მოდა

Trends F/W 2012-13

0 კომენტარი

ცხელა. თითქოს შემოდგომა-ზამთრის სამოსზე ფიქრი ნაადრევია, თუმცა სულ მალე აღმოვაჩენთ, რომ შარშანდელი ვიწრო კაბა წლევანდელზე განიერი გახდა, აბრეშუმზე ორნამენტები – ზედმეტად კონკრეტული და “ბეწვის” ქურთუკიც ვეღარ ახდენს ისეთ ეფექტს, როგორც გასულ ზამთარში. სამწუხაროა თუ სასიხარულო, ყოველ ახალ სეზონს ახალი ტენდენცია მოაქვს, ამიტომ წინასწარ თადარიგის დაჭერაც არ იქნება ურიგო.

შემოდგომა-ზამთრის მოდური ტენდენციებიდან რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება:

Boy-Girl – ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ივ სენ ლორანი ჰელმუტ ნიუტონთან ერთად საკულტო იმიჯს ქმნიდა – ანდროგენული, მისტიკური ქალის, რომელიც მამაკაცის სმოკინგში იყო გამოწყობილი. სქესთა შორის საზღვრის გადათამაშება მუდამ საინტერესო თემაა მოდის სამყაროში, წელს კი ბიჭური გოგოს თემა ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად მოგვევლინება. Hermes, Celine, ყველა „მკაცრი” დიზაინერი შემოდგომისთვის კიდევ უფრო ამკაცრებს საკუთარ გმირ ქალს და მამაკაცის კლასიკური გარდერობის ქალისთვის მისაღებ ვერსიებს გვთავაზობს.

Oversize – გაზვიადებული ფორმები, დიდი მხრები, სახელოები და თითქოს ზომაზე დიდი ტანისამოსი გასულ სეზონებზეც იყო ყურადღების ცენტრში. წელს კი ეს სტილი უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. ეს იმას ჰგავს, როდესაც საბანივით ეხვევი ზედა ტანსაცმელში და, ამავე დროს, ეს ყველაფერი მაღალი ხარისხის დახვეწილი დიზაინია. დიდი ლაბადები წლევანდელი ზამთრის უპირობო ჰიტი იქნება. ისეთი, როგორც რაფ სიმონისმა ჯილ სანდერის სახლისთვის შექმნილ გამოსამშვიდობებელ კოლექციაში წარმოგვიდგინა.

 

Fur bits – მიუხედავად პირადი დადებითი თუ კატეგორიულად საწინააღმდეგო დამოკიდებულებისა, ნატურალური ბეწვი კვლავ მოდაშია. ამჯერად აქტუალურია არა ცხოველის მთლიანი ბეწვი, არამედ როგორც უჩვეულო დეტალი, ექსტრავაგანტული გაფორმება, რაც შეიძლება არატრადიციული ხერხებით – როგორც ამას Celine და რიკ ოუენსი ქმნის. ნაქსოვი ზედა ტანისამოსი Celine-სგან ამის საუკეთესო მაგალითია.

 

Baroque – წარმოიდგინეთ, რომ ბროლის ჭაღი დაშალეთ და სადა კაბაზე დაიკერეთ მუხის ფოთლის ფორმის ბაროკოს პერიოდის კრისტალები. ან იმავე ხანის ვენეციური კილიტებით ნაქარგი კედლიდან ჩამოხსენით და მისგან საღამოს კაბა შეკერეთ – არ შეგეშინდეთ, სწორედ ამ მასშტაბის სამკაულებით თუ გაიხალისებთ თავს შემოდგომა-ზამთრის ცივ საღამოებზე. საღამოს ტუალეტები წელს შარშანდელზე პომპეზურია.

 

Retro mix – ისტორიული თემატიკით გატაცება არაერთი დიზაინერის შემოქმედებაში გვხვდება. ამ ზამთარს, მე-19 საუკუნის თავსაბურავების ტარება 70-იანი წლების განიერ შარვლებთან ერთად შეგიძლიათ სცადოთ, მაგალითი კი მარკ ჯეიკობსის კოლექციიდან აიღოთ. ნუ შეგეშინდებათ დოლჩე და გაბანას სიცილიური კოსტიუმების, ან პრადას 60-იანი წლების ფსიქოდელიური პრინტების. ეს ყველაფერი ზამთრის სეზონს უფრო საინტერესოს, ჭრელს და შარშანდელისგან განსხვავებულს გახდის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები