გამწვანება

გამწვანებაში დაკარგული

ძნელია წარმოიდგინო თანამედროვე ქალაქი ისეთი სივრცის გარეშე, სადაც ურბანულ ხმაურს გაქცეულ მცხოვრებლებს მწვანე მოლზე წამოწოლის და რელაქსაციის “ფუფუნება” ეძლევათ. რა თქმა უნდა, ნიუ იორკის ცენტრალ პარკს, ლონდონის ჰაიდ პარკს, პარიზის პარკ მონსოს ან ტუელრის ბაღს რთულად თუ შეედრება ვაკის პარკი ან დიღმის ტყე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ადგილები თბილისშიცაა. თუმცა, საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ მშენებლობებით სავსე ქალაქში, მათ აწმყოსა და მომავალს საფრთხე ემუქრება.

ინფრასტრუქტურის განვითარების კვალდაკვალ, ქალაქის გამწვანების პოლიტიკაც იცვლება. ეს პროცესი ხშირად ექცევა სამართლიანი, ხანდახან კი ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული კრიტიკის ქვეშ: ბევრი მიიჩნევს, რომ ქალაქის გამწვანების პოლიტიკა არათანმიმდევრულია, ხოლო მისი მესვეურები ხშირად მიდიან გაუმართლებელ “კომპრომისებზე”, როდესაც მრავალწლოვან ხეებს მშენებლობებს წირავენ, მით უმეტეს, რომ ახალი ნერგებით სრულფასოვნად ჩანაცვლებას ათწლეულები სჭირდება.

არის შემთხვევები, როდესაც ხეს მშენებლობის დასრულების შემდეგ ჭრიან, რაც საკითხით დაინტერესებულებს აფიქრებინებს, რომ ეს უბრალოდ გულგრილობის ბრალია. ასე იყო აბაშიძის 65 ნომერში, ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს – სამშენებლო ფირმამ რამდენიმე მრავალწლოვანი ხე მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოჭრა.

ქალაქში გამწვანებული ზონების შემცირებას უჩივის ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანამშრომელი ერეკლე ურუშაძე. მისი თქმით, ბოლო წლებში შემცირდა ვაკის პარკის, იპოდრომის, დიღმის ტყე-პარკის, ვერეს ხეობის გამწვანებული ტერიტორია.

თავის მხრივ, პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ პროცესი გეგმაზომიერია და საგანგაშო არაფერი ხდება.

ხეების მოჭრას ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით ხსნიან: მიმდინარე მშენებლობისთვის ხელის შეშლის გარდა, მათი ნაწილი ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. მაგალითად, მერიაში ამბობენ, რომ აღმაშენებლის გამზირზე ჭადრების ფესვთა სისტემა შენობებში იყო შესული, ხეების მოჭრის გარეშე მასშტაბური სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები მოუგვარებელი დარჩებოდა. ხოლო თუ ხეს ტროტუარზე ჭრიან, მიზანი სავალი გზის გაფართოება ან ავტოსადგომის გაკეთებაა.

ყველა შემთხვევაში ნებართვას ქალაქის არქიტექტურის სამსახური გასცემს.

მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი ქორქაშვილის მტკიცებით, ყველა ასეთი შემთხვევა ინდივიდუალური განხილვის საგანი ხდება. მისი აზრით, სურათი არც ისე დრამატულია: „ეს ინტენსიური მშენებლობიდან გამომდინარეობს და ჩვენთვისაც მტკივნეული თემაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამას გვერდს ვერ ავუვლით”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდახან მოჭრილი ხეები ნერგებით იცვლება, მათ შორის, დეკორატიული ჯიშის ხე-მცენარეებით. მაგალითად, ჭადრების მაგივრად ახალი ნერგები დაირგო აღმაშენებლის გამზირზე, ხოლო გასულ კვირებში, ჭავჭავაძეზე, მეცხრე საავადმყოფოს გვერდით, რამდენიმე მრავალწლოვანი ხის მოჭრა გახდა საჭირო ახალი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის მშენებლობის გამო. შეგვიძლია გავიხსენოთ მელიქიშვილის გამზირიც, სადაც რამდენიმე წლის წინ ცაცხვის ხეების ნაცვლად ტუიას ბუჩქები დარგეს, თუმცა ისინი მალევე გახმა.

ოპონენტებს არც ეს სტრატეგია მოსწონთ. ფიქრობენ, რომ ახალი ნერგები იმ დანიშნულებას ვერ ასრულებს, რაც ძველ ხეებს ჰქონდა: გარდა იმისა, რომ ზოგან ჩანაცვლება საერთოდ არ ხდება, სხვაგან ძველის ნაცვლად მცირე ზომის ხეებს რგავენ, რომლებსაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვთ. „ქალაქგარეთ მინდორში დარგულ ნერგებს ნაკლები სარგებელი აქვს ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის, მით უმეტეს, რომ ამ ნერგებსაც არავინ უვლის და მათი დიდი ნაწილი მალე ხმება. უშუალოდ ქალაქში მოჭრილი ან, უბრალოდ, გამხმარი დიდი ხეების ასეთივე ხეებით ჩანაცვლება იშვიათია”, – ამბობს ერეკლე ურუშაძე.

მისივე აზრით, პრობლემებია თავად გამწვანების სამსახურში: ის არ ან ვერ ატარებს საჭირო კვლევებს; არ აქვს შედგენილი ხის იმ ჯიშების სია, რომელთა თბილისში დარგვა მიზანშეწონილია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავე დროს, არ ხდება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. შედეგად, თბილისში მასობრივად არის დაავადებული და ხმება სხვადასხვა ჯიშის ხე, მათ შორის – ცაცხვი, ცხენისწაბლა, კედარი და ფიჭვი. ამავე დროს, ნორმების დარღვევით ხდება მრავალწლოვანი ხეების ფორმირება-გადაბელვა, რაც მათი ხმობის კიდევ ერთი მიზეზია.

საქალაქო სამსახურის უფროსი ამ ბრალდებებს უარყოფს. გიორგი ქორქაშვილი ამბობს, რომ წლების წინანდელი გამწვანების პოლიტიკა ახლა შეცვლილია. მაგალითად, თუ ქარიანი ადგილია, ალვის და ჭადრის ხეებს რგავენ, ისე კი უპირატესობა მარადმწვანე ჯიშებს ენიჭება, მათ შორის, დეკორატიულ მცენარეებსაც. მისი თქმით, ნერგების დარგვამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე ტარდება სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზი, რათა გაარკვიონ, ამ ტიპის ნიადაგზე რომელი ნერგი გაიხარებს, რამდენად ქარიანია ტერიტორია და რა სიხშირით საჭიროებს მორწყვას. ეს მერიაში შექმნილ განყოფილებას ევალება, კონკრეტულად სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კერძო ლაბორატორია ან კვლევითი ინსტიტუტი ასრულებს.

თუმცა, მერიას პრობლემები ტენდერის გამარჯვებულებთანაც შექმნია. ცოტა ხნის წინ მან ხელშეკრულება გააუქმა კომპანია გრინსერვისთან, რომელმაც თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მისგან, ბარათაშვილის ქუჩის გასამწვანებლად, მერიამ 120 კვიპაროსის ნერგი 225 ათას ლარად შეისყიდა. მას შემდეგ, რაც თანხა საეჭვოდ მოეჩვენა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, გაირკვა, რომ გრინსერვისმა პროდუქცია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად შეისყიდა და ეს მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ასახა. კომპანიის საქციელი მერიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებად შეაფასა. ამჟამად საქმე განსახილველად სამართალდამცავ ორგანოებთანაა გადაგზავნილი.

ხელახალ ტენდერში გამარჯვებულები სამუშაოებს მალე შეუდგებიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ გამწვანების სამსახური ფულს მიზანმიმართულად დახარჯავს და ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები გასახმობად განწირულ ნერგებს არ მოხმარდება.

ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბი და უმუშევარია, ადამიანებს საკვების მიღება უფრო ადარდებთ, ეკოლოგიაზე ზრუნვა კი ფუფუნებად მიიჩნევა. ისინი, ვისთვისაც სუფთა ჰაერზე დასვენება პრიორიტეტულია, ცოტანი არიან და ელექტორალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ძალას არ წარმოადგენენ – ამიტომ, პოლიტიკური ძალები მათ მოთხოვნებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს. შესაბამისად, ბიუროკრატია, რომელსაც პასუხს არც პოლიტიკოსები სთხოვენ, არც ხალხის დიდი ნაწილი, სხვა შემთხვევების მსგავსად, სტიქიურად და არაკომპეტენტურად მოქმედებს.

მომავალში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეკოლოგიის საკითხი უფრო აქტუალური გახდება. სხვა თუ არაფერი, ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე განვითარებული ქალაქი, რომლის მცხოვრებლებსაც გადატვირთული დღის შემდეგ მწვანე მოლზე წამოწოლის შესაძლებლობა არ აქვთ.

ჩვენთან კი, თუ გაგიმართლა, პარკში ბალახს მიაგენი და წამოწოლა მოინდომე, ძალაუფლების დემონსტრირების ჟინით შეპყრობილი დაცვის თანამშრომლის მოგერიებისთვის უნდა მოემზადო – თბილისში მოლზე წამოწოლა არ შეიძლება.

 

კომენტარები