საქართველოს გზა

სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება. ზურაბიშვილის თქმით, ის მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და მის სტრატეგიას, ასევე გუნდს, რომელიც კოალიცია "ქართულ ოცნებაშია” გაერთიანებული.

ბრიფინგზე საქართველოს გზის ლიდერმა კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ”თავად კოალიციას გარედან კადრების მიზიდვაში დაეხმარება.”

”დღეს ჩამოვედი იმიტომ, რომ გადავწყვიტე – დუმილის დრო დამთავრდა. მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ შერჩეულ სტრატეგიას, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის თაობაზე. გარდა ამისა, მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იგი არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს, იყოს ქვეყნის სათავეში", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი არ გაჰყვება იმ გზას, რომელიც დღეს აქვს არჩეული, საქართველოს გზა ოპოზიციური პარტია იქნება.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იგი მზადაა, სახელმწიფოს ემსახუროს, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულ პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება.

საქართველოს გზის ლიდერის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი მოქალაქეა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში და თავად სწორედ მათ მოზიდვაზე იზრუნებს. სალომე ზურაბიშვილმა აგრეთვე, დასძინა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ანტიეროვნულ პოლიტიკას აწარმოებს. მისი ინფორმაციით, ”საქართველოს მთავრობის ლობისტები საზღვარგარეთ ცდილობენ, წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, თითქოს ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია.”

 

კომენტარები