ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ზუგდიდში გამართულ კოალიციის აქციაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ადამიანის ღირსება ფეხქვეშ არის გათელილი.

"სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, ვინც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს, თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი, რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა. ეს სიმხეცე სააკაშვილმა შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა და ხელისუფლების წარმომადგენლები მიყოლებით თავს იმართლებენ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია და მათი დავალებით ხდებოდა. ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ორი მინისტრის გადადგომა. ბზარი გაუჩნდა ახალაიების კლანს და სააკაშვილის რეჟიმს.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ხელისუფლებას ეშინია და ცდილობს, არჩევნები ჩაშალოს. მისი თქმით, ბოლო დროს ზოგიერთი პატიმარი გაათავისუფლეს, რომ არჩევნების გაყალბებაში გამოიყენონ. ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირველ ოქტომბერს არჩევანი გააკეთონ სიკეთესა და ბოროტებას, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდან სიკვდილს თესავს.

კოალიცის ლიდერმა ზუგდიდის აქციაზე აფხაზეთის შემოერთებასა და ამ მხარეში დევნილების დაბრუნების გეგმაზეც ისაუბრა.

”სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად. საქართველოში აფხაზები თავისი ნებით უნდა დაბრუნდნენ, აფხაზები საიმედო და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩენთან და არა იმ ძალადობამ და ძალადობრივმა გამონათქვამებმა, რომელსაც ხელისუფლება ამბობს. აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმაც გათვლილი მაქვს, რამდენი სახლი უნდა აშენდეს, რა თანხა დაჭირდება, ყველა პროექტი მზად გვაქვს. სამართლიან სახელმწიფოს ავაშენებთ და აფხაზებს ამით მივიზიდავთ". – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების აქციაზე ზუგდიდში სიტყვით ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაც გამოვიდა. მისი თქმით, პატიმრების წამებაში დამნაშავე ყველა პირი მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული.

ზუგდიდის აქციაზე ბერა ივანიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მას არ უმღერია. როგორც ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, ქართული ოცნების აქცია ტრადიციულად ბერას სიმღერით არ დასრულდება, რადგან საქართველოში მწუხრი და გლოვაა გამოცხადებული. 

კომენტარები