არჩევნები 2012

ქართული ოცნების აქცია ბათუმში

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ბათუმში, ე. წ. საოცრებათა მოედანზე 5 აგვისტოს კოალიცია ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მისი გამოსვლა ძირითადად ხელისუფლების მისამართით ბრალდებებს მიეძღვნა.

კერძოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოქმედ ხელისუფლებას საბჭოური მენტალიტეტი და აზროვნება აქვს. "ისიც კი დამაბრალეს, თურმე მე საბჭოთა კავშირი მენატრება. მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო, ტოტალური ტყუილის იმპერია იყო.... სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ. სააკაშვილის ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგვას თავის საბჭოთა წინამორბედს", -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას „მხოლოდ საბჭოთა კავშირის ლიდერებისგან სმენია“ ის, რაც თქვა პრეზიდენტმა - რომ "არსად წასვლას არ აპირებს".

გარდა ამისა, კოალიციის ლიდერმა 2008 წლის აგვსტოს ომზე პასუხისმგებლობა კვლავ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას დააკისრა. „ეს ხელისუფლება იმაშიც მდებს ბრალს, თითქოს მე რუსეთის შემოყვანა მინდა... მაგრამ სწორედ სააკაშვილმა თავისი უგუნური პოლიტიკით შემოიყვანა რუსეთის ჯარი და ამის დასტური ოკუპირებული ტერიტორიები და ასობით დაკარგული ქართული სოფელია", -დასძინა ივანიშვილმა.

პოლიტიკოსმა მოქმედი ხელისულფება ასევე მოსახლეობაში დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა. „ძალადობა და დაპირისპირება, დაშლა და დაქუცმაცება - აი, მხოლოდ ასე შეუძლია სააკაშვილს ქვეყნის მართვა და ამან ქვეყანა სადამდეც მიიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ ...კუთხე კუთხეს დაუპირისპირა, ქალაქი - ქალაქს, უბანი - უბანს და ასე შლის (ხელისუფლება) და აქუცმაცებს მთელ საქართველოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დაპისპირებულ ბანაკებად დაყოფილია სამღვდელოებაც, რომელიც ხელისუფლებისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებად გაიყო. რაც ეკლესიაზე ზეწოლის შედეგია და პასუხსმგებლობა ამაზე, ივანიშვილის ზარით, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. ქართული ოცნების ლიდერმა პიროიბა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეკლესიას ზეწოლისგან „გაათავისუფლებს“ და „დაპირისპირებას ბოლოს მოუღებს“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ინვესტრიციების მოზიდვა „საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე“ არ უნდა ხდებოდეს. "სამარცხვინოა ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომ მისი მაღალკვალიფიციური მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში მათთვის შეუფერებელ შავ სამუშაოს ასრულებენ წარმოუდგენლად მცირე ანაზღაურების ფასავანიშდ. კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც შენი მოქალაქეები კიდევ უფრო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან აქ, მშობლიურ მიწაზე", _ განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" შეცვლის შრომის კოდექსს ისე, რომ არც ერთ დამქირავებელს აღარ შეეძლოს დაქირავებულის უფლებების შელახვა.

ივანიშვილი მხარდამჭერებს ასევე ხალ ბაზრების გახსნასა და რუსულ ბაზრის დაბრუნებასაც დაპირდა. ასევე - სამოქალაქო საზღვაო ფლოტის აღდგენას, რომელიც, მისი განცხადებით, მოქმედმა ხალისუფლებამ მთლიანად გაყიდა.

ბათუმში სამშენებლო პრპოექტებზე საუბრისას კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ბათუმი „ერთი კაცის ამბიციების და ფანტაზიების პოლიგონად“ გადაიქცა.

ივანიშვილმა აჭარის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მას თბილისიდან ვეღარავინ „მოახვევს თავს“ თავის ნება-სურვილს და აჭარის მოსახლეობა თავად გადაწყვეტს ყველა საკითხს თავის ქალაქში, რაიონში თუ სოფელში.

იგი ასევე თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხსაც შეეხო. ივანიშვილის თქმით, "რელიგიური შემწყნარებლობა ქართული ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნაწილია და აღმსარებლობის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში",

"ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ერთმანეთის გვერდით თანასწორად და ღირსეულად უნდა იცხოვრონ. მე ვიცი, რომ თქვენ არა მორიგი მეჩეთის აშენება გაშფოთებთ, არამედ თქვენ გაშფოთებთ ჩვენი ხელისფულების ძალიან საეჭვო ნაბიჯები. თორემ უცხო ქვეყნის მიწაზე მდებარე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრებს, თუ რა ბედი ეწევა, ჩვენ, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მართლაც გვადარდებს", - განაცხადა ივანიშვილმა და ბათუმელებს დაპირდა, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოარკვევს და სააშკარაოზე გამოიტანს ყველაფერს, რაც ამ „მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული“.

 

კომენტარები