანუ სახელმწიფო ვალის ზრდის ხარჯზე.

ივანიშვილის დაპირებული პენსიის გაზრდა წმინდა წყლის პოპულიზმია. ჩვენ გვაქვს მიზნობრივი დახმარების სისტემა. სოციალური სამსახური აკეთებს იმ ადამიანების რანჟირებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გაჭირვებულები არიან და დახმარება ესაჭიროებათ. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობის დაზღვევას იღებს,   მათი დიდი ნაწილი  - ფულად დახმარებასაც. არა მხოლოდ პენსიონერები  - ადამიანი შეიძლება იყოს 40 წლის, მაგრამ დაკარგოს მუშაობის უნარი, იცხოვროს სიღარიბეში,  დახმარება დასჭირდეს. ეს დახმარება დიდი არ არის - 24 ლარი ერთ სულზე და ეს, რასაკვირველია, ცოტაა.  თუ მართლა გსურს სიტუაციის შეცვლა, უნდა იზრუნო სწორედ იმ ხალხზე, ვინც ასეთ მდგომარეობაშია. იმიტომ რომ პენსიონერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. დედაჩემიც იღებს პენსიას სახელმწიფოსგან, მისთვის პენსიის მომატება არაფრისმომცემი იქნება.   სხვა ადამიანისთვის კი, რომელიც ღარიბია,  ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.  სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ, ცნობილია, რომ პირდაპირი დახმარება ბევრად ეფექტურია.  მეც რომ პენსიაზე გავიდე - მეც დასახმარებელი ვიქნები? ეს უაზრობაა. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ აუცილებელია გადასვლა კატეგორიულ დახმარებაზე   - სახელმწიფო უნდა გეხმარებოდეს არა იმისთვის, რომ რაღაც გქვია, არამედ იმიტომ, რომ გიჭირს.  

მაგრამ, პენსიონერთა უმრავლესობა კარგად არ ცხოვრობს.

დიახ, პენსიონერთა შორის ნახევარზე მეტი კარგად არ ცხოვრობს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც კარგად ცხოვრობს. მაგალითად, აქვს სამი ბინა და ორს აქირავებს. თუ შედეგი გვინდა, უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც უჭირს.  

მაგრამ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ წელს ყველა პენსიონერი დაზღვევას მიიღებს?  

დიახ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ყველა დაზღვეული იქნება. დღეს მოქმედი დაზღვევის სისტემა პენსიონერთა 60 პროცენტს მოიცავს, ოღონდ არა როგორც პენსიონერებს, არამედ როგორც მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიას. პრაქტიკულად ყველამ, ვინც განაცხადა, რომ უჭირს, სახელმწიფოსგან სამედიცინო დაზღვევა მიიღო.  მთელ მსოფლიოში   არსებობს ეს პრობლემა - თუ ხანდაზმული ხარ, დაზღვევის მიღება  საკმაოდ გიჭირს, იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანიებს არ უყვართ ასეთი კლიენტები.  ამიტომ, საერთო ჯამში, პენსიონერებისთვის ასეთი დაზღვევის შეთავაზებას აზრი აქვს.

ე. ი. ივანიშვილის გამოჩენა ოპოზიციაში ცუდი არ ყოფილა - თუ იგი ქმნის კონკურენციას? 

პოლიტიკური კონკურენცია კარგი საქმეა. მაგრამ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში კონკურენცია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მზად არიან უფრო ხმამაღლა იყვირონ და დაასახელონ უფრო დიდი თანხა, როგორც აუქციონზე. დამიჯერეთ,   როგორც მთავრობის ყოფილ წევრს - მთავრობა  ბევრჯერ შემცდარა და ცდება. რაც ყველაზე მეტად მაშინებდა   და მაშინებს ჩვენს ოპოზიციაში, ესაა რეალური შეცდომების სრული იგნორირება და ყურადღების გამახვილება სულ სხვა რაღაცეებზე.

ანუ ისინი ახლა უბრალოდ ამბობენ: „მოდით, მთავრობა რომ ერთ თანხას დაასახელებს, ჩვენ უფრო დიდი ვთქვათ“. პოლიტიკურად ეს ძალიან სუსტი რამეა. აი, მაგალითად, როგორ იქნებოდა ეს ამერიკაში - მაგალითად, ობამა ამბობს, რომ  გეებს შეუძლიათ დაქორწინდნენ. რომნი კი იტყოდა: მოდი ამისთვის ფულიც მივცეთო. ობამა კი: მივცეთ ორჯერ მეტი ფული, ვიდრე რომნი დაჰპირდა. ამასობაში არჩევნებიც მოდის. მაგრამ ამერიკაში ხომ ასე არ ხდება? ვფიქრობ, რომ ის, თუ ვინაა უკეთესი და ვინ უარესი, არ უნდა გადაწყვიტოთ  იმ პრინციპით, თუ ვინ უფრო მაღალ თანხას წამოიყვირებს, რადგან ეს არ არის ვაჭრობა. ის (ივანიშვილი) თავისი პოლიტიკური კარიერის დაწყებისთანავე აუქციონის მოწყობას ცდილობს.

იცით, ჩემს ბავშვობაში ასეთი თამაში იყო - „ბანგლადეში“ ერქვა. უნდა გეთქვა რიცხვი - ოცი. მე კი ვიტყოდი - ოცდაერთი - და მოგებული ვიქნებოდი! ანუ მთავრობამ შექმნა დაზღვევის სისტემა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის. კერძოდ, პენსიონერებისთვის, ასევე  იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი გარკვეულ დონეზე ნაკლები აქვს და ხუთ წლამდე ბავშვებისთვის. ოპოზიცია კი ამბობს  - „ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ყველა დავაზღვიოთ“. მაგრამ მე არ მჭირდება დაზღვევა, ჩემს ჯანმრთელობას თავად მივხედავ.

ივანიშვილი პირობას დებს, რომ სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. რითია ეს იდეა ცუდი?

მე ისიც ვერ გავიგე, ის მილიარდ დოლარზე თუ ლარზე საუბრობს. მაგრამ ვფირქობ, თუ ძალიან გინდა გლეხურ მეურნეობებს დაეხმარო, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ეს არ იყოს ვალი, რადგან ეს უაზრობაა... ჩვენ 700 ათასი გლეხური მეურნეობა გვაქვს. ყველას უნდა ვასესხოთ ფული, მაგრამ მერე ეს ვალი როგორ ამოვიღოთ? ეს ხომ ადვილი საკითხია - თუ ისინი არაეფექტურია, ვალს ვერ დააბრუნებენ, მაშინ ეს თანხები უნდა ვაჩუქოთ. მაშინ უნდა ვუთხრათ მათ, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ვაკეთებთ, მაგალითად, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. მაგრამ ეს ძალიან უცნაურია, რადგან სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ამ შემხთვევაში ხდება თანხით, რომელიც მისი მოცულობის თანაზომადია. რადგან მშპ-ში სოფლის მეურნეობის მოცულობა ახლა 1,7 მილიარდი ლარია. იქ კიდევ მილიარდი დოლარის ჩადება სრულიად არარაციონალურია. ისინიც ამას არ გააკეთებენ, ეს გადაიდება და წლების განმავლობაში გაიწელება. საერთოდ, ეს არ არის მსჯელობის საგანი. არის ქვეყნები, რომლებიც აძლევენ კრედიტებს სოფლის მეურნეობას, შემდეგ კი მათ ჩამოწერენ. მათ შორის რუსეთი.  საბჭოთა კავშირიც ასე მუშაობდა. დიდი ამბავი, რა გახდა ეს კრედიტი. ამის გამო ერები არ ქრება. მაგრამ არც კარგად ცხოვრებას იწყებენ. ეს, რასაკვირველია, რეალურად გააუარესებს სიტუაციას სოფლის მეურნეობაში.  თუ ხვალ იქ თანხების ჩადება დაიწყება, ამ ოჯახებში, ვფიქრობ, ამ ზედმეტ თანხებს უბრალოდ შეჭამენ. იმიტომ რომ უმრავლესობას არ ექნება მოტივაცია გაზარდონ პროდუქტიულობა, გააფართოვონ მეურნეობა და ა. შ.  

მაშინ რატომ გაუჩნდა ივანიშვილს ასეთი დიდ პოლიტიკური მხარდაჭერა მაშინვე, როდესაც მან საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა?

იმიტომ რომ არის ხალხი, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ალბათ, მისგან დაიღალნენ. არსებობენ ამ ხელისუფლების თავგამოდებული მოწინააღმდეგეები, რადგან ისინი პირადად დაზარალდნენ - დაკარგეს შემოსავლიანი ადგილები და ა. შ. არის ხალხი, ვისაც იდეოლოგიური წინააღმდეგობა აქვს - მიიჩნევენ, რომ საქართველო უნდა იყოს, ვთქვათ, ქრისტიანული, მართლმადიდებლური  სახელმწიფო და ა. შ. ამ ჯგუფებს შორის განსაკუთრებული სხვაობა არ არსებობს, იმიტომ, რომ პირველები  ხშირად მეორე ჯგუფის ენაზე ლაპარაკობენ. ხომ ვერ იტყვი: „მე არ მიყვარს ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ აღარ მაქვს ქურდობის შესაძლებლობა“. როგორ ამბობდნენ პეტრე პირველზე მისი მტრები? რომ იგი ანტიქრისტეა, ჰო? ხომ არ ამბობდნენ: „მან რუსეთის ხაზინიდან ქურდობის საშუალება წამართვა“. არა, ამბობდნენ: „ის ანტიქრისტეა, ამიტომ არ მიყვარს“.

არის კიდევ ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს რაღაც მოძრაობა, ხელისუფლების ცვლილება. რომ ცვლილება პრინციპში ყოველთვის კარგია. ან არის ხალხი, რომელიც ფიქრობდა: „ამ ხელისუფლებამ ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ, ჯერ ერთი, თუ მას არ შევცვლით, ის დაჟანგდება და ეს ცუდია. და მეორეც - იქნებ, ვინმემ უკეთესადაც შეძლოს?  არგუმენტი „თუ ჩვენ არა, მაშინ ვინ?“ არასწორია, ასე რომ მოდით, გავსინჯოთ და თუ არ მოგვეწონა, გადავირჩევთ“. ასეთი ხალხიც არსებობდა. ზოგიერთი ჩემი ნაცნობი მიიჩნევდა, რომ ივანიშვილის მოსვლასთან ერთად სავსებით მისაღები ალტერნატივა გაჩნდება- სხვაგვარად გაკეთებული, მაგრამ მაინც ალტერნატივა. და ისინი დღეს, საერთო ჯამში, იმედგაცრუებულები არიან.

რატომ?

მათ, როგორც ხვდებით, პენსიების საკითხი იმდენად არ აღელვებთ. ის კი აღელვებთ, რომ მან თავის გარშემო მრავალფეროვანი კოალიცია შეკრიბა. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის მხარი დაეჭირათ და მასში ხედავდნენ ალტერნატივას იგივე პროდასავლური განვითარების ფარგლებში, დღეს უბრალოდ შეშინებულები არიან.  იმიტომ  რომ იქ არის ხალხი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დასავლურ განვითარებასთან. ხომ არ შეიძლება ერთდროულად დასავლური და ანტიდასავლურიუ პოლიტიკა განახორციელო. ისინი კი, ვინც დიდი ხანია მიიჩნევიან დასავლური ფასეულობების მხარდამჭერებად, თუნდაც რესპუბლიკელები, ვერ ახერხებენ პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას, მათ ამის უნარი არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ ნეგატივიზმი აქვთ: „ეს არ მოგვწონს, ის არ მოგვწონს“. ეს არ არის დღის წესრიგი. საჭიროა მოქმედების დღის წესრიგი, მკაფიო და არტიკულირებული.  

არის კიდევ სხვა ფაქტორები, რაც უხერხულობას უქმნის იმ ადამიანებს, ვინც თავდაპირველად ივანიშვილს დაუჭირა მხარი. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, როგორც კი ხელისუფლებაში  მოვა, ხიდს დაანგრევს. არა, ეს ხიდი მეც არ მომწონს. მიმაჩნია, რომ ის, როგორც ხიდი, ლამაზია, მაგრამ (გარემოში) არასწორად ეწერება - ჩემი გემოვნების მიხედვით. ის ძალიან მაღლა დგას. ბევრი რამე არ მომწონს არქიტექტურულად - არც თავისუფლების მოედანი მომწონს და არც სვეტი წმინდა გიორგით. მაგრამ ეს არაა საბაბი, რათა დავანგრიოთ. ეს არ არის საბაბი არც ოპოზიციაში ყოფნისთვის.

ეს ხალხი მგრძნობიარეა არა იმის მიმართ, რომ პენსია 220 ან 160 ლარი იქნება, არამედ იმის მიმართ, რომ ივანიშვილი უცნაურ რაღაცეებს ლაპარაკობს და მათ ეს აშინებთ. ის ხომ მუდმივად აცხადებს რაღაც აღმოჩენებზე ადამიანთმცოდნეობის დარგში, რომელსაც თავად იგი და მისი მეცნიერები აკეთებენ. საიტზე, რომელიც ამ მეცნიერებს ეკუთვნით, ისინი ამტკიცებენ, რომ შიდსს შთაგონებით მკურნალობენ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ეს მისი ცოდნის წყაროა, ეს საშიშია. ჩნდება კითხვა, რამდენად არიან ადეკვატურები ეს ადამიანები, რომლებსაც   ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. 220 ლარიანი პენსია კი - მოვა დრო, და საქართველოში ასეთი პენსიაც იქნება, ეს გასაგებია. 

ხელისუფლების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი პრორუსულია, ოპოზიციონერები  - პროდასავლური. როგორ არის სინამდვილეში? ბევრი კამათი რუსეთში მისი აქტივების გაყიდვამ გამოიწვია...

 იცით, მე თვითონ მიწევს კამათი ჩემს კოლეგებთან. მე ვამბობ - არ მგონია, რომ მას დაუძახეს, მაგოდას მუშტები ურახუნეს და უთხრეს: „მიდი, შენ ეს უნდა გააკეთო!“ არ მგონია, ეს ზუსტად ასე მომხდარიყო. უფრო მგონია, პირიქით მოხდა, ადამიანი თავად მოდის და ამბობს“ „აი, მე შემიძლია სიტუაციის დარეგულირება - ამას როგორ უყურებთ?“  ძალაუფლება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ მან ეს გააკეთა მათ შორის იმისთვის, რომ რუსეთიდან საკუთარი აქტივები გამოეხსნა. იმიტომ რომ ძნელია წარმოიდგონო, ვიღაცამ უცხო ქვეყნიდან რუსეთში მილიარდობით დოლარის ღირებულების საკუთარი ქონება რამდენიმე თვეში გაყიდოს საბაზროზე არანაკლებ ფასებში (მაგალითად, ბანკი გაიყიდა საბაზროზე არანაკლებ ფასებში, შეიძლება ცოტა მეტადაც) - და ეს ყველაფერი ზემოდან ნებართვოის გარეშე, ეს შეკითხვებს ბადებს.  

რომ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, რა მოხდება საქართველოში, რას ფიქრობთ? ზოგი ამბობს, რომ იქნება რევანშიზმი, უკან დაბრუნება, ზოგი ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება და რეფორმები გაგრძელდება.

არა, რასაკვირველია რაღაც რეფორმების შეჩერება შესაძლებელია. ბევრი რამის უკან  შემობრუნებაც შესაძლებელია.  თუ ისინი  თავის პოპულისტურ განცხადებებს განვითარების გეგმად გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში სიტუაცია გაუარესდება, ბიზნესი ამას ძალიან მალე იგრძმობს. და მეორე , რადგან მან შექმნა ეს კოალიცია, მას ამ ადამიანების რაღაც მართებს, ასე არ არის? თანამდებობები და ა. შ. იქ, მათ გუნდში, ვხედავ მხოლოდ  რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ქრთამს არ აიღებენ. დანარჩენები, ვფიქრობ, აიღებენ.

-და ამით ყველაფერი დამთავრდება?

„დამთავრდება“ შეიძლება განსხვავებულად გავიგოთ. უფრო მგონია, ასეთი მთავრობა დაეცემა და მოვა ახალი, უკვე ნორმალური. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მათი ხელიფლებაში მოსვლა საკმაოდ ფანტასტიური სცენარია.

მაგრამ ფიქრობთ, ასეთი საფრთხე არსებობს?

საფრთხე ყველა აქტუალურ რეალობასთან დაკავშირებით არსებობს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არავითარი რევანშიზმი არ იქნება, რადგან ივანიშვილს დასავლეთი, აშშ  უჭერენ მხარს. ეს სერიოზული არგუმენტია.

ივანიშვილმა სასწაული ოდენობით ლობისტები დაიქირავა. ჩემი ამერიკელი მეგობრები ვაშინგტონში ამბობენ,  რომ ასეთი რამ უბრალოდ არ ახსოვთ. რომ რომელიმე ქვეყნის ოპოზიციურ პარტიას ერთ ლობისტზე მეტი ექირავა - ასე არ ხდება, რადგან ეს უბრალოდ არ არის საჭირო, რისთვის? ასეთი რა მნიშვნელოვანის ლობირება უნდა გააკეთო ამერიკაში,  პენსიის გაზრდა? მათ მინიმუმ სამი ლობისტური ჯგუფი დაიქირავეს, გადაუხადეს ძალიან დიდ ფული, იმდენად დიდი, რომ იმ ხალხმა, ვინც მათ მიმართ, საერთო ჯამში, სიმპატიით იყო განწყობილი, უთხრა: ბიჭებო, ფულით ხომ ყველაფერს ვერ გააკეთებთ. მათი მიზანი ძალიან მარტივია - გააფუჭონ საქართველოს იმიჯი შეერთებულ შტატებში. ესეც გარკვეული მახასიათებელია. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველსო არჩევნების შედეგები ვაშინგტონზე არის დამოკიდებული. მათ ამერიკაში წერილიც გაგზავნეს, რომელშიც ითხოვდნენ აკრძალულიყო სოციოლოგოური კვლევების ჩატარება ისეთი ორგანზიაციებისთვის, როგორიცაა IRI  და NDI, რადგან მათი შედეგები ოპოზიციას არ მოსწონს.

მაგრამ ვაშინგტონზე არ არის დამოკიდებული არჩევნები საქართველოში?  ოპოზიციონერები მეც მარწმუნებდნენ, რომ აშშ-მა უკვე გააკეთეს არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ.

თქვენ გესმით, როგორ არის მოწყობილი ვაშინგტონი? ისინი შეიძლება კმაყოფილები ან უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ და არ სურთ ვინმე შეცვალონ. იქ არ არსებობს ძალაუფლების ვერტიკალი. ეს სასაცილოა - იფიქრო, რომ ვაშინგტონი ისევეა მოწყობილი, როგორც კრემლი, ოღონდ იქ ინგლისურად საუბრობენ. ობამა კი ისეთივე უფროსია, როგორც გორბაჩოვი იყო.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები