მეცნიერება

მოუხელთებელი შავბნელი მატერია

0 კომენტარი

წელს შვეიცარიელმა ასტრონომმა, ფრიც ცვიკიმ, მის ხელთ არსებულ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით შავბნელი მატერიის არსებობა იწინასწარმეტყველა. ეს „წინასწარმეტყველება” ლოგიკურად გამომდინარეობდა ექსპერიმენტების შედეგებიდან და გალაქტიკების კლასტერული მოდელიდან. ცვიკიმ შენიშნა, რომ ხილულ სამყაროში დამზერილი მატერიის რაოდენობა არ შეესაბამებოდა სამყაროს აგებულების მოდელს. მისი აზრით, უნდა ეარსება მატერიის რაღაც უცნობ „უხილავ” სახესხვაობას, რომელიც სამყაროში გალაქტიკების კლასტერებს, ანუ გროვებს შორისაა განფენილი და ამასთან, მისი სიმკვრივე ძალიან მცირეა. თანამედროვე შეფასებით, შავბნელი მატერია სამყაროს 83%-ს შეადგენს და ბოლო დრომდე მისი არსებობა მხოლოდ ლოგიკურ დასკვნას ეფუძნებოდა. ის არ ასხივებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას (მათ შორის სინათლეს) და არც შთანთქავს მას, რაც, დედამიწაზე არსებული ტექნოლოგიების საშუალებით, მისი პირდაპირ აღმოჩენის შანსს პრაქტიკულად გამორიცხავს.

ჟურნალის – Nature – ბოლო ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის ობსერვატორიის ასტრონომებმა, იორგ დიტრიხის ხელმძღვანელობით, შავბნელი მატერიის არსებობის დამტკიცება შეძლეს. გერმანელმა ასტრონომებმა ამ მატერიას ჩვენგან 2.7 მილიარდი სინათლის წელიწადით მოშორებულ გალაქტიკურ კლასტერებს, Abel 222 და Abel 223-ს შორის არსებულ სივრცეში მიაგნეს, რომელიც 18 მეგაპარსეკის მანძილზეა განფენილი. იორგ დიტრიხმა განაცხადა, რომ „აქამდე შავბნელი მატერიის აღმოჩენა იმის გამო იყო შეუძლებელი, რომ მას მცირე სიმკვრივე აქვს და არ შთანთქავს და არ ასხივებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, თუმცა ეს შესაძლებელი გახდა დედამიწასთან მიმართებით მისი ხელსაყრელი მდებარეობის და შავბნელი მატერიის მიერ შექმნილი გრავიტაციული ეფექტების დაკვირვების ხარჯზე”. ეს აღმოჩენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოუხელთებელი შავბნელი მატერიის ძებნის პროცესში იორგ დიტრიხის გუნდმა კომპიუტერული მოდელირების ალგორითმები შეიმუშავა, რაც შავბნელი მატერიის გავრცელების უბნების გამოვლენის და მისი ხილულ მატერიასთან ურთიერთქმედების შესწავლის საშუალებას იძლევა.

CERN-ის წარმომადგენლები შავბნელი მატერიის არსებობის დამტკიცების შესახებ ამბობენ, რომ ის დიდი ადრონული კოლაიდერით მიღებულ ექსპერიმენტულ შედეგებს ავსებს, რაც ფიზიკოსებისა და ასტრონომების ერთდროულ აღტყინებას იწვევს. ინფორმაცია შავბნელი მატერიის არსებობის დამტკიცების შესახებ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის პარალელურად გავრცელდა. ინფორმაციული ერის მეცნიერების ეს ორი მიღწევა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გახდა შესაძლებელი, იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თანამედროვე ფიზიკის თეორიული მოდელების სისწორეს ამტკიცებს. დაახლოებით ისევე, როგორც ეს არტურ ედინგტონმა გააკეთა გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ექსპერიმენტულად დაამტკიცა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სისწორე და ობიექტურ რეალობად აქცია.


 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები