ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულიც რომ არ იყოს, კატასტროფა არაფერია

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერები, სადაც კოალიციის წევრების საუბარია ასახული, დამონტაჟებულიც რომ არ იყოს, კატასტროფა არაფერია. ამის შესახებ ივანიშვილმა მე-9 არხზე, გადაცემაში "ხაზზეა საქართველო" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი მასალების გავრცელებით ხელისუფლება ცდილობს ციხეებში არსებული ვითარების ამსახველი კადრებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს ხალხს.

"ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, ბესო სურმავა არაფერ შუაშია და ეს ჩვეულებრივია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ და იწერენ. ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ, რომ გადაკიდოს გუნდის წევრები ერთმანეთს. თუმცა ეს ყველაფერი დამონტაჟებულია და მსგავსი პრაქტიკაში არ ყოფილა. ასეც რომ ყოფილიყო, აქ საოცარი არაფერი არ ხდება, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდეს. ამით ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის წამებები, რაც ჩვენ ვნახეთ და რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩაგდო. ამ დანაშაულებრივი ინფორმაციის გადაფარვა უნდათ ნებისმიერი ინფორმაციით. ყველაფერი მათივე დამონტაჟებულია, ჩვენ გვაქვს მეგობრული გუნდი.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, ბესო სურმავა ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მეგობრობდა, როგორც დაცვის დანარჩენ წევრებთან. მისივე თქმით, იგი ძალიან განიცდის დაცვის წევრის ბედს, რადგან მასზე ზეგავლენას ახდენენ.

 

კომენტარები