ხელოვნება

პეტრე ოცხელი მუდამ თანამედროვე

0 კომენტარი

ვერიკო ანჯაფარიძე და პეტრე ოცხელი
უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს პეტრე ოცხელის რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც მხატვრის 105 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე პეტრე ოცხელის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის სრულად არის ნაჩვენები. გრაფიკული ესკიზების გარდა, გამოფენილია მისი ფერწერული ნამუშევრები და ორი კოსტიუმი ლეგენდარული სპექტაკლიდან „ურიელ აკოსტა” (1929 წელი, თბილისი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი). კერძო კოლექციების გარდა, ნამუშევრები თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმის კოლექციებიდანაა წარმოდგენილი. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელმაც პეტრე ოცხელის სახელობის ყოველწლიური ფულადი პრემია დააწესა სახვით ხელოვნებაში.

ჯოი-სტრიტი. 1932
პეტრე ოცხელის ნამუშევრები თვითმყოფადობით, სისადავით და, ამავდროულად, მონუმენტურობით გამოირჩევა. საოცარია, თუ როგორ ახერხებდა ის ასეთ სიზუსტეს, როგორ იღებდა ყოველთვის სწორ სახვით გადაწყვეტილებებს. კონსტრუქტივიზმის და მე-20 საუკუნის დასაწყისის სხვა მნიშვნელოვანი ესთეტიკური მიმართულებებისა და გავლენების მიღმა, მის ყველა ნამუშევარს განსაკუთრებული სიდიადე აქვს. ეს ის ტრაგიკული ბედია, რომელსაც ის, როგორც ადამიანი, სულ გრძნობდა და როგორც მხატვარი, დღესაც გადმოსცემს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაუჯერებელია, რომ მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, ეკუთვნის 30 წლის კათოლიკე ახალგაზრდას, ვისი პროფესიული კარიერა მხოლოდ 9 წელიწადს გაგრძელდა.

მფრინავი მღებავი. 1936
მისი დეკორაციის ესკიზები დასრულებული, მონუმენტური ნამუშევრებია, მისი კოსტიუმები კი სავსე „ხატებია”, სადაც გმირი, ტანისამოსი და ისტორიული პერიოდი ერთ მკაფიო სახედ წარმოგვიდგება.

პეტრე ოცხელის წვლილი ქართულ სცენოგრაფიაში მართლაც განუზომელია და განცვიფრებას იწვევს, როგორ მოახერხა პირდაპირ მწვერვალზე მოხვედრა და როგორი ძუნწი საშუალებებით მიაღწია ასეთ ძლიერ გამომსახველობით ფორმას.

პეტრე ოცხელი 1937 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მის შესახებ მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს

ოტელო. 1933
დაიწერა სტატიები და 1973 წელს გამოიცა ნამუშევრების პირველი ალბომი, სადაც ისევ იმ ტერორის შიშის გამო, არაფერია ნახსენები ხელოვანის განადგურების შესახებ.

ოცხელის გამოფენა ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ თავად ექსპოზიციას აშკარად ეტყობა, რომ ვერ მოხერხდა საკმარისი ფინანსების მოზიდვა, რათა იგი უფრო მაღალი კლასის გამოსულიყო. სამწუხაროდ, ამაზე მეტყველებს ნახატების გაფორმება-პრეზენტაცია, ხშირ შემთხვევაში ერთი სპექტაკლის სხვადასხვა ესკიზები უხარისხო, არაერთგვაროვან ჩარჩოებშია წარმოდგენილი. ასევე სხვადასხვა მუზეუმების კურატორები პერსონალური გემოვნებით აფორმებენ ნამუშევრებს მაშინ, როდესაც თანამედროვე სამუზეუმო პრაქტიკა ერთი გამოფენისათვის სულ სხვა სტანდარტის ექსპოზიციას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, სასიამოვნო იყო დოკუმენტური ფილმის და სხვადასხვა ბიოგრაფიული მასალის ნახვა, რომელიც ასევე ჩართულია გამოფენაში და ამ განსაკუთრებული მხატვრის სევდიან ცხოვრებას სრულად გვიჩვენებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები