ფოკუსი

დაღესტანი – ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცხელი წერტილი

შეიხი საიდ ალ-ჩირკავი

შეიხი საიდ ალ-ჩირკავი
დაღესტანი კავკასიის ეთნიკურად ყველაზე ჭრელი რეგიონია. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე მრავალი სხვადასხვა სახანო თუ სამთავრო არსებობდა. დაღესტნისა და ჩეჩნეთის უდიდესი ნაწილის გაერთიანება მხოლოდ მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, ისლამის დროშის ქვეშ იმამმა შამილმა მოახერხა.

რეგიონში სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე 14 ენაა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ძალაუფლების სისტემა უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფებს – ავარებს, დარგინებს, კუმიკებს, ლეკებს და ა.შ. შორის მყიფე ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას ემყარება.

ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა სუბიექტების უმრავლესობა, დაღესტანი ღარიბი დოტაციური რეგიონია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2010 წლის მონაცემებით, დაღესტანში 2600 აშშ დოლარს შეადგენდა. მისი ბიუჯეტის 80 პროცენტამდე ფედერალური დოტაციებით ივსება.

ამავე დროს, შობადობის მაჩვენებლით (ათას მოსახლეზე 19,5) დაღესტანი რუსეთში მესამე ადგილს იკავებს. ამაზე მაღალი შობადობა მხოლოდ მეზობელ, ასევე პრობლემურ რეგიონებში – ჩეჩნეთსა და ინგუშეთშია. მოსახლეობის საშუალო ასაკი 25 წელია, 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდობა მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენს.

უმუშევრობის დონე დაღესტანში 11 პროცენტია. მართალია, ეს ბევრად დაბალია მეზობელ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში უმუშევრობის დონეზე (40 პროცენტზე მეტი), მაგრამ საშუალო მაჩვენებელს რუსეთის მასშტაბით სამჯერ აღემატება.

გასული წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე დაღესტანში ყველაზე მაღალია 20-24 წლის ახალგაზრდებში და 25,8 პროცენტს შედგენს. 700 ათასამდე დაღესტნელი სამუშაოს საძიებლად რუსეთის სხვა რეგიონებშია გასული (სულ რეგიონის მოსახლეობა 3 მილიონამდეა).

ამგვარი ვითარება კონფლიქტების გაღვივებისთვის კარგ საფუძველს ქმნის. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც დაღესტანში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბევრად უფრო მკვეთრად არის გამოხატული.

დაღესტანი დღეისთვის ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცხელი წერტილია. ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულებისა და გროზნოში რამზან კადიროვის პრომოსკოვური რეჟიმის განმტკიცების შემდეგ, ფედერალურ მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ბრძოლის ეპიცენტრმა მეზობელ დაღესტანში გადაინაცვლა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმების 70 პროცენტი სწორედ დაღესტანზე მოდის. ФСБ-ს სტატისტიკით, 2011 წელსა და 2012 წლის პირველ თვეებში დაღესტანში მეამბოხეთა ხელით 160 ძალოვანი განადგურდა. მეამბოხეთა შორის მსხვერპლმა კი 200-ს გადააჭარბა.

თანაც, ამ ბრძოლის სისასტიკეს ისიც განაპირობებს, რომ დაღესტანში ერთმანეთს არა მხოლოდ მეამბოხეები და ხელისუფლება, არამედ ისლამის სხვადასხვა მიმართულების მიმდევრები უპირისპირდებიან. ხშირად ეს ბრძოლა შეურიგებელ და უკომპრომისო ხასითს იძენს, რაც შეიხ საიდ ალ-ჩირკავის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა ჩირკავის მკვლელობას თავისი მნიშვნელობით რომის პაპის მკვლელობას ადარებს – სწორედ ასეთი უპირობო ავტორიტეტითა და უდიდესი ზეგავლენით სარგებლობდა მოკლული სულიერი ლიდერი დაღესტანში სუფიზმის – ტრადიციული ისლამის – მიმდევრებზე.

სუფიზმი, როგორც ისლამის მისტიკური მიმდინარეობა და ისლამური ფილოსოფიის ერთ-ერთი ტრადიციული მიმართულება, დაღესტანში მე-18-მე-19 საუკუნეებიდან დომინირებს. ამ მიმართულების განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს ტარიკატები – სუფიური ორდენები. თითოეულ მათგანს სათავეში მოძღვარი – შეიხი – უდგას, რომელსაც, თავის მხრივ, უამრავი მიურიდი – მოწაფე და მიმდევარი, ჰყავს. იმამი შამილი, მე-19 საუკუნეში რუსეთის წინააღმდეგ ომში კავკასიელების ლიდერი, ნაკშბადის ტარიკატს ედგა სათავეში.

დღემდე დაღესტანში ნაკშბადის და შაზილის ტარიკატები დომინირებს, რომლებიც სწორედ შეიხმა საიდმა გააერთიანა. როგორც დაღესტნელი სასულიერო პირები ამტკიცებენ, მოკლულ შეიხს ათეულათასობით მიურიდი ჰყავდა. საიდ ჩირკავის მოწაფეებითა და მიმდევრებით მთლიანად იყო დაკომპლექტებული დაღესტნის მუსლიმთა სასულიერო სამმართველო. მის მიურიდად მიიჩნევს თავს რეგიონის ოფიციალური, საერო ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი.

ამგვარი ტრადიციული ისლამის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად იქცნენ სალაფიტები – ისლამის რადიკალური, ფუნდამენტალისტური მიმართულების მიმდევრები, რომლებიც ღმერთთან შუამავლებად შეიხებს და რომელიმე სხვა ავტორიტეტებს არ აღიარებენ. სალაფიტები (რეგიონში გავრცელებული ტერმინოლოგიით – ვაჰაბიტები), ისლამური სარწმუნოების პირველადი სახით, დაუმახინჯებლად შენარჩუნებას და მუჰამედის სწავლების ზედმიწევნით ერთგულებას ქადაგებენ.

სწორედ სალაფიზმი იქცა 90-იან წლებში ჯერ ჩეჩნეთში, შემდგომ კი ჩრდილო კავკასიის სხვა რეგიონებში საღმრთო ომის, ჯიჰადის მთავარ იდეოლოგიად. „მოჯაჰედების” აზრით, კავკასია ისლამის მიწაა და ბრძოლა „ურწმუნოებისგან” მის გასათავისუფლებლად ყველა მუსლიმის ვალია.

სალაფიტების გავლენა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ტრადიციული სუფიური ისლამის ლიდერები და „ტარიკატისტები” კი სალაფიტების თვალში მოღალატეები და ჭეშმარიტი რწმენის მტრები იყვნენ, რომლებიც უნდა განადგურებულიყვნენ.

იულია ლატინინა მიიჩნევს, რომ სალაფიტების პირველ მცდელობას, დაღესტანზე კონტროლი დაემყარებინათ, ადგილი 1999 წელს ჰქონდა, როდესაც ადგილობრივი სალაფიტების დასახმარებლად დაღესტანში ჩეჩნეთიდან შამილ ბასაევის რაზმები შეიჭრნენ. ამას ჩეჩნეთის მეორე ომი მოჰყვა, რომლის შედეგადაც მეამბოხეები დამარცხდნენ. თუმცა, ლატინინა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ დაღესტანში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და „სალაფიტები მარგინალებიდან წამყვან პოლიტიკურ ძალად იქნენ, რომელთა განაწყენებას ყველა ერიდება და რომელსაც ხარკს უხდიან”.

ჯიჰადის სამიზნედ, რუსი ფედერალების გარდა, სასულიერო პირები იქცნენ. 1998 წელს ტერორისტებმა დაღესტნის მუფტი საიდ-მოჰამად ჰაჯი აბუბაქაროვი მოკლეს. მომდევნო წლებში – კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი. გასულ წელს თავდამსხმელებმა შეიხი სირაჟიდინ ხურიელი ჩაცხრილეს, რომელიც საიდ აფანდის მიმდევარი იყო და ადგილობრივ მუსლიმებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმების საპასუხოდ სალაფიტების წინააღმდეგ ნამდვილი ტერორი გააჩაღა. სამართალდამცავი ორგანოები არა მხოლოდ შეიარაღებულ მოამბოხეებს, არამედ სალაფიზმის მშვიდობიან მიმდევრებსაც დევნიდნენ. უფლებადამცველი ცენტრის – მემორიალის – შეფასებით, დაღესტანში

გიმრის სასაფლაო
ფოტო: REUTERS
ჩვეულ მოვლენად იქცა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მკვლელობები, გატაცებები, საიდუმლო ციხეები და სისხლის სამართლის საქმეების გაყალბება.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემის გადაჭრას „ერთ-ერთი მხარის – სუფისტების მხარდაჭერითა და სალაფიზმის კანონგარეშედ გამოცხადებით” ცდილობდა, რამაც რეგიონში განხეთქილება და სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა.

ზოგიერთი წყაროს შეფასებით, რელიგიურ დაპირისპირებას დაღესტანში სამი ათასამდე ადამიანი უკვე შეეწირა.

თუმცა, მემორიალი აღნიშნავს, რომ 2011 წლის დასაწყისში ახალი პრეზიდენტის, მაგომედსამალმ მაგომედოვის მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებამ ამგვარი მიდგომის უპერსპექტივობა გააცნობიერა. ახალი ხელისუფლება სალაფიზმის მიმდევრებთან დიალოგის დაწყებას შეეცადა.

მიმდინარე წლის აპრილში ამ მხრივ ნიშანდობლივი მოვლენა მოხდა – გავლენიანი სასულიერო პირები სუფისტებისა და სალაფიტების მიმდინარეობებიდან, მოლაპარაკებების მაგიდას პირველად მიუსხდნენ. ამ დიალოგის ინიციატორი სწორედ შეიხ საიდ აფანდი ალ-ჩირკავი იყო. ფაქტობრივად, ტრადიციულმა ისლამმა და ხელისუფლებამ სალაფიტების „შვიდობიანი ფრთის” ლეგალიზება მოახდინეს.

როგორც მემორიალი აღნიშნავს, დიალოგი არც რადიკალებს და არც ძალოვნებს ხელს არ აძლევდა – „მებრძოლები ხელს უშლიან სამშვიდობო პროცესს ტერაქტებითა და მკვლელობებით. ძალოვნები კი „ადაპტაციის კომისიის” მუშაობის საბოტირებას ახდენენ, ჩაბარებული მებრძოლებისთვის სახელმწიფოს მიერ მიცემულ გარანტიებს არღვევენ და განაგრძობენ ადამიანის უფლებების შელახვას, რაც ასევე რადიკალებს აძლევთ ხელს”.

დაძაბულობის კულმინაცია კი ყველაზე ავტორიტეტული შეიხის მკვლელობა გახდა. იულია ლატინინა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას აუცილებლად გამოიწვევს და ისლამის ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ორ განშტოებას ერთმანეთთან დიალოგის გაგრძელება გაუჭირდებათ.

თავად ლატინინა მკვლელობას ცალსახად სალაფიტებს მიაწერს. ამის დასადასტურებლად თითქოს უტყუარ მტკიცებულებას თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა წარმოადგენს. სამართალდამცავების ვერსიით, აფეთქება რუსი ეროვნების ამინათ (ალა) საპრიკინამ განახორციელა. ეს ქალი „ვაჰაბიზმის” მიმდევარი გახდა და ოთხჯერ იყო გათხოვილი, ოთხივეჯერ სალაფიტ მეამბოხეებზე, რომლებიც ძალოვნებმა გაანადგურეს. რუსი ეროვნების კამიკაძე ტერორისტიც, თითქოს, საგანგებოდ შეირჩა, რათა დაღესტნის რომელიმე ეთნიკური ჯგუფი შურისძიების ობიექტი არ გამხდარიყო.

მაგრამ, დაღესტნელ მეამბოხეებს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. „კავკასიის იმარატის” ადგილობრივი განშტოების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მეამბოხეებმა საზოგადოებას მოუწოდეს. „არ გააკეთოს ნაჩქარევი დასკვნები” იმის შესახებ, თუ ვინ დგას საიდ აფანდის მკვლელობის უკან.

მეამბოხეების საინფორმაციო რესურსები არ გამორიცხავენ, რომ ტერაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებსაც სალაფიტებსა და სუფისტებს შორის ომის პროვოცირება სურთ.

ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი რუსლან გირეევი ამტკიცებს, რომ ბოლო ტერაქტი რეგიონში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობას ემსახურება. მისი თქმით, „ჩვენთან მოგებიანია ყველაფერში ტყეში მყოფი დაჯგუფებების დადანაშაულება. მაგრამ მე მგონია, რომ შეიხის მკვლელობა მესამე ძალებმა ჩაიდინეს, რომლებსაც მოლაპარაკებების პროცესი ხელს არ აძლევთ”.

თუმცა, რუსეთი, როგორც ჩანს, დაღესტანში სიტუაციის აფეთქებას საკმაოდ მომზადებული ხვდება. ცნობები რეგიონში დიდი ოდენობით დამატებითი სამხედრო ძალების შესვლის შესახებ, ადგილობრივ პრესაში და ბლოგებში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გაჩნდა. წყაროები შეყვანილი ძალების რაოდენობასაც მიუთითებდნენ – 25-30 ათასი სამხედრო მოსამსახურე, შინაგანი ჯარისა და თავდაცვის სამინისტროს ძალებიდან, რაც ორი სრული დივიზიის ეკვივალენტია. დაღესტანში დიდი ოდენობთ მძიმე ტექნიკაც შევიდა. ადგილობრივი წყაროების შეფასებით, ჯარების ასეთი რაოდენობა მათ იქ 2000 წლის შემდეგ არ უნახავთ.

ზაფხულში ადგილობრივი წყაროები იუწყებოდნენ ჯარებისა და ტექნიკის მასირებული გადაადგილების შესახებ საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში. ამას საინფორმაციო სააგენტოების ცნობაც ადასტურებს იმის თაობაზე, რომ 16 აგვისტოს საქართველოს მოსაზღვრე ცუნტის მაღალმთიან რაიონში, გეგმიური წვრთნების დროს, ხევში დესანტის საბრძოლო მანქანა გადავარდა, რასაც ორი სამხედრო ემსხვერპლა.

აგვისტოს თვეში, ადგილობრივ სამართალდამცავთა ცნობების თანახმად, ცუნტის რაიონში (რომელიც ლოპოტის ხეობას უშუალოდ ესაზღვრება) გააქტიურდა შეტაკებები მეამბოხეებსა და ფედერალურ ძალებს შორის, მსხვერპლით ორივე მხრიდან.

ცუნტის რაიონი, იგივე ისტორიული დიდოეთი, ცეზებით, იგივე ცუნტების ან დიდოელების მცირერიცხოვანი (15 ათასი ადამიანი) ეთნიკური ჯგუფითაა დასახლებული. 1944 წელს ეს ხალხი რეპრესიების მსხვერპლი გახდა – ისინი ძალით გადაასახლეს ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში. დეპორტაციის დროს, ზოგიერთი წყაროს თანახმად, დიდოელთა 50-70 პროცენტამდე მალარიით, შიმშილითა და სიცივით დაიღუპა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიდოელები არაერთხელ გამოსულან საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

2010 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტს დიდოელების დელეგაცია ეწვია, რომელმაც თბილისს ამ მცირერიცხოვანი ხალხის პრობლემები გააცნო და დახმარება სთხოვა. დელეგაციის ხელმძღვანელი მაგომედ გამზატოვი ამტკიცებდა, რომ დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ. 2011 წლის თებერვალში მაგომედ გამზატოვი საკუთარ სახლში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

კომენტარები