ზაფხული

საზაფხულო პრობლემები

0 კომენტარი

თავისუფალი და უზრუნველი პერიოდის გამო ზაფხულის არდადეგებს ბავშვები განსაკუთრებული სიხარულით ელიან, რადგან მათთვის სკოლა მუშაობასთან ასოცირდება, ზაფხულის არდადეგები კი – თამაშსა და გართობასთან. სამაგიეროდ, არდადეგების მოახლოება ახალ საზრუნავს უჩენს ქალაქში მცხოვრებ მშობლებს – ითვლება, რომ შვილის სიცხისგან გარიდება მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხონ, ფინანსური შესაძლებლობების ან დროის უქონლობის მიუხედავად. საქმე შედარებით მარტივადაა, თუ ბავშვს სოფელში ბებია-ბაბუა ელოდება, ასე ზედმეტი ხარჯის არიდება შეიძლება – კვლევებიც მოწმობს, რომ ქართველი დამსვენებელი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილზე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის, ფინანსური მოსაზრებების გამო.

კვლევითი კომპანია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცხელი ზაფხულისგან თავის დაღწევას ქალაქგარეთ გასვლით მოსახლეობის დაახლოებით 54% ცდილობს. აქედან რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ (2,3%), ხოლო საქართველოში მთის კურორტებზე, აგარაკზე და შავი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 51% მიდის.

BCG Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, თბილისელთა დაახლოებით 25% ქალაქში რჩება. დასასვენებლად წასულთა უმეტესობა (53%) მიზეზად რეკრეაციას ასახელებს, 17% ქალაქიდან მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად გადის.

არის თუ არა ზაფხულში ქალაქიდან გასვლა და ბავშვის გაყვანა მართლაც ასეთი გადაუდებელი საჭიროება? პედიატრები თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ დასვენება და ჰაერის შეცვლა აუცილებელია: სუფთა ჰაერი ყველა ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა – ფილტვებს ალერგენებისა და მტვრისგან ასუფთავებს, აუმჯობესებს ზედა სასუნთქი მილების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, სეირნობისა და თამაშის დროს ენერგიის ხარჯვა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემისთვის. პედიატრებისგან იმასაც ხშირად მოისმენთ, თუ რა მნიშვნელოვანია მზის სხივების ზემოქმედება – ამ დროს კანში D ვიტამინი გამოიყოფა, მისმა ნაკლებობამ კი შეიძლება რაქიტი გამოიწვიოს. მეტიც, ექიმები გეტყვიან, რომ სუფთა ჰაერი ბავშვის ტვინის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

ამრიგად, ქალაქგარეთ დასვენება სასარგებლოა, თუმცა, ზაფხულის ხანგრძლივ შესვენებას სხვა მხარეც აქვს – უარყოფითი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. არსებობს მოსაზრება, რომ ის სკოლის ასაკის ბავშვების გონებრივ განვითარებას აფერხებს. ორი წლის წინ ჟურნალი Time-იც წერდა, რომ მილიონობით დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილი არდადეგებზე კარგავს იმ ცოდნის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში მიიღო.

უკანასკნელი 13 კვლევის მიხედვით კი, ზაფხულის შესვენება განსაკუთრებით მათემატიკური უნარების განვითარებას უშლის ხელს – ზაფხულში ბავშვები იშვიათად, ან საერთოდ არ მეცადინეობენ. ამ სფეროს სპეციალისტმა Duke University-დან, ჰარის კუპერმა, აღმოაჩინა, რომ სამთვიანი პასიური დასვენების შემდეგ, გამოთვლით მათემატიკაში ისინი ერთი თვით უკან იხევენ. ოპონენტები, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ საჭირო არაა ბავშვების თავისუფალი დროის შევსება სხვადასხვა დავალებებითა და ამოცანებით. შემოდგომიდან ისინი სასწავლო პროცესს თავისთავად დაუბრუნდებიან.

სასწავლო წლის ხანგრძლივობა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც სწავლა ყველაზე დიდხანს, 240 დღეს გრძელდება, იაპონიაა. აშშ-ში ეს ვადა 175-180 დღეა, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კი 167 დღით განისაზღვრება.

ბუნებრივია, დაკარგული დროის კომპენსირება მხატვრული ლიტერატურითაც შეიძლება, თუმცა, საბოლოო შედეგი, კუპერის აზრით, მაინც სავალალოა. როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივი დასვენება იწვევს მეხსიერების დაქვეითებასაც – კონცეპტუალურ ცოდნასთან შედარებით, ადვილად ხდება ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის დავიწყება.

ამ პრობლემაზე მასწავლებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბავშვებს სასწავლო პროცესში სწრაფი ინტეგრირება უჭირთ, დავიწყებული აქვთ ის, რაც წინა სასწავლო წლის განმავლობაში გაიარეს და სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლის მაგიერ, დიდი დრო განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა.

ამ სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ გვსურს, ზაფხულის განმავლობაში ბავშვები აკადემიურ განათლებას არ ჩამორჩნენ, აუცილებელია, საკუთარ თავზე იმუშაონ ან მშობლებმა სპეციალურ საზაფხულო ბანაკებსა და სკოლებში გაუშვან, რათა სკოლის პროგრამისგან განსხვავებული ცოდნის მიღებაც შეძლონ. საზაფხულო ბანაკები თითქმის ყველა ქვეყანაში პოპულარულია. ასეთი ბანაკები და საზაფხულო სკოლები საქართველოშიც არის. როგორც წესი, სწავლების კურსი ერთიდან ოთხ კვირამდე გრძელდება, თუმცა მათი უმრავლესობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ასეა თუ ისე, არდადეგების ხანგრძლივობა მშობლების ნება-სურვილზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ხოლო თუ ქალაქგარეთ გასვლა ვერ ხერხდება, ალტერნატივად თბილისის არცთუ მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონები რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები