არქეოლოგია

ჟან-პიერ მოენი დმანისში

რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა პრეისტორიულ დროში? როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი ხელოვანად? რას ფიქრობდა და როგორ აზროვნებდა ნადირობის დროს? რატომ გაჩნდა პირველი მეგალითური კონსტრუქციები? რატომ დაიწყო ნეანდერტალელმა დაკრძალვის რიტუალის შესრულება? ეს ის კითხვებია, რომელსაც ახლო მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმი – Musee de I’Homme (ადამიანის მუზეუმი პარიზში) თავისი ახალი კონცეფციის წყალობით უპასუხებს. ასე რომ, ბატონ ჟან-პიერ მოენს ყველაზე საინტერესო მისია აკისრია პლანეტის მოსახლეობის წინაშე: ის ამჟამად ადამიანის მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, ახალ ხედვაზე მუშაობს. ამ საპასუხისმგებლო პროცესის დროს, დმანისი მისთვის ინსპირაციის ადგილია.

მეცნიერი რამდენიმე დღით, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდა თბილისში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წაიკითხა საინტერესო ლექცია ლეგენდარულ ეთნოლოგზე, მოგზაურზე, სოციოლოგსა და ფილოსოფოსზე კლოდ ლევი-სტროსზე, პოპულარული წიგნის „სევდიანი ტროპიკების” ავტორზე, რომელსაც ბატონი ჟან-პიერი პირადად იცნობდა. მეორე დღეს კი მეცნიერი დმანისში წავიდა, სადაც მასპინძლობა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოში საფრანგეთის ახალმა ელჩმა რენო სალენსიმ გაუწიეს.

„გუშინ ლევი-სტროსის მიერ საჰარის უდაბნოში გადაღებული ფოტოები გაჩვენეთ, – ჰყვება ჟან-პიერ მოენი, – აბორიგენი ქვიშაზე რაღაც ფიგურებს ხატავს და ამით გარკვეულ ინფორმაციას, მესიჯებს ტოვებს სხვა ტომის ადამიანებისთვის. მათ ხომ მოგვიანებით, სწორედ ამ ადგილზე უნდა გამოიარონ. ადამიანის მეხსიერება, ენა, მეტყველება, ინფორმაციის გადაცემა, დამწერლობა და დღეს ინტერნეტი – კომუნიკაციების მთელი ჯაჭვია, რომლის გათვალისწინებითაც მუზეუმში ადამიანის ისტორიის პრეზენტაცია უნდა მოხდეს”.

ადამიანის მუზეუმი პარიზში 1937 წლის მსოფლიო გამოფენის ბაზაზე გაიხსნა. მან მემკვიდრეობით მიიღო 1871 წელს გახსნილი ტროკადეროს მუზეუმისა და მე-16 საუკუნის სამეფო კაბინეტის კოლექციებში დაცული ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მასალები. მუზეუმის მისია იყო, რომ ერთ ადგილზე მოეყარა თავი ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობას კულტურული თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით ახასიათებს.

2006 წელს პარიზში, პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ინიციატივით, ახალი, ინოვაციური კე ბრანლის მუზეუმი გაიხსნა (Musee du quai Branly), სადაც შეკრიბეს პრიმიტიული ხელოვნება აფრიკიდან, აზიიდან, ამერიკიდან და წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან. ახლადგახსნილ კე ბრანლის მუზეუმში ეთნოგრაფიული კოლექციების ძირითადი ნაწილი სწორედ ადამიანის მუზეუმიდან გადაიტანეს. ჟან-პიერ მოენი მაშინ კე ბრანლის მუზეუმის კოლექციებისა და მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ.

“კე ბრანლის მუზეუმი სხვა კულტურების ფრანგული ხედვაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ლევი-სტროსის ცნობილ ნაშრომში „რასა და ისტორია”, რომელიც მან იუნესკოს დაკვეთით დაწერა და სადაც კულტურების მრავალფეროვნებასა და ურთიერთობებზეა საუბარი. მახსოვს, ის კე ბრანლის მუზეუმს გახსნის წინა დღით ეწვია (მაშინ 98 წლის იყო), ეთნოგრაფიულ კოლექციებს გულდასმით ათვალიერებდა. ამ ნივთებში ხომ უხსოვარი დროის ის ინფორმაციაა დალექილი, რასაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლევი-სტროსი ბრაზილიელი ინდიელების, ბოროროს ტომში ეძებდა გასული საუკუნის 30-

იან წლებში, მათთან ცხოვრების დროს და რომელიც მის ლეგენდარულ წიგნში „სევდიან ტროპიკებში” აისახა. მას უნდოდა ჩაწვდომოდა ურბანულ გარემოს მოწყვეტილი საზოგადოების ჩვევებს, მისწრაფებებს და ამით გაეცა პასუხი კაცობრიობის ისტორიის გზაზე დაგროვილი უამრავი კითხვისთვის. მოგვიანებით მისი ასევე ცნობილი წიგნი, „ველურთა აზროვნებაც” ამ საკითხების კვლევას მიეძღვნა.

ადამიანის მუზეუმის ახალი კონცეფციაც, ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხი იქნება. ეს იქნება ადამიანის ისტორია, რომელიც მივიღეთ ანთროპოლოგიური, სოციოლოგიური, ლინგვისტური, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური კვლევების სინთეზის შედეგად, ლევი-სტროსის მიერ შექმნილი „სტრუქტურალიზმის” სკოლის მიხედვით”, – ამბობს ჟან-პიერ მოენი.

როგორი იქნება განახლებული მუზეუმის საგამოფენო სივრცე? თუ მისი ახალი კონცეფცია მომავლის ადამიანსაც გულისხმობს, ხომ არ იგეგმება ულტრათანამედროვე არქიტექტურის შექმნა?

მუზეუმი, რა თქმა უნდა, კვლავ ტროკადეროს სასახლეში დარჩება. მის რეკონსტრუქციაზე არქიტექტორი ოლივერ ბოშე მუშაობს. ეს ძველი სასახლე პარიზის ცენტრში ხელუხლებელი დარჩება, მხოლოდ გვერდით ფლანგებზე დაემატება საგამოფენო დარბაზები. საბოლოო ჯამში, ეს იქნება ეკლექტური სივრცე, სადაც უძველესი და თანამედროვე ეპოქები გაერთიანდება.

და დმანისი, რა ადგილს დაიკავებს ადამიანის ისტორიაში ზოგადად და განახლებულ მუზეუმში კონკრეტულად?

დმანისის აღმოჩენა სიურპრიზი იყო მეცნიერებისთვის. მე აქ პირველად ათიოდე წლის წინ ჩამოვედი. ეს ადგილები მისწრებაა მკვლევრისთვის იმიტომ, რომ იშვიათია არქეოლოგიური ძეგლი, სადაც პრეისტორიული პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე, ადამიანის ცხოვრების კვალი ყოველგვარი წყვეტის გარეშეა შემორჩენილი. ადამიანის ისტორიის დინამიკის საკვლევად ეს საუკეთესო ადგილია, რომ აღარაფერი ვთქვათ აფრიკიდან ჰომინიდების გავრცელების დროსა და მარშრუტზე ევროპაში. დმანისი ადამიანის ისტორიის გადამწყვეტი ეტაპის – ჰომინიდიდან ჰომო საპიენსამდე გზის გასაღებია. ადამიანის მუზეუმის ახლებური კონცეფცია კი ამ გზის კვლევაა და კიდევ ის, რომ ჩვენ დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ტრანსფორმაციის შედეგს წარმოვადგენთ, და ეს გზა გრძელდება”.

ადამიანის მუზეუმის რეკონსტრუქცია პარიზში 2014 წელს დასრულდება და ჰომო საპიენსის წარსული და მომავალი, ახალი კონცეფციით, ინოვაციურ სივრცეში გამოიფინება.

კომენტარები