მკვლელობა

შსს-მ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მისი თანამონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მისი თანამონაწილე დააკავა. ამის შესახებ შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკავეს გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წ.დ ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 1990 წ.დ ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ფოჩხუას დის, ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, ბექა ცობეხიამ მის ძმას ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ტრაგედია მოხდა.

"როგორც მე მითხრეს, ბექა ცობეხიას ანაკლიაში ფული არ ჰქონდა. მან ჩემი ძმა დაინახა, რომ სასტუმრო "ოქროს საწმისის" კაფეში ერთობოდა და თან ჰქონდა ძვირადღირებული ფოტოკამერა და ჯვრისწერის ბეჭედი. კაფედან გამოსულებს ცობეხია ჩემს ძმას გამოეცნაურა და გვერდზე გაიხმო. როგორც ვხვდები, ფული მოსთხოვა, გიორგი მას გაუძალიანდა. შემდეგ კი მოხდა ის ტრაგედია, რამაც გიორგის სიცოცხლე შეიწირა. ის ზღვაში გაძარცვული და მოკლული გადააგდეს",-განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა 13 ივლისს, ანაკლიაში მოკლეს. 

 

კომენტარები