რიჩარდ ლუგარი

სენატორ რიჩარდ ლუგარის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკური პარტიის წევრი რიჩარდ ლუგარი. ვიზიტის ფარგლებში ის ოპოზიციურ პარტიებს და პრეზიდენტს შეხვდა.

ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა თბილისი მარიოტში შედგა. ლუგარი შეხვდა ქართული ოცნებისა და ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებს.  შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკოსებმა განაცხადეს რომ ამერიკელ სენატორთა წინასაარჩევნო და ხმის დათვლის პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, სენატორი ლუგარი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მიენიჭა. სააკაშვილმა ლუგარს დაღუპული გმირების ხსოვნის სამკერდე ნიშნის ტარების გამო მადლობაც გადაუხადა.

ლაბორატორიის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუგარმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხთან მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა მისთვის ბევრს ნიშნავს. მან მისი სახელობის ლაბორატორიის გახსნა დიდ პატივად შეაფასა. 

"მე თბილისში ბევრჯერ ვყოფილვარ, მათ შორის 2008 წელს, როცა ამ შენობას საფუძველი ჩაეყარა, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებული გახლავთ ჩემთვის. ძალიან დიდი პატივია ის, რომ ამ შენობას რიჩარდ ლუგარის სახელი ენიჭება. ჩემთვის ბევრს ნიშნავს მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა ქართველ ხალხთან", - განაცხადა ლუგარმა.

ლუგარი აშშ-ის სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია. მან ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე ორგანიზაციის გაფართობის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელშიც პრეზიდენტ ობამას ალიანსში საქართველოს, ბოსნია ჰერცოგივინას, მაკედონიის და მონტენეგროს გაწევრიანების კონკრეტული გზის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.  

 

კომენტარები