კინო

ტარანტინო, კიმ კი დუკი და ოსტატი ლინკოლნი

კანისა და ბერლინის კინოფესტივალები დასრულდა. ვენეციაში კინოფორუმი ახლა მიმდინარეობს და წინ ამერიკული კინოდაჯილდოებებია. ჰანეკეს, მუნჯიუს, ვინტერბერგის, კრონენბერგის, რიდლი სკოტის, კრისტოფერ ნოლანის, კენ ლოუჩისა და ენდრიუ დომენიკის ფილმების სახით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი უკვე გამოვიდა. მეორე ნაწილს აქ წარმოგიდგენთ. ფილმებს, რომლებიც ჯერ არ გამოსულა და რომელზე ყურადღების გამახვილება, სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე მეტად ღირს.

პიეტა (9 სექტემბერი)

კიმ კი დუკი ერთ-ერთი იშვიათი რეჟისორია, რომელმაც მთელი კარიერა არტ ჰაუს კინოს დაუთმო და ათობით შეთავაზების მიუხედავად, კომერციული პროექტი არ გადაუღია. გამონაკლისი არც „პიეტა” იქნება. ეს არის ცივსისხლიანი მამაკაცისა და შუა ხნის ქალის უცნაური ურთიერთობის ისტორია, რომელიც, რეჟისორის თქმით, ქრისტიანული სიმბოლოებითა და ალეგორიებით იქნება დატვირთული. კიმ კი დუკი იშვიათად გაგიცრუებთ იმედს.

ოსტატი (12 ოქტომბერი)

ფილმის There will be blood შემდეგ, პოლ ტომას ანდერსონმა ტრადიციული 5-წლიანი პაუზა აიღო. თანამედროვე კინოს “ოსტატი” წელს ბრუნდება ახალი პროექტით, რომელიც უკვე გამოსვლამდე გახდა დავის საგანი. მიზეზი ისაა, რომ ანდერსონის ფილმის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რელიგიის, “მიზეზის” გარშემო, რომელიც ბევრმა საიენტოლოგიასთან გააიგივა. ანდერსონის ფილმი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპროექტია, რომლის ორი ტიზერიც – რეჟისორს, მთავარი როლის შემსრულებლებსა და კომპოზიტორს, ყველაზე ცოტა, ოსკარის ნომინაციებს უწინასწარმეტყველებს.

ღრუბლის ატლასი (26 ოქტომბერი)

დევიდ მიჩელის წიგნი “ღრუბლის ატლასი” თითქმის ყველა პრესტიჟული ბრიტანული კინოჯილდოს ნომინანტი იყო. ეს ეპიკური ისტორიაა, რომლის მოქმედებაც 6 სხვადასხვა ეპოქაში ვითარდება. მე-19 საუკუნის ახალ ზელანდიაში დაწყებული ამბავი, 21-ე საუკუნის მიწურულს ჰავაიში აღწევს კულმინაციას. სწორედ ამ წიგნის ეკრანიზაციას შეეცდებიან და-ძმა ვაჩოვსკები და ტიმ ტიკვერი. ვაჩოვსკები “მატრიცას” შემდეგ გაჩერდნენ და ღირებული არაფერი გადაუღიათ, ტიკვერიც ერთი კინოს კაცად დარჩა („გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი”). ეს ამბიციური პროექტი მათი რეაბილიტაციის შანსია.

ჯეიმს ბონდი: სკაიფოლი (9 ნოემბერი)

არაფერი განსაკუთრებული. რიგით 23-ე ფილმი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ აგენტზე. ისევ ლამაზი ქალები, უამრავი სროლა და ერთჯერადი გართობა. თუმცა წინა ბონდებისგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი სხვაობაა, ფილმის რეჟისორი სემ მენდესია, ეს კი ბადებს იმედს, რომ ეს ბონდი წინა ფილმებზე საინტერესო იქნება. მთავარი ბოროტმოქმედის როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს, რაც მენდესის მინიმუმ ერთი სწორი ნაბიჯია.

ლინკოლნი (16 ნოემბერი)

დიდი ხანია სპილბერგი ამ პროექტს ამზადებს. წლები მუშაობდა სცენარზე და არჩევდა მსახიობებს. შარშან რეჟისორმა „საომარი ცხენი” გადაიღო, რომელიც ერთგვარი მოთელვა იყო „ლინკოლნის” წინ. ეს ფილმი სპილბერგის კიდევ ერთი წარმატება უნდა იყოს, კიდევ ერთი ოსკარის შანსი და მორიგი ეპიკური ისტორიული ფილმი, ამჯერად აშშ-ის მე-16 პრეზიდენტზე, რომელმაც სამოქალაქო ომი მოიგო.

პის ცხოვრება (21 ნოემბერი)

პი პატელი ერთადერთი ადამიანია, რომელიც გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩა. მას ერთადერთი “მეგობარი”, ბენგალური ვეფხვი დარჩება, რომელთან ერთადაც იწყებს ბრძოლას გადარჩენისთვის. “პის ცხოვრება” იან მარტელის წიგნია, რომლის

ეკრანიზაციაც უკვე წლებია ჰოლივუდში უნდათ. ჟან პიერ ჟენე, ალფონსო კუარონი, მ. ნაით შიამალანი – სხვადასხვა დროს ამ ფილმის რეჟისორებად მოიაზრებოდნენ, თუმცა საბოლოოდ პროექტს ენგ ლი ჩაუდგა სათავეში და თუ გავითვალისწინებთ მის მრავალფეროვან ფილმოგრაფიას, ეს უცნაური სიუჟეტის მქონე ნამუშევარი ლის ხელში თავისუფლად შეიძლება შედევრად იქცეს.

ჰაიდ პარკი ჰადსონზე (7 დეკემბერი)

ტრადიციული, ძველი სკოლის ნამუშევარი გვიახლოვდება. დაახლოებით ისეთი, როგორიც ორი წლის წინ “მეფის სიტყვა” იყო. ისტორიული პერსონაჟები, ბრწყინვალე მსახიობები და კოსტიუმები. მთავარია, რიჩარდ ნელსონის სცენარმა გაამართლოს. ფილმი ბრიტანეთის მეფის, ჯორჯ მეექვსის აშშ-ში რუზველტთან ვიზიტზე მოგვითხრობს და კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ წელს ბილ მიურეი და ლორა ლინი ოსკარის ნომინანტები იქნებიან.

საბრალონი (14 დეკემბერი)

ტომ ჰუპერი კინოჯილდოების კიდევ ერთხელ „მოსახვეტად” ემზადება. რეჟისორი “მეფის სიტყვის” შემდეგ ვიქტორ ჰიუგოს კლასიკად ქცეულ წიგნს მიადგა. “საბრალონი” იქნება მიუზიკლი, სადაც მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმანი, რასელ ქროუ და ენ ჰეთეუეი შეასრულებენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰუპერმა ამ სტილში ცუდი ფილმი გადაიღოს, თუმცა ორიგინალურსაც არაფერს უნდა ველოდოთ. „საბრალონი”, კლასიკური “მე მინდა ოსკარი” ნამუშევარი იქნება.

ჰობიტი (14 დეკემბერი)

Renich i lú i erui govannem (გახსოვს პირველად როდის შევხვდით)? ეს 2001 წელს იყო და როგორც იქნა, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს საშუალება აქვს შუამიწეთში დაბრუნდეს. რაც მთავარია, გიდი კვლავაც პიტერ ჯექსონია, რომელმაც თითქმის მთლიანად აღადგინა ის გუნდი, რომლითაც “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგია შექმნა. როცა საქმე ტოლკინის ნამუშევრის ეკრანიზაციას ეხება, პიტერ ჯექსონს უნდა ვენდოთ. „ჰობიტს” ყველანაირი წინაპირობა აქვს, წლის მთავარ კინომოვლენად იქცეს.

ეს არის 40 (19 დეკემბერი)

ეს ჯუდ აპატოუს კომედიაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ კაცმა იცის, როგორ გადაიღოს სასაცილო და აქტუალური კინო ერთდროულად. ამჯერად ის შუახნის ცოლ-ქმრულ კრიზისსა და ურთიერთობაზე მოგვიყვება და იმედია, ამას წინა ფილმების, „40 წლის ვაჟიშვილის” იუმორითა და „შემთხვევით დაფეხმძიმებულის” უბრალოებით გააკეთებს.

ჯანგო განთავისუფლდა (25 დეკემბერი)

რას უნდა ველოდოთ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმისგან? კარგ იუმორს, მსახიობების ძალიან ძლიერ პერფორმანსს, სიუჟეტს, რომელიც ერთდროულად არაფერზე და ყველაფერზე იქნება, სავარაუდო ნანატრ ოსკარს ლეონარდო დი კაპრიოსთვის და უბრალოდ კარგ ფილმს – ეს ხომ ტარანტინოა, კაცი, რომელმაც ჰიტლერი მოკლა.

 

 

 

კომენტარები