საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირი: ჩვენი მიზანია, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე განვიხილოთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ 3 სექტემბერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ევროკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები, რაც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, „კარგი პროგრესით ხასიათდება“.

„გვსურს დავადასტუროთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მხარს ვუჭერთ ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, შევინარჩუნოთ ტემპი თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომავალ წელს დასრულების მიზნით. ასევე, ჩვენი მიზანია, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ამ წლის ბოლოსთვის განვიხილოთ“. - ნათქვამია შტეფან ფულეს და ქეთრინ ეშტონის ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლები აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხი და ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებლის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომობა.

საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი ივნისში დაიწყეს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლაა. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მოთხოვნა, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტია.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმაც ისაუბრა. რომპუის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებით საქართველოში შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა, რომლის შედეგადაც უფრო ეფექტური ინსტიტუტები შეიქმნა და მოქალაქეებისთვის სერვისები გაუმჯობესდა.

 

კომენტარები