აღმოჩენა

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯოკონდას საფლავს მიაგნეს

არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ მონა ლიზას, იგივე ჯოკონდაც საფლავს მიაგნეს. FoxNews-ს ცნობით, გათხრები ფლორენციაში, წმინდა ურსულას მონასტრის აკლდამაში მიმდინარეობს.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ტილოზე ლიზა გერარდინი, იგივე ლიზა დელ ჯოკონდო, მდიდარი ვაჭრის მეუღლეა გამოსახული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი მონაზვნად აღიკვეცა და 1542 წელს გარდაიცვალა.

არქეოლოგებმა, ძველი რუკებისა და დოკუმენტების დახმარებით, ქალის ნეშტს მიაგნეს. არქეოლოგ სილვანო ვინსენტის თქმით, ჯერჯერობით არ შეიძლება იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ნეშტი სწორედ ჯოკონდას ეკუთვნის. მეცნიერები აღმოჩენილი ძვლების დნმ--ის ანალიზის ჩატარებას გეგმავენ, რომელთა შედეგებს ლიზას შვილების ნეშტების ანალიზის შედეგებს შეადარებენ.

იმ შემთხვევაში, თუ არქეოლოგების ვერსია დადასტურდა, ისინი თავის ქალის მიხედვით მონა ლიზას ნამდვილი სახის რეკონსტრუქციის ჩატარებასაც აპირებენ, რათა და ვინჩის მოდელის ნამდვილი გარეგნობის გამოსახულება მიიღონ.

 

კომენტარები