ლიტერატურა

მარსისკენ უორჰოლთან ერთად

სულ რაღაც ორი თვის წინ, ყველაზე სახელგანთქმული ცოცხალი მწერალი, ალბათ, რეი ბრედბერი იყო.

მას მერე, რაც ბრედბერი ამ სტატუსს გამოემშვიდობა, ანუ როცა ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე, 2012 წლის 5 ივნისს ლოს ანჯელესში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, დასავლური გამოცემები ერთმანეთს მასთან აღებული უკანასკნელი ინტერვიუების გამოქვეყნებით ეჯიბრებიან. ერთ-ერთ ასეთში, ამერიკელმა მწერალმა ინტერვიუერებს უთხრა – მინდა, ჩემი ფერფლი Campbell’s Tomato Soup-ის ქილაში მოათავსონ და მარსისკენ მოისროლონო.

მედია, ბრედბერის გახსენებისას, მისი ბიოგრაფიის განსაკუთრებით ერთ დეტალს იყენებს მოხდენილად. მართალია, ამ დეტალის ციტირება ლამის უკვე კლიშედ იქცა, მაგრამ იმდენად რომანტიკულია, რომ გვერდს მაინც ვერ ავუვლით: საქმე ისაა, რომ როცა რეი 12 წლის იყო, მის მშობლიურ ქალაქში, ვოკეგანში (ილინოისი) მოხეტიალე ცირკი ჩავიდა; უცებ, პატარა ბრედბერის შოუს წამყვანი, ვინმე მისტერ ელექტრიკო მიუახლოვდა, თავისი ჯადოსნური ხმალი ცხვირზე მიადო და უჩურჩულა: „მარადიულად იცოცხლე!” ეს ინციდენტი ბრედბერისთვის ერთ-ერთ საკვანძო, შთამაგონებელ მომენტად იქცა და იმ დღის შემდეგ, მისი ცხოვრების არცერთ დღეს წერის გარეშე არ ჩაუვლია.

ჰოდა, ჩვენც შევუერთდეთ ზოგად განწყობას და ვთქვათ, რომ – რეი ბრედბერი, თქვენ მარადიული სიცოცხლე გარანტირებული გაქვთ!

ტაბულა Paris Review-ში 2010 წლის გაზაფხულს გამოქვეყნებული, ერთ-ერთი უკანასკნელი, გრძელი და საინტერესო ინტერვიუს ფრაგმენტებს გთავაზობთ.

რატომ წერთ სამეცნიერო ფანტასტიკას?

სამეცნიერო ფანტასტიკა იდეების ფიქციაა. იდეები აღმაგზნებს, აღგზნებისთანავე კი ადრენალინი გამომეყოფა და მერე უკვე ენერგიას თავად იდეებისგან ვსესხულობ. სამეცნიერო ფანტასტიკა ნებისმიერი იდეაა, რაც თავში მოდის, რაც ჯერ არ არსებობს, თუმცა მალე იარსებებს და მალევე შეცვლის ყველაფერს ყველასთვის. თუკი რამე იდეა გიჩნდება, რასაც სამყაროს თუნდაც სულ პატარა ნაწილის შეცვლა შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას წერ. ეს შესაძლებლის ხელოვნებაა და არა – შეუძლებლის.

აი, წარმოიდგინეთ, ჩემი კარიერის დასაწყისში, 60 წლის წინ რომ დამეწერა მოთხრობა ქალზე, რომელმაც აბი გადაყლაბა, კათოლიკური ეკლესია გაანადგურა და ამან ქალთა განთავისუფლების ტალღა ააგორა; ამ მოთხრობას ალბათ დასცინებდნენ, მაგრამ მაინც შესაძლებლის სფეროდან იქნებოდა და ალბათ კარგი სამეცნიერო ფანტასტიკაც გამოვიდოდა. სამეცნიერო ფანტასტიკა არა მარტო შესაძლებლის, არამედ თვალნათელის ხელოვნებაცაა. მაგალითად, ავტომობილის გაჩენისთანავე, უმალვე შეგეძლო გეწინასწარმეტყველა, რომ ის იმდენ ადამიანს მოკლავდა, რამდენიც სინამდვილეში მოკლა.

სამეცნიერო ფანტასტიკა თუ აკმაყოფილებს რაიმე ისეთს, რასაც მეინსტრიმ-ლიტერატურა ვერ ახერხებს?

კი, იმიტომ რომ მეინსტრიმი ყურადღების მიღმა ტოვებს ბოლო 50 წლის მანძილზე ჩვენს კულტურაში მომხდარ ყველა ცვლილებას. ჩვენი დროის მთავარი იდეები – სამედიცინო წინსვლა, ჩვენი სახეობის განვითარებაში კოსმოსური კვლევების მნიშვნელობა – უგულებელყოფილია. როგორც წესი, კრიტიკოსები ცდებიან, ან 15-20 წლით აგვიანებენ.

ნამდვილად სირცხვილია. რატომ ხდება იდეათა ფიქციის უგულებელყოფა, ვერ გეტყვით. მხოლოდ ინტელექტუალურ სნობიზმს შემიძლია დავაბრალო.

[2000 წელს] თქვენ ამერიკულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ორდენით დაგაჯილდოვეს. იყო თუ არა ეს ჯილდო ნიშანი, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა საპატიო ჟანრი გახდა?

გარკვეულწილად. ხალხს დიდი დრო დასჭირდა, ჩვენთვის გზა გაეხსნა და აბუჩად აგდებას შეშვებოდა. ჩემს ახალგაზრდობაში, მაგალითად, სადმე წვეულებაზე თუ წახვიდოდი და ვინმეს ეტყოდი, სამეცნიერო ფანტასტიკას ვწერო, შეურაცხყოფას მოგაყენებდა. 60 წლის წინ ამ ჟანრის წიგნები, პრაქტიკულად, არც გამოიცემოდა. 1946-ში, მახსოვს, სამეცნიერო ფანტასტიკის მარტო ორი ანთოლოგია იყო. თუმცა მაინც ვერ ვყიდულობდით, რადგან ყველანი ძალიან ღარიბები ვიყავით. როცა 50-იანებში ამ ჟანრის პირველი წიგნების გამოშვება დაიწყეს, კარგი ლიტერატურული ჟურნალები ოდნავადაც არ ინტერესდებოდნენ.

აძლევს თუ არა სამეცნიერო ფანტასტიკა მწერალს უფრო მარტივ გზას, კონცეპტუალური პრეამბულები იკვლიოს?

აი, “ფარენგეიტი 451” აიღეთ. წიგნების დაწვასთან გვაქვს საქმე – მეტად სერიოზულ საკითხთან. ფრთხილად უნდა იყო, ხალხის დამოძღვრაში რომ არ გადაიჭრა. ამიტომ, ამბავს მომავლის კონტექსტში სვამ, გამოიგონებ მეხანძრეს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის ნაცვლად, წიგნებს წვავს; შემდეგ ამ გმირს თავგადასავლებზე უშვებ, სადაც აღმოაჩენს, რომ წიგნები სულაც არ უნდა დაიწვას. ის პირველ წიგნს კითხულობს. უყვარდება. შემდეგ კი მას სამყაროში აგზავნი იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს. დიდი სასპენს-მოთხრობაა, რომელშიც დიდი სიმართლე დევს – სიმართლე, რომლის თქმა პათეტიკისა და დიდაქტიკის გარეშე გინდა.

სამეცნიერო ფანტასტიკას, ერთი შეხედვით, მომავლის გარკვევა სურს, სინამდვილეში კი იმის ანარეკლს უყურებს, რაც უკვე ჩვენ ცხვირწინაა.

თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობთ?

სულ იმ აზრზე ვარ, რომ შენივე სფეროში ძალიან ცოტა უნდა იკითხო. მაგრამ თავიდან ეს არავის გამოსდის. 17 წლისამ, მეც თითქმის ყველაფერი წავიკითხე, რაც Astounding Science Fiction-ში იბეჭდებოდა, თუმცა ჩემი სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარ გავლენებად ჰერბერტ უელსსა და ჟიულ ვერნს მივიჩნევ. აღმოვაჩინე, რომ ვერნს, ამ მორალური იგავების ავტორსა და ჰუმანიზმის ინსტრუქტორს, ბევრი რამით ვგავარ.

თქვენზე ახალგაზრდა ავტორებზე რას იტყვით?

მირჩევნია, ამ ჟანრში ახალგაზრდების არაფერი წავიკითხო. ხშირად შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდე, როცა აღმოაჩენ, რომ ისინიც იმ იდეამდე არიან მისულები, რომელზეც შენ მუშაობ.

როდის დაიწყეთ წერა?

ყველაფერი ედგარ ალან პოთი დაიწყო. 12-დან 18 წლამდე მას ვბაძავდი. იმავეს ვიტყვი ედგარ რაის ბეროუზსა და ჯონ კარტერზე. ტრადიციულ ჰორორ-მოთხრობებს ვწერდი. ალბათ ყველა ასე იწყებს, ვინც ამ ჟანრშია.

ყველაფერი 1932 წელს გაღვივდა, როცა 12 წლის ვიყავი. იყო კიდევ კომიქსები და რადიოშოუები, განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი, Chandu the Magician. ყოველ ღამე, შოუს დასრულებისთანავე, დავჯდებოდი, მეხსიერებაში სცენარს

აღვიდგენდი და ვწერდი.

ილუსტრირებაც მიყვარდა, კომიქსებს ვხატავდი. ტარზანზე მარტო კი არ ვწერდი, არამედ ჩემს საკვირაო პანელებს ვხატავდი. ჩვეულებრივ სათავგადასავლო მოთხრობებს ვაკეთებდი. მოქმედების ადგილი სამხრეთ ამერიკა, აცტეკების საცხოვრებლები ან აფრიკა იყო. ვიცოდი, რომ ხელოვნების რომელიმე სფეროში დავრჩებოდი: ვხატავდი, ვმსახიობობდი და ვწერდი.

როგორც ჩანს, მრავალფეროვანი გავლენებისადმი გახსნილი იყავით.

ნაგვის ხროვის კონგლომერატი – აი, ვინ ვარ მე. თუმცა “ლიტერატურული” სიყვარულები მეც მაქვს. მიყვარს, როცა საკუთარ თავს, შუაღამისას, ამერიკის ირგვლივ მოსიარულე მატარებელში წარმოვიდგენ და ჩემს საყვარელ ავტორებს ვესაუბრები. მატარებელში აუცილებლად არის ბერნარდ შოუ, რომელსაც ერთი-ორი ისეთი რამე აქვს დაწერილი, რასაც დღეს სამეცნიერო ფანტასტიკა შეიძლება ვუწოდოთ. ჰოდა, ვსხედვართ გვიან ღამე მატარებელში, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და ვამბობთ: ეს თუ 1900 წელს მცხოვრებ ქალებზე სიმართლეა, ნეტავ, 2050-ში რაღა იქნება?

კიდევ ვინ ზის მატარებელში?

უამრავი პოეტი: ჰოპკინსი, ფროსტი, შექსპირი. და ისეთი მწერლები, როგორებიც არიან სტეინბეკი, ჰაქსლი, თომას ვულფი.

რას იტყვით პრუსტზე, ჯოისზე, ფლობერზე, ნაბოკოვზე – მწერლებზე, რომლებიც ლიტერატურას უფრო სტილისა და ფორმის კონტექსტში განიხილავენ. აზროვნების ეს მხარე ოდესმე გაინტერესებდათ?

არა. ვინმეს თუ ჩემი დაძინება შეუძლია, სწორედ ეს ადამიანები არიან. ღმერთო, რამდენჯერ მიცდია პრუსტი! მისი სტილის სილამაზესაც ვაღიარებ, მაგრამ მაძინებს. იგივე შემიძლია ვთქვა ჯოისზე. მას ბევრი იდეა არ აქვს, მე კი სრულიად იდეებზე ვარ ორიენტირებული.

თვითგანათლებული ხართ, არა?

დიახ. განათლება მთლიანად ბიბლიოთეკაში მაქვს მიღებული. კოლეჯში არასდროს მივლია. ნამდვილი ბიბლიოთეკარი ვარ. საკუთარი თავი იქ აღმოვაჩინე. სანამ ბიბლიოთეკა შემიყვარდებოდა, უბრალო 6 წლის ბიჭი ვიყავი. წიგნებმა კი ჩემს ყველა ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთო. როცა ცოლიმოვიყვანე, მივხვდი, რომ საქმე მოთავებული მქონდა. ასე რომ, ბიბლიოთეკა 27 წლისამ “დავამთავრე”.

მართლა არ გჯერათ, რომ კოლეჯში წერის სწავლა შეიძლება?

კოლეჯი მწერლებისთვის ძალიან ცუდი ადგილია, რადგან მასწავლებლებს სულ ჰგონიათ, რომ შენზე მეტი იციან, არადა, ასე არაა. შეიძლება მოსწონდეთ, ვთქვათ, ჰენრი ჯეიმსი, მაგრამ რა უნდა ქნა, თუ შენ არ გინდა ჰენრი ჯეიმსივით წერა? კოლეჯისგან განსხვავებით, ბიბლიოთეკებში წინასწარი განწყობები არ არსებობს. ინფორმაციას შენით უნდა გაუკეთო ინტერპრეტირება. არავინ მოვა და გეტყვის, როგორ უნდა იფიქრო.

კი, მაგრამ თქვენს წიგნებს სკოლაში ასწავლიან.

იცით, რატომ მიყენებენ მასწავლებლები? იმიტომ, რომ მეტაფორულად ვწერ. დღეს ჩემი მოთხრობები ათასობით ანთოლოგიაშია. და ძალიან კარგ კომპანიაშიც ვარ.

სამუშაო გრაფიკი გაწერილი გაქვთ?

ჩემს ვნებებს ყოველდღიურად მივყავარ საბეჭდ მანქანასთან. და 12 წლის ასაკიდან ასე იყო. ამიტომ, გეგმებზე ზრუნვა არასდროს მიწევს. რაღაც აზრი უცებ ამიფეთქდება თავში და მეტყვის: დროზე, საბეჭდ მანქანასთან მიდი და დაასრულე!

სად წერთ ხოლმე?

ყველგან შემიძლია. ვმუშაობდი მისაღებ ოთახშიც, სადაც რადიო, ჩემი მშობლები და ძმა ერთდროულად ლაპარაკობდნენ. მოგვიანებით, როცა “ფარენგეიტი 451”-ის დაწერა მინდოდა, წავედი ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომლის სარდაფშიც ერთი ოთახი აღმოვაჩინე – საბეჭდ მანქანაში 10 ცენტს თუ ჩაყრიდი, ბეჭდვისთვის ნახევარ საათს იყიდდი.

კომპიუტერი ოდესმე გამოგიყენებიათ?

შეტევამდე საბეჭდ მანქანას ვხმარობდი. IBM Selectric. კომპიუტერი – არასდროს. კომპიუტერი იგივე საბეჭდი მანქანაა. რად მინდა ახალი საბეჭდი მანქანა? ხომ მაქვს ერთი?! (შეტევის შემდეგ, ბრედბერის მოტორული უნარები დაუზიანდა, რის გამოც მისთვის ქალიშვილი ბეჭდავდა)

ბევრი ამბობს, რომ კომპიუტერი რედაქტირების პროცესს ამარტივებს. რომ აღარაფერი ვთქვათ მართლწერის შემოწმების ფუნქციებზე.

70 წელია ვწერ და თუ მართლწერა კიდევ მეშლება...

ელექტრონულ წიგნებსა და ამაზონის Kindle-ზე რა აზრის ხართ?

ეს არაა წიგნები. კომპიუტერს ხელში წიგნივით ვერ დაიჭერ. კომპიუტერს სუნი არ აქვს. წიგნს ორი სუნი აქვს. თუ ის ახალია, არაჩვეულებრივი სუნი ასდის, თუ ძველია – კიდევ უკეთესი. წიგნს ჯიბეში იდებ და მასთან ერთად მიდიხარ. წიგნი სამუდამოდ რჩება შენთან. კომპიუტერს ამის გაკეთება არ შეუძლია. მაპატიეთ.

ცოლთან ერთად 66 წელი გაატარეთ, ვიდრე 2003 წელს არ გარდაიცვალა. რა იყო თქვენი ურთიერთობის ხანგრძლივობის საიდუმლო?

იუმორის გრძნობა თუ არ გაქვს, ქორწინებაც არ გექნება.

მისი გარდაცვალებიდან ერთ კვირაში წერას დაუბრუნდით. როგორ შეძელით?

მუშაობით. ეს ერთადერთი პასუხია. სიცოცხლის გაგრძელებისთვის სამი წესი მაქვს. პირველი – იმუშავე. თუ არ გამოდის, მოკეტე და ჯინი დალიე. თუ არც ეს გამოდის, ადექი და გიჟივით გაიქეცი!

რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი ოპტიმიზმი თქვენი კარიერისათვის?

ოპტიმიზმის არ მჯერა. მე ოპტიმალური ქცევის მჯერა. ქცევა იმედია. ყოველი დღის ბოლოს, როცა სამუშაო შესრულებული გაქვს, წვები და ფიქრობ – რა მაგარია, გავაკეთე! სულერთია, შენი ნამოქმედარი კარგია თუ ცუდი, მთავარია, რომ გააკეთე. კვირის ბოლოს შესრულებული საქმეების რაოდენობა დაგიგროვდება. წლის ბოლოს კი უკან გაიხედავ და იტყვი – მაგარი წელი მქონია!

მისტერ ელექტრიკოს ისტორიამ უფრო მითიური სახე მიიღო. ზოგიერთი თქვენი მკვლევარი მის ძიებას ბრედბერის კვლევაში “გრაალის თასს” უძახის.

ჰო, მაგრამ ის რეალური კაცი იყო. ეს ამბავი 77 წლის წინ მოხდა და დღესაც გადასარევად მახსოვს. ის ჩემთან მოვიდა, თავისი ელექტროხმალი წარბზე, ცხვირზე და ნიკაპზე დამადო და ჩურჩულით მითხრა: “მარადიულად იცოცხლე!” ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ასე მექნა.

 

 

კომენტარები