კინო

ბოგდან სტუპკა გარდაიცვალა

გუშინ კიევში,  ცნობილი უკრაინელი მსახიობი ბოგდან სტუპკა გარდაიცვალა. 71 წლის მსახიობი, ბოლო 4 თვის განმავლობაში კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. როგორც ცნობილია, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რაც საბოლოოდ ინფარქტის მიზეზი გახდა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ანა გერმანის განცხადებით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბოგდან სტუპკას დასაფლავების ორგანიზებისთვის სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელსაც სათავეში კულტურის მინისტრი მიხაილ კულინიაკი ჩაუდგა.

ბოგდან სტუპკას კინოში 100-მდე, ხოლო სცენაზე 50-მდე როლი აქვს შესრულებული. 2001 წლიდან ივანა ფრანკოს სახელობის, კიევის ნაციონალური აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 1999-2001 წლებში  კიევის ხელოვნებისა და კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა.

ცოტა ხნის წინ უკრაინელი მსახიობი გამოჩნდა ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის ფილმში „შანტრაპა“, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. მისი ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ნამუშევარია მთავარი როლი ფილმში „ტარას ბულბა“,  რომლისთვისაც არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, რუსეთის ნაციონალური კინოპრემია „ოქროს არწივი“  მიიღო.

ბოგდან სტუპკას პანაშვიდები სამშაბათს, ივანა ფრანკოს სახელობის თეატრში გაიმართება.

კომენტარები