განათლება

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

0 კომენტარი

წლების წინ ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლა წარმოუდგენელი იყო. დღეს განათლების ონლაინრეჟიმში მიღება უპრობლემოდ შეგიძლიათ: თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაქვთ, შეგიძლიათ სასწავლო კურსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაიაროთ. მეტიც, ზოგიერთ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა.

დისტანციური სწავლების ახალი ფორმის – ონლაინსწავლის – დანერგვა ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტს, სწავლის კურსსა და სწავლის დროს სურვილისამებრ ირჩევთ, უწყვეტი ან მეორადი განათლების მისაღებად, სპეციალისტების გადასამზადებლად ეს ეფექტიანი მეთოდია.

საკმარისია ინტერნეტში მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა ან კურსები, საიტზე დარეგისტრირდეთ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხადოთ სწავლის საფასური. თანაც, როგორც წესი, დისტანციური სწავლება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით იაფი ჯდება.

დისტანციური ონლაინკურსები თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სწავლის ამ მეთოდს ცნობილი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები გთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს კურსები: თუ გსურთ მოემზადოთ ACCA-ს რომელიმე კვალიფიკაციისთვის ან ცოდნა გაიღრმაოთ მენეჯმენტის სფეროში, ამისთვის ACCADEMY.COM-ს უნდა მიმართოთ.

DISTANCE DELTA-ს პროგრამა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვისაა, იგი საერთაშორისო სახლისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. პროგრამა სპეციალისტებს ამზადებს DELTA-ს (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი კემბრიჯის დიპლომი) გამოცდისთვის.

FATHOM ონლაინსწავლების ცენტრია, რომელსაც უძღვება ბრიტანეთი/აშშ-ის უნივერსიტეტების კონსორციუმი. აქ ტარდება კურსები და სემინარები სხვადასხვა თემებსა და საკითხებზე.

I LEARN.TO – ბრიტანეთში არსებული ონლაინტრენინგ კომპანიაა, რომელსაც ელექტრონული სწავლების ბაზრის მიმართ ახლებური მიდგომა აქვს; ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ძირითადი კომპიუტერული ცოდნა, მაღალი დონის IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები), მენეჯმენტი, მოლაპარაკებები და კომუნიკაციები.

LEARN DIRECT ბრიტანული სამთავრობო ვებგვერდია. იგი მსურველებს სხვადასხვა ონლაინკურსს სთავაზობს.

NATIONAL EXTENSION COLLEGE ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, A-Levels და პროფესიულ კურსებს.

OPEN LEARNING CENTRE INTERNATIONAL პიროვნულ განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებით მოსახერხებელ ტრენინგსა და კურსების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

OPEN LEARNING ACADEMY მოიცავს ტრადიციულ დისტანციური სწავლების მასალებსა და უნიკალურ საერთაშორისო ინდივიდუალური სწავლების სისტემას. ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, AS და A- Levels კურსებს.

OXFORD OPEN LEARNING გთავაზობთ GCSE-ს, A-Levels და პროფესიულ სასწავლო კურსებს. მასში გაერთიანებულია GCSE და A-Levels-ის საგანთა უმრავლესობა.

TRACE ONLINE – ეს არის კურსები შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში. გაერთიანებულია: ელექტრონული წერა, ვებგვერდის დიზაინი, საბავშვო მწერლობა, ვორქშოფები შემოქმედებით წერაში, ნოველის წერა, მონახაზის გაკეთება, სტატიის წერა. კურსი გათვლილია მწერალთა გამოცდილების ასამაღლებლად და გასავარჯიშებლად.

BEGINNERS' TUTORIALS (უფასო) – აქ არის ასობით უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამა.

LEARN DIRECT FOR BUSINESS (უფასო) – დამწყებთათვის განკუთვნილი კურსებია ICT-ში, ბიზნესმენეჯმენტსა და ზოგად უნარ-ჩვევებში; აქვე შედის გამოცანები და თამაშები. ეს არის დაწყებითი დონე, რომელიც გამოადგებათ როგორც არაინგლისურენოვან მსურველებს, ასევე მათ, ვისაც ფორმალური სწავლის შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ.

NUTROCKER (უფასო) – ეს არის კომპიუტერული პროგრამებისა და პროგრამირების უფასო ონლაინკურსები.

ONLINE WEB PRACTICALS (უფასო) – ორგანიზებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილების მიერ. აქ გაერთიანებულია კომპიუტერული სამომხმარებლო პროგრამები, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) და ქიმია. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის, რომელთაც სამეცნიერო გზა აქვთ არჩეული.

WRITERS BUREAU (უფასო) სთავაზობს სასწავლო კურსებს შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში, ჟურნალისტიკასა და პოეზიაში.

დისტანციურ ონლაინკურსებს გთავაზობთ კოლუმბიის უნივერსიტეტი (www.cvn.columbia.edu/); BBC (www.bbctraining.com/); ჰარვარდის უნივერსიტეტი (www.extension.harvard.edu/DistanceEd/); მისურის უნივერსიტეტი (www.cdis.missouri.edu/); თქვენთვის სასურველ უფასო კურსებს ადვილად იპოვით www.coursera.org-სა და www.edx.org/-ზე.

Coursera და EDX ალბათ ყველაზე ცნობილია ონლაინკურსებს შორის. Coursera სტუდენტებს რამდენიმე ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის – ბერკლის, ბრაუნის, კოლუმბიის, ჰონგკონგის, ოჰაიოს, ბრიტანული კოლუმბიის, კალიფორნიის, ფლორიდის, ლონდონის, მერილენდის, მელბურნის, პიტსბურგის, ვანდერბილტის, უესლეიანის, დიუკის, ჯონ ჰოპკინსის, პრინსტონის, სტენფორდის, ჯორჯიის, ედინბურგის, მიჩიგანის, ტორონტოს, ვირჯინიის, ვაშინგტონის, პენსილვანიის – კურსებს სთავაზობს. სულ საიტზე 196 კურსია, მათ შორის – კომპიუტერულ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, განათლებაში, ინჟინერიაში, ჯანდაცვაში, მათემატიკასა და ბიზნესმენეჯმენტში. EDX-ზე კი ჰარვარდის, ბერკლისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების კურსების გავლაა შესაძლებელი.

ფრანგულ ენაზე სამაგისტრო პროგრამების დისტანციურ სწავლებას სთავაზობს მსურველებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო. მის მიერ შეთავაზებული დისტანციური სწავლება სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებს მოიცავს: სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, ინფორმატიკა, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მულტიმედია, მედიცინა და მეცნიერების ისტორია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატის დოსიეს მიხედვით, ზოგიერთ სამაგისტრო პროგრამას ნაწილობრივ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აფინანსებს, ხოლო მათთვის, ვინც დაფინანსებას ვერ მოიპოვებს, შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს, სწავლების საფასური კი უნივერსიტეტსა და სპეციალობაზეა დამოკიდებული. სემესტრული გამოცდები ცენტრში ტარდება, ზეპირი გამოცდა კი ვიდეოკონფერენციის სისტემის საშუალებით ხორციელდება. დისტანციური სწავლებით მიღებული დიპლომი აბსოლუტურად იდენტურია უნივერსიტეტის კლასიკური დიპლომის. მსურველებმა ფორმულარი საიტზე http://www.foad.refer.org უნდა შეავსონ.

ბოლო რამდენიმე წელია დისტანციური სწავლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. სწავლების ეს მეთოდი ეხება როგორც ბაკალავრიატს, ისევე მაგისტრატურას.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები