გამოკითხვა

61% თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, 30% ამ მოსაზრებას არ იზიარებს

0 კომენტარი

მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა. უმრავლესობის აზრით, 2008 წლის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა პენსიების, განათლების და კორუფციის მხრივ. ყველაზე მეტად გაუარესება შეინიშნება რუსეთთან ურთიერთობასა და ინფლაციაში. მოსახლეობის 51% ამბობს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა 2008 წლის შემდეგ არ შეცვლილა, 23%-ის შეფასებით გაუმჯობესდა, 24%-ის კი – გაუარესდა.

წინა კვლევასთან შედარებით იმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო დემოკრატიაა. თუ წინა კვლევაში ამ წინადადებას 38% ეთანხმებოდა, ახლა ასეთი ადამიანების რაოდენობა 42%-ია. 40%-ის აზრით, საქართველო დემოკრატია არ არის. წინა კვლევასთან შედარებით, ეს მონაცემი ცდომილების ზღვრის ფარგლებში შეიცვალა, 43%-დან 40%-მდე ჩამოვიდა.

გამოკითხულთა 54% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მონაცემი წინა კვლევასთან შედარებით არ შეცვლილა. ასევე უცვლელია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

მოსახლეობის 61% თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, 30% ამ მოსაზრებას არ იზიარებს. წინა კვლევასთან შედარებით, ამ მხრივაც არ არის ცვლილებები.

რაც შეეხება ივლისში მომხდარ წყალდიდობას კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში, 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარება ადეკვატური იყო, 17%-ის აზრით – არა.

განსაკუთრებით საინტერესოა მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი შეფასებები პარტიების პროგრამების

თაობაზე.

კვლევის მიხედვით, მერაბიშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას ეთანხმება გამოკითხულთა 63%, ხოლო არ ეთანხმება – 16%. რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის 4-წლიან გეგმას, მის შესახებ 47%-მა იცის, 46%-მა კი – არა.

ამ გეგმის მცოდნეთა 26%-სთვის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი 1000-ლარიანი ვაუჩერია, 20%-სთვის სამუშაო ადგილები, 19%-სთვის კი – სოფლის მეურნეობა. ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე მნიშვნელოვნად 6% მიიჩნევს, სიღარიბეს – 4%, სიტყვის თავისუფლებასა და რუსეთთან ურთიერთობას – 1%. გეგმას მხარს უჭერს მცოდნეთა 85%, არ უჭერს – 9%.

გამოკითხულთა 75%-მა იცის დასაქმების სამინისტროს დაარსების შესახებ, 68% მის დაარსებას ეთანხმება. 48%-ის აზრით, ეს გააუმჯობესებს დასაქმების მდგომარეობას საქართველოში.

ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო გეგმის შესახებ მოსახლეობის 22%-მა იცის, 66% კი ინფორმაციას არ ფლობს. მცოდნეთაგან გეგმას მხარს უჭერს 82%, არ უჭერს – 11%. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევა ვანო მერაბიშვილის პრემიერმინისტრის კანდიდატად დასახელებამდე ჩატარდა.

ივანიშვილის გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვნად მოსახლეობის ის 22%, რომელიც პროგრამაზე ინფორმაცია ფლობდა, სამუშაო ადგილებს, სოფლის მეურნეობას და სიღარიბის დაძლევას ასახელებს.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შემთხვევაში აქციაზე გამოსვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად, 27%-დან 16%-მდე დაეცა. ამასთან, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი,

რომლებიც ქუჩაში არ გამოვიდოდნენ – 53%-დან 62%-მდე.

წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გახმაურებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. გამოკითხულთა 73%-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი გლობალ TV-სთან დაკავშირებულ საქმეზე 74 მილიონი ლარით დაჯარიმდა. სახელმწიფო აუდიტის ამ ქმედებას აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციის მქონეთა 16% ეთანხმება, 41% კი – არა. განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ამ საკითხზე აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული – 39%. ასევე, 67%-ს აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიერ მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ. ამ ქმედებას ეთანხმება იმ ადამიანების 14%, ვინც აღნიშნულზე ინფორმაციას ფლობდა, 44% კი არ იზიარებს აუდიტის სამსახურის ქმედებებს. 36%-ს მაესტროს საქმესთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნია.

ხშირია ბრალდებები სახელმწიფოს და მმართველი პარტიის მიმართ, რომ ხდება პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლება. მოსახლეობის 74% არ იცნობს ისეთ ადამიანს, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს, 14% კი ამბობს, რომ ასეთ ადამიანს იცნობს.

ტრადიციულად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა მოსახლეობის შეხედულება საგარეო საკითხებზე. მოსახლეობის 48% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 30% იზიარებს პოზიციას, რომ რუსეთი საფრთხეა, თუმცა ამბობს, რომ ეს საფრთხე გადაჭარბებულია. 9%-ის თქმით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთს რეალურ საფრთხედ აღიქვამენ. დანარჩენი ორ პასუხის შემთხვევაში ცვლილება ცდომილების ზღვარში შედიოდა.

მოსახლეობის 89% უკმაყოფილოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, ეს მონაცემი წინა კვლევასთან შედარებით არ შეცვლილა. კვლავ მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს ევროკავშირსა (68%) და NATO-ში (62%) ინტეგრაცია. მოსახლეობის აზრი წინა კვლევის შემდეგ არც ამ შემთხვევაში შეცვლილა.

საინტერესოა თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება მედიის მიმართ ე.წ. Must Carry-ის წესების

შემოღების შემდეგ. მოსახლეობის 41% ფლობს ინფორმაციას ამ წესების შემოღების შესახებ, მათგან 46% ეთანხმება ამ ინიციატივას, 6% – არა, 44%-ს კი მოსაზრება არ აქვს. ამასთან, 47% თვლის, რომ Must Carry არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს, 44%-ს ამის შესახებ აზრი არ გააჩნია.

მოსახლეობის უმრავლესობისთვის, 88% ინფორმაციის პირველადი წყარო კვლავ ტელევიზიაა. ინტერნეტი პირველწყარო მხოლოდ მოსახლეობის 5%-სთვისაა. მოსახლეობის 54% სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს, 27% – სატელიტური თეფშის, 23% კი – საკაბელოთი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი სიგნალს ორი ან მეტი წყაროდან იღებს. ანტენითა და საკაბელოთი სიგნალს მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებსა და თბილისში იღებს, სოფლებში სიგნალის მიღების მთავარი საშუალება ანტენა (63%) და სატელიტური თეფშია (40%).

მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რუსთავი 2-ზე (89%), იმედზე (85%) და პირველ არხზე (58%) ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ არხებზე მაყურებელთა რაოდენობა არ შეცვლილა. კავკასიას, მაესტროს და მეცხრე არხს მოსახლეობის შესაბამისად 20%, 23% და 12% უყურებს. ამასთან, Must Carry-ის ძალაში შესვლის მიუხედავად, არ შეცვლილა კავკასიისა და მაესტროს მაყურებელთა რაოდენობა, მეცხრე არხის მაყურებლების რიცხვი კი 5%-დან 12%-მდე გაიზრდა.

არ შეცვლილა მოსახლეობის აზრი მედიის მიკერძოებულობასთან დაკავშირებითაც: რუსთავი 2, იმედი და პირველი არხი კვლავ აღიქმება პროსახელისუფლებოდ, მაესტრო, კავკასია და მეცხრე არხი კი – პროოპოზიციურად. თუმცა განსაკუთრებით მაღალია (69%) იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არ იციან, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს მეცხრე არხი.

მოსახლეობის 54% თვლის, რომ საკმარის ინფორმაციას იღებს მათთვის საინტერესო პარტიის შესახებ, 23% კი – ვერ იღებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ 31ივლის-12 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 2038 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები