ფოკუსი

მსოფლიო ხუთ რგოლში

0 კომენტარი

ჩვენი ნებაა, დავუჯერებთ ამ ამბავს თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს ოლიმპოს მწვერვალზე მყოფმა ღმერთთა ღმერთმა ზევსმა ვაჟიშვილის, ჰერაკლეს გამოცდა ინება.

მოკვდავი ქალის, ალკმენეს და ჭექა-ქუხილის მეუფის ძემ – ჰერაკლემ, ჯერ ნემეის ლომი განგმირა, შემდეგ ლერნეს ჰიდრა მოკლა, კერინიის ფურირემი ცოცხლად ჩაიყვანა მიკენში, ერიმანთოსის ტახიც დაიჭირა...

მოკლედ, ვაჟმა მამის თორმეტი დავალება გმირულად შეასრულა. მერე მინდორზე ორასი ნაბიჯი, როგორც მაშინ ამბობდნენ, ერთი სტადიონი გაიარა და ტრიბუნებიც ააგო, ცოტა ხანში კი ის თამაშებიც მოაწყო, რომელსაც მამის და სხვა ღმერთების პატივსაცემად „ოლიმპიური” უწოდა.

ამ ლეგენდას ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემულ არაერთ წიგნში წაიკითხავთ. იქვე ისიც იქნება მითითებული, რომ ძველ საბერძნეთში ყველაზე პოპულარული დღესასწაული სწორედ ოლიმპიური თამაშები იყო – ის ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა...

დღეს სპორტის ყველა მკვლევარმა იცის, რომ პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული თამაშები საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს ჩატარდა.

წლების შემდეგ ძლევამოსილი ელადა რომაელებმა დაიპყრეს, მათ კი სხვა ინტერესი ჰქონდათ...

* * *

1894 წლის 23 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პედაგოგის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო სპორტული კონგრესი, რომლის მთავარი

მიზანი ანტიკური ოლიმპიური თამაშების აღორძინება იყო.

იქვე დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის წევრებმა თამაშების ჩატარება 1896 წელს გადაწყვიტეს. ტურნირის მასპინძელზე ბევრი არ უფიქრიათ – საბერძნეთი, ათენი, პანათენაიკის სტადიონი.

თანამედროვეობის პირველ ოლიმპიადაში 14 ქვეყნის 241 სპორტსმენი მონაწილეობდა.

დღეს თამაშები მხოლოდ სპორტული მოვლენა აღარაა – ეს ოთხწლეულის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ათასობით სპორტსმენს და მილიარდობით გულშემატკივარს აერთიანებს. კარსმომდგარი ოლიმპიადაც ამის დასტურია: ლონდონში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა 201 ქვეყნის 10 ათასზე მეტმა სპორტსმენმა. ჯერჯერობით, სოკ-ის მხოლოდ სამი წევრია დარჩენილი წლევანდელი თამაშების ლიცენზიის გარეშე: ეკვატორული გვინეა, მავრიტანია და სან ტომე და პრინსიპი.

* * *

თანამედროვე ოლიმპიადების სათავეებთან მდგომი ბარონი პიერ დე კუბერტენი ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ თამაშები სპორტსმენისთვის და პოლიტიკოსისთვის, ან ხელოვანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესო, ოლიმპიური კომიტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდებოდა.

1972 წელს, როცა სოკ-ის მეხუთე პრეზიდენტმა, ამერიკელმა ეივრი ბრენდიჯმა თანამდებობა დატოვა, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 2 მილიონი დოლარი ირიცხებოდა. ის 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა სოკ-ს და ოლიმპიური მოძრაობის კომერციალიზაციის წინააღმდეგი იყო.

1980 წელს, მოსკოვში გამართულ სესიაზე პრეზიდენტად ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი აირჩიეს. მადრიდის გაზეთ ლა პრენსას ყოფილმა ჟურნალისტმა პირველ რიგში ოლიმპიადის სპონსორების ძიება დაიწყო.

შედეგად, 1984 წელს, ლოს ანჯელესის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა იმ დროისთვის არნახული მოგება ნახა – 225 მილიონი დოლარი, თავად სოკ-ის აქტივები კი თითქმის 40-ჯერ გაიზარდა.

ახლა ის 225 მილიონიც სასაცილოა: ლონდონი 2012-ის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 9,3 მილიარდი დოლარია, თუმცა სხვადასხვა კვლევა და ჟურნალისტური გამოძიება გაცილებით მეტს ანგარიშობს. საორგანიზაციო კომიტეტი კი მაინც მოგებას ელის.

დღეს სოკ-ს რამდენიმე ზღაპრული კონტრაქტი აკავშირებს ტრანსკონტინენტალურ მეგაკომპანიებთან, სატელევიზიო მედიის სწრაფმა განვითარებამ კი ოლიმპიური თამაშების არნახულ პოპულარიზაციას და, შესაბამისად, კომერციალიზაციას შეუწყო ხელი.

მაგალითად, თუ მეხიკოს 1968 წლის თამაშების ტელეაუდიტორია 600 მილიონი იყო და ეს რიცხვი 1984 წლამდე „მხოლოდ” 300 მილიონით გაიზარდა, 1992 წელს, ბარსელონაში გამართულ თამაშებს უკვე 3,5 მილიარდი ტელემაყურებელი ჰყავდა.

ბოლო, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა 4,7 მილიარდმა ადამიანმა იხილა.

და სადაც ამდენი გულშემატკივარია, აღარავის უკვირს, რომ სატელევიზიო უფლებებიც ძალიან ძვირია: 1999 წელს NBC-მ სოკ-ისგან 3,5 მილიარდ დოლარად შეიძინა 2000-2012 წლების ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლება!

* * *

უამრავჯერ უთქვამთ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ უმეტესად ეს სიტყვები მხოლოდ მოწოდებად რჩება. ოლიმპიური თამაშები ამის ნათელი დადასტურებაა – პოლიტიკური მოვლენები ყველაზე უკეთ სწორედ ოთხწლეულის მთავარ სპორტულ თამაშებზე აირეკლება.

1916 წელს ბერლინის ოლიმპიადა პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა, 1940 წლის ტოკიოს და 1944 წლის ლონდონის თამაშები კი უკვე მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა.

უცნაურია, მაგრამ 1896 წლიდან დღემდე, ზაფხულის ოლიმპიადებზე უცვლელად მხოლოდ 5 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს – საბერძნეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის.

თამაშების ისტორიას არაერთი ბოიკოტი ახსოვს:

1956 წელს, მელბურნში ჰოლანდიის და ესპანეთის გუნდები საბჭოთა ჯარების უნგრეთში შეჭრის გამო არ ჩავიდნენ, კამბოჯამ, ეგვიპტემ, ერაყმა და ლიბანმა კი სპორტსმენები სუეცის არხის კრიზისის გამო არ გაუშვეს ავსტრალიაში. განზე გადგა ჩინეთიც, რადგან სოკ-მა ტაივანს თამაშებში მონაწილეობის უფლება დართო...

ფრანგი ბარონის ძალისხმევით აღორძინებულ სპორტულ მოძრაობაზე XX საუკუნის 70-80 წლების ცივი ომი ყველაზე ნათლად აისახა: აშშ-ის ინიციატივით, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას 65-მა ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი. საბჭოთა კავშირში მხოლოდ 81 გუნდი ჩავიდა – ყველაზე ცოტა მელბურნის ხსენებული თამაშების შემდეგ.

თავის მხრივ, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა მომდევნო, ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშებს აქციეს ზურგი – საბჭოთა კავშირის გარდა, ატლანტიკის ოკეანის გაღმა კიდევ 14 ქვეყნის ნაკრები არ გაემგზავრა.

2004 წელს ირანელმა ძიუდოკამ არაშ მირესმაელიმ ისრაელის ნაკრების წარმომადგენელთან პაექრობა პოლიტიკური მოტივით იუარა (ირანი ყველგან უარობდა ისრაელთან დაპირისპირებას, მათ შორის, სპორტშიც). მირესმაელი, ცხადია, თამაშებიდან მოკვეთეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული უხვად დაასაჩუქრეს: ხელისუფლებამ ზუსტად ის თანხა უბოძა, რაც ჩემპიონებს – 125 ათასი დოლარი.

პროტესტის გარეშე არც ბოლო, პეკინის 2008 წლის თამაშებს ჩაუვლია: არაერთი ქვეყნის ხელისუფალი დაიმუქრა თამაშების ბოიკოტით იმ მიზეზით, რომ ჩინეთის მთავრობა უხეშად არღვევდა ტიბეტელთა უფლებებს.

ეს თამაშების დაწყებამდე იყო, უშუალოდ შეჯიბრების დღეებში კი ჩვენმა ნაკრებმა საქართველოში რუსეთის აგრესია გააპროტესტა.

* * *

თამაშების ხანგრძლივ და ძალიან საინტერესო ისტორიას, სამწუხაროდ, სისხლისღვრაც ახსოვს.

1972 წელს, მიუნხენში, პალესტინელ ტერორისტთა ჯგუფმა – შავი სექტემბერი – ისრაელის ოლიმპიური გუნდის 11 წევრი აიყვანა მძევლად: ორი მალევე მოკლა, დანარჩენები კი სამაშველო ოპერაციის დაწყებისთანავე გამოასალმა სიცოცხლეს. ტრაგედიას 5 ტერორისტის გარდა ერთი გერმანელი სამართალდამცავიც შეეწირა...

1996 წელს, ატლანტაში, ცენტრალურ ოლიმპიურ პარკში ნაღმის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 111 კი დაშავდა. უსაფრთხოების სამსახურმა მალევე დააკავა ერიკ რობერტ რუდოლფი. ის დღემდე ციხეშია – სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

* * *

ქართველები მეთექვსმეტედ იასპარეზებენ ოლიმპიადაზე, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით კი – მეხუთედ.

ოლიმპიური ცეცხლი 27 ივლისს აინთება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები